რა იმალებოდა საქართველოს პრეზიდენტის მშვიდი ტონის უკან

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ მიმომხილველმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა შეაჯამა

ალექსანდრე გელოვანი

კვირის მთავარმა პოლიტიკურმა შოუმ წარატებით ჩაიარა: პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგა, დეპუტატებიც გამოვიდნენ სიტყვით და უპასუხეს პრეზიდენტს, მთავრობას და კონკურენტ ფრაქციებს.  

პრეზიდენტმა მოხსენების დაწყებისთანავე პირველი განცხადება გააკეთა.

 „გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ განვაცხადე, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად, იძლევა შესაძლებლობას თამამი რეფორმებისა და ინიციატივების განსახორციელებლად. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი“, — ასე უკომპრომისოდ და გაბედულად დაიწყო თავისი გამოსვლა გიორგი მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი - არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოსდა, ცოტაც და ისხელისუფლებისგან ქვას ქვაზე არ დატოვებდა. მაგრამ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის გუნდი, რომელიც მოხსენებას ამზადებდა, დროულად მიხვდა, რომ ბოლო-ბოლო სიტყვით პრეზიდენტი გამოდის, და არა ოპოზიციის ლიდერი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. და ამიტომაც მთავრობის პოლიტიკის შემდგომი შეფასებები პრეზიდენტის მხრიდან იყო დაუნდობელი, მაგრამ არა ემოციური — რაც, ზოგადად, მშვიდი და შემრიგებლური ტონის შთაბეჭდილებასაც კი ქმნიდა.

თუმცა, ეს მხოლოდ შთაბეჭდილება იყო. რეალურად პრეზიდენტმა ამცნო ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფება და ამ კრიზისში სწორედ რომ მოქმედი ხელისუფლება არის დამნაშავე.

თავად განსაჯეთ, ხელისუფლების მიღწევებზე საუბრის დროსაც კი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მიღწევები ჯერჯერობით მხოლოდ ციფრებში და ქაღალდზე არსებობს. უბრალო ადამიანის მაცივარში არსებულ მარაგზე კი ამ მიღწევებმა ვერანაირად ვერ იმოქმედა. ის, რომ ლარი გამყარდა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მოდით ინფლაციის ტემპებს შევხედოთ. და ასე პრაქტიკულად ყველაფერში. 

პრეზიდენტმა შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა კრიზისშია. ის სასამართლო სისტემა, რომლის ზეწოლისგან გათავისუფლებით ასე ამაყობს ამჟამინდელი ხელისუფლება. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი
 

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით იგივე სურათი იყო. და საერთოდ კი, ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია „მოსმენების კანონს“ უწოდებს, მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აპირებს მიმართოს. თანაც, არა პრეზიდენტის სტატუსით, არამედ „საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით. ეს რას ნიშნავს — მასებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ მაინც.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შექმნის შესახებ განაცხადა — ევროკავშირის აპლიკანტი-ქვეყანა გავხვდეთ და ყველაფერი ქართული შევიძინოთო.

როდესაც მარგველაშვილი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა, ის საუბრობდა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც წინადადებებს აყენებდა, ოპოზიციური პოლიტიკოსივით მოქმედებდა. და მარგველაშვილი-პოლიტიკოსის მთავარი თემები ადვილად პროგნოზირებადი იყო. ზოგადად, პრეზიდენტის გამოსვლას არ დაუტოვებია კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ის და ხელისუფლების დანარჩენი შტოები, სწორედ რომ პოლიტიკურ ოპონენტებს წარმოადგენენ.

თემა ნომერ ერთი — საკონსტიტუციო ცვლილებები, კერძოდ, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა. სიტყვით გამოსვლის წინ მარგველაშვილმა საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. ასე რომ, ხალხის სახელით საუბარი პრეზიდენტს უკვე ტრიბუნიდან შეეძლო და იმ ადამიანების სახელით, რომლებსაც შეხვდა. ვისაც ის შეხვდა, გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასაც, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების, ანუ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის იდეა არ მოსწონს. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას - Sputnik საქართველო
პრემიერი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და ობიექტური

და საქმე იმაში არ არის, რა ფუნქციები აკისრია სახელმწიფოს მეთაურს — ნებისმიერი მსგავსი სიახლე მოქალაქეებზე ცუდად მოქმედებს. ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც მათ რაღაცას ართმევენ, უმნიშვნელო რამესაც კი. აქ კი პრეზიდენტის არჩევაზეა საუბარი! ასე რომ მარგველაშვილს დამშვიდებული გულით შეეძლო ეთქვა — ხალხი წინააღმდეგია, და თქვა კიდეც ეს. დამატებით კი ქუთაისში პარლამენტის დატოვების ინიციატივა გააჟღერა, რაც, რა თქმა უნდა, მას ქუთაისელებმა დააბარეს.

ასე რომ Vox populi — vox Dei, და მმართველი პარტიის დეპუტატ ზაზა გაბუნიას არგუმენტი, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაში კონსტიტუციონალისტების ორი თაობა მუშაობს, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა საეჭვოა რომ მიიღოს. 

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებიც მალე მოვა, შემოდგომაზე. ამას კი პრეზიდენტის მიერ წამოწეული ყველაზე საინტერესო თემა უკავშირდება. პრეზიდენტმა ერთ წინადადებაში, თითქოსდა შეუმჩნევლად, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ იმისათვის, რომ მმართველ პარტიას ღირსეული კონკურენცია გაუწიონ. თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როდესაც ამაზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი საუბრობს, მსგავს მოწოდებაში უნებლიედ ფარული აზრის ძებნას იწყებ. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე
საქართველოს პარლამენტის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის წევრები პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე

და, როგორც იქნა, თავისუფალი მედიის თემა. პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ის სკანდალური თემის პირდაპირ ხსენებას თავი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მას არ გახსენებია. ხელისუფლების მისამართით თავისი ბრალდებები პრეზიდენტმა საკმაოდ ელეგანტურად ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობას იმედი აქვს, რომ მედიასთან დაკავშირებული ის დამანგრეველი პროცესები მალე დასრულდება. და ამ სიტყვებით ყველაფერი ითქვა: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროცესი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების წინადადებები, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, და, შესაძლოა, „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დაკავების საქმეც. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ნებისმიერი საფრთხის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერაც კი აღუთქვა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი – მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ

გასაკვირი არ არის, რომ მოკლე თათბირის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დებატების დაწყებამდე სატელევიზიო ინტერვიუებში პრეზიდენტს მიაწერეს არასაკმარისი სიღრმე, არაობიექტურობა, და, საერთოდ, მოუმზადებლობა. საერთო აზრი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა, რომელმაც განაცხადა: „ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელ რიგ მიმართულებებში, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, არამხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი მეგობრების აზრით, შესანიშნავი პროგრესია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“. და მმართველი კოალიციის მხრიდან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე კორექტული შეფასება.

საინტერესო იყო პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების რეაქციები. პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მჭიდრო მხარდაჭერა გამოხატეს ყოფილმა „ნაციონალებმა“ „ევროპული საქართველოდან“ და მას მოქმედებისკენ მოუწოდეს. „ნაციონალები“, რომლებიც „ნაციონალებად“ დარჩნენ, თავისი მხარდაჭერის გამოხატვისას ასეთი ემოციურები არ ყოფილან და თავს უფლება მისცეს პრეზიდენტის მიმართ გარკვეული კრიტიკაც გამოეთქვათ იმის გამო, რომ მარგველაშვილს არაფორმალური მმართველობა არ უხსენებია. თუმცა, მოწოდებები მათშიც ისმოდა. „პატრიოტები“ იმ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლნენ, რომ პრეზიდენტი, ზოგადად, მართალია. დებატების ბოლოს ეს თეზისი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააჟღერა.

საერთოდ კი, როგორც ვარაუდობდნენ, მოსაწყენი ნამდვილად არ იყო. და, როგორც ჩანს, მომავალშიც არ იქნება.

ავტორის აზრი რედაქციის პოზიციას შეიძლება არ ემთხვეოდეს

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0