თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს სასამართლო სისტემა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 25 დეკემბერს ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი ის იყო, რომ მურუსიძე სააკაშვილის ხელისუფლების დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო და მის მიერ გამოტანილმა არაერთმა განაჩენმა საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვია. ერთ-ერთი საქმე 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმე იყო.
„ისინი, ვინც უკანონობას ემსახურებოდნენ წარსულში, ახლა მაღალ თანამდებობებზე არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ აკეთებთ ამას. რატომ დგას დღეს საკითხი გირგვლიანის საქმის მოსამართლის საქმიანობაზე? ჩვენ შეგვიძლია ლამაზი ლანონები ვწეროთ, მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა“, — განაცხადა დოლიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრისას, დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაშიც პრობლემებია.
„ადამიანი, რომელიც ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი იყო, ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდა, რაც ასევე კითხვებს ბადებს“, — დასძინა მან.
პარტია“ თავისუფალი დემოკრატები-თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პროკურატურის მიერ აღძრული ე.წ.“კაბელების“ საქმის კვალდაკვალ დატოვა. ამას წინ უსწრებდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის წინააღმდეგობა, რაც გამოწვეული იყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის აღძვრით თავდაცვის უწყების ჩინოვნიკებთან დაკავშირებით. ალასანია იმთავითვე ეჭვობდა საკუთარი თანამშრომლების ბრალეულობაში და აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ უწოდებდა.