თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიული გარემოში გამართვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ჯგუფების შექმნის ბრძანება გამოსცა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომელიც საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ჩატარდება. მოსახლეობამ 64 საკრებულოს 2 ათას 58 დეპუტატი და ასევე 64 ქალაქისა და რაიონის მერი უნდა აირჩიოს.
შს მინისტრის ბრძანების თანახმად, კანონის დარღვევის პრევენციის მიზნით, ასევე მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფები.
დღეიდან არჩევნების გამართვის დღემდე სპეცჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ წინასაარჩევნო აგიტაციის უსაფრთხო პროცესი.
არჩევნებში 24 პარტია და 5 ბლოკი მონაწილეობს, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში არჩევნებში მონაწილეობას 15 დამოუკიდებელი კანდიდატი გეგმავს.