მარგველაშვილს პარლამენტში ელიან

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ მიმომხილველი საუბრობს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მმართველ პარტიასთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რთულ ურთიერთობებზე და იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი მომავალი გამოსვლა პარლამენტში.

ალექსანდრე გელოვანი

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში თვის, შესაძლოა, წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა გახდება. ხოლო მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა — ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ჩატარდება, რომელიც მმართველი პარტიისთვის სერიოზულ გამოცდად შეიძლება იქცეს.

უფლებამოსილების თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხანია უკვე ფორმალურ ფიგურად იქცა, იმაზე უფრო ფორმალურად, ვიდრე მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომელიც მეფობს, მაგრამ არ მართავს. ორი წლის განმავლობაში ის კრიტიკის ობიექტია – საბაბით და უსაბაბოდ. თანაც, პრეზიდენტი ოპოზიციის კრიტიკის საგანი რომ ყოფილიყო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რადგან, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მმართველი პარტიიდან არჩეული სახელმწიფოს მეთაური აკრიტიკოს. მაგრამ საქართველოში ყველაფერი სხვაგვარად არის. პრეზიდენტის ყველაზე მთავარი და დაუნდობელი კრიტიკოსები მისი ყოფილი თანაპარტიელები არიან, რომლებიც ამავე დროს ხელისუფლებაში არიან. ანუ, ფორმალურად ხელისუფლების ერთი ნაწილი მეორეს დიდი ენთუზიაზმით აკრიტიკებს.

რიყის პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
IRI-ს გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის ძირითადი პრობლემები

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინვე არჩევის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებაზე უარი განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა თავის პროტეჟეს გიორგი მარგველაშვილს გადასვლა შესთავაზა აშშ-ის ყოფილი საელჩოს რეკონსტრუირებულ შენობაში, მაგრამ ახალგამომცხვარი პრეზიდენტი გაჯიუტდა და გადასვლაზე კატეგორიული უარი თქვა.

შემდეგ კი დაიწყო დაპირისპირება ივანიშვილის სხვა პროტეჟესთან — ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელმაც ივანიშვილი პრემიერის პოსტზე შეცვალა. ბავშვური ისტორიაა, თუ ერთი წუთით დაგვავიწყდება, რომ მასში სახელმწიფოს პირველი პირები მონაწილეობდნენ. უცხოელ პარტნიორებში გაოცებას იწვევდა კამათი თემაზე – ვინ წავა ნიუ-იორკში კლიმატის საკითხებზე გაეროს კონფერენციაზე, ან ვინ უნდა უხელმძღვანელოს უშიშროების საბჭოს. პრემიერის მიერ "პარალელური უშიშროების საბჭოს" შექმნა საერთოდ ყველანაირ ფარგლებს გასცდა. კონფლიქტი პირადულ დონეზე გადავიდა და ამის შემდეგ გასაგები გახდა, რომ მისი მოგვარება შეუძლებელია. უფრო მეტიც, პრეზიდენტის მიმართ განცხადებები უკვე ზრდილობის ნორმებსაც კი სცდებოდა.

გიორგი მარგველაშვილი დიპლომატებს შეხვდა - Sputnik საქართველო
„კონსტიტუცია ყველასია“ : მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

სიტუაცია ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ შეიცვალა, რომელმაც პრეზიდენტთან ურთიერთობების მოგვარება შეძლო. თუმცა მოქმედ ხელისუფლებასთან პრეზიდენტის უთანხმოება არ მოგვარებულა. პირიქით, კონფლიქტის მონაწილეთა წრე გაფართოვდა, პრეზიდენტს საბაბით თუ უსაბაბოდ კბენდნენ როგორც მინისტრები, ისე რიგითი დეპუტატები. თუმცა არც თავად პრეზიდენტი რჩებოდა ვალში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რა დროსაც მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, დაპირისპირების ფორმატი შეიცვალა. თავდაპირველად გასაგები იყო, რომ კონსტიტუციის მთავარ ცვლილებებს შორის აუცილებლად იქნებოდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება. მმართველი პარტია თავის ძალებში ზედმეტადაც კი არის დარწმუნებული, მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება მმართველი პარტიის რეიტინგი 2018 წლისთვის – საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი 26%-მდე შემცირდა, პრეზიდენტის რეიტინგი კი, პირიქით, 67%-მდე ავიდა და ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რატომ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებისა.

ვარაუდობდნენ, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება და პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის პუნქტი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში 2018 წლამდე უნდა გაჩნდეს. და ის გაჩნდება, მაგრამ, სავარაუდოდ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს ახალი მექანიზმი არ გავრცელდება. იმიტომ რომ გიორგი მარგველაშვილი აქტიური პოლიტიკური მოთამაშე გახდა.

აქ საუბარია არა მარტო პრეზიდენტის ცალკეულ განცხადებებზე, როდესაც მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღაზე ის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს. არც იმაზე, რომ პარლამენტის თითოეულ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი აკურატულად ვეტოს ადებს, რომელიც ამდენჯერვე აკურატულად დაძლია პარლამენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის სათავეშია

პრეზიდენტი "წმინდათა წმინდას" შეეხო, როდესაც "რუსთავი 2"-ს დაუჭირა მხარი მის კონფლიქტში ხელისუფლებასთან ტელეკომპანიის ყოფილი და ახლანდელი მფლობელების სასამართლო დავის გამო. პირველი ლედი "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზეც კი გამოჩნდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ტელეკომპანიის მისი ყოფილი მფლობელებისთვის გადაცემის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა, გიორგი მარგველაშვილი ამ კონფლიქტში მორალურად გამარჯვებულების ბანაკში აღმოჩნდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა საკუთარ ფორმატში წამოიწყო და ამისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ფართო საზოგადოება მოიწვია.

პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების უკვე 2018 წელს გაუქმების შემთხვევაში მარგველაშვილს საპასუხო სვლის გაკეთება შეეძლო: გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ძველი წესით გაიმართებოდა, ანუ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეოდა. ვინ მოიგებს ამ შემთხვევაში, რთული სათქმელია, მაგრამ ის, რომ მარგველაშვილს ხელმეორედ არჩევის შანსი ნამდვილად აქვს, ეს ეჭვს არ იწვევს. ამ შემთხვევაში სავარაუდოა საკონსტიტუციო კრიზისი და პარლამენტის დათხოვნა. ანუ ის სისტემა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ შეიქმნა, სადაც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და არაფერი არ ემუქრება, სერიოზული დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.

აი, ასეთ ფონზე მარგველაშვილი არა უბრალოდ პარლამენტში გამოდის, არამედ დებატებსაც ატარებს. თანაც იმაში, რომ ეს დებატები სწორედ მმართველ პარტიასთან გაიმართება, არავის ეჭვი არ ეპარება.

აქცია არა ჩადებას - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა

შეიძლება ამ პარასკევს ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციის მოწმენი გავხდეთ, რომელსაც მმართველი პარტიის კონკურენტის პრეტენზია ექნება. ამ ძალის პასივში არის: მკაფიო პოლიტიკური იდეოლოგიის არარსებობა, გარდა ბუნდოვანი პროდასავლურობისა და პროევროპულობის, და სერიოზული რესურსების არარსებობა, უპირველეს ყოვლისა ფინანსურის. ისეთი რესურსების, რომლებიც მას "ოცნებასთან" კონკურენციის საშუალებას მისცემდა, რომელიც ეყრდნობა როგორც ადმინისტრაციულ, ისე თავისი შემქმნელის ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს. მარგველაშვილის აქტივში კი თამამად შეგვიძლია ჩავწეროთ ის გარემოება, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური ძალა, 2016 წლის შემდეგ დემორალიზებული და განცალკევებული, სავარაუდოდ, პრეზიდენტისკენ გადაიხრება. პრეზიდენტი შეიძლება ის ფიგურა გახდეს, რომელიც თავის ირგვლივ ოპოზიციურ ძალებს გააერთიანებს.

ამ დროს ხელისუფლება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სახით ძალიან მშვიდად და გონიერად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი ხმაურიანი წარმომადგენელი ტელეეკრანებიდან პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის ბოიკოტირების მოწოდებით გამოვიდა, მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით მზად არის მოუსმინოს პრეზიდენტს და დებატებშიც კი მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, გასულ დღეებში, ვიზალიბერალიზაციის ზეიმის ტალღაზე ხელისუფლებამ პრეზიდენტთან დაპირისპირების გრადუსის დაწევა და საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომის ერთობლივი ჩატარებაც კი შეძლო. მარგველაშვილის საპასუხო ნაბიჯს უკვე ხვალ ვიხილავთ.

კიდევ ერთი მომენტი: პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები საპარლამენტო ოპოზიციისთვის ნამდვილი ტესტი იქნება. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის მხარეზე არდადგომა ნიშნავს ხელისუფლების მხარეს თამაშს, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ მარგველაშვილის მიმართ ნაციონალებს, "ევროპელებს" თუ "პატრიოტებს". ასე რომ, პარასკევი პარლმენტში, მინიმუმ, საინტერესო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0