თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა — ეს ის პრობლემებია, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშეც თვალსაჩინოა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან, იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა, ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ, მიაჩნია პრეზიდენტს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე მოგვარდეს მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, რაც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას.
"არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია. ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა, აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა, რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება და, მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია“, — განაცხადა პრეზიდენტმა
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, აუცილებელია მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინება, აღნიშნა მან.
"ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას. მეტიც — უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად. და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.
მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კერძო არბიტრაჟი უნდა ამუშავდეს, როგორც ბიზნეს-დავების განხილვის ეფექტური და ალტერნატიული საშუალება. კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
პარალელურად აღსანიშნავია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა.
"თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება. ამ პირობებში მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება“, — მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა — "აწარმოე საქართველოში", "სტარტაპ საქართველო", "დანერგე მომავალი" და სხვა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
"ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება ამ სტრატეგიას უფრო ეფექტურს გახდიდა", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.