თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია სასამართლოს პრესტიჟისთვის.
„ეს მოსამართლეები, მათ შორის, მურუსიძეც, უკვე არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეები და მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია სასამართლოს პრესტიჟის განმტკიცებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებრივ რეზონანსსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, ეს მათი პოზიციაა“, — უთხრა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ლევან მურუსიძემ 10-ის მხარდაჭერა მოიპოვა და ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან მურუსიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა გადახედვას მოითხოვს.
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც ლევან მურუსიძემ თავის დროზე განაჩენი გამოიტანა, 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეა, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ. შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც გირგვლიანის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი, მურუსიძემ 7-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა შეუფარდა.