შეხვედრა არაო!... ანუ გადაწყვეტილება მიღებულია?!...

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანი ბუკიკიო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს... სტრასბურგში, 6 სექტემბერს ჩვენებურებს აღარ ელოდება... ვენეციის კომისიის საბოლოო ვერდიქტი ერთ თვეში გახდება ცნობილი...

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თავს აღარ შეგაწყენთ… მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდა, შეხვედრა შედგა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო უშედეგოდ დასრულდა… შემდეგ კი ოპონენტებმა ერთმანეთს ეპისტოლარულ ჟანრში მიმართეს. არაფერი გამოვიდა. იყო მოლოდინი, რომ სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს უშუალო მონაწილეობით, კვანძი გაიხსნებოდა, მხარეები შეთანხმდებოდნენ და როგორმე ყველას "საშველი დაგვადგებოდა"… დათქმულ თარიღზე რამდენიმე დღით საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გაავრცელა…

„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ…

საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით…

რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას", — ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
„ცეცხლოვანი აგვისტო“ და სველი ზეწრის ამბავი...

სხვისი არ ვიცი, მე კი ასეთი დასასრულის მოლოდინი მქონდა. შეუძლებელია კონსენსუსი იქ, სადაც პროცესის ყველა მონაწილე მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს…

პარლამენტის თავმჯდომარემ დააზუსტა, რომ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან ისე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის.

ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა. პასუხის მიუღებულობის შემდეგ შეუძლებელი გახდა დისკუსიის კვლავ წარმოება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის…. სამწუხაროდ კონსენსუსის არმიღწევა როგორც ჩანს, იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ვენეციის კომისიამ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე. ეგონათ, რომ ისინი მოგებულები დარჩებოდნენ, თუმცა მოგებულია ქართველი ხალხი, რომელმაც დახვეწილი კონსტიტუცია მიიღო…"

გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა…

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
მიმოფანტული „მარგალიტები“ და მუდმივი რეფორმის კვალი...

გიორგი აბაშიშვილი: „გასული წლის ნოემბერში ვამბობდით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსენსუსის გარეშე იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ასეთი ტიპის კონსტიტუციას ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ჩვენ ახლაც მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში… განეწყოს კონსენსუსისთვის, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. ფართო კონსენსუსის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას ექნება სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა…"

ამასობაში კი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ოფიციალური განცხადება ავრცელდა…

„ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის გამოცხადებული გადასვლა პარლამენტის წევრების სრულად პროპორციული სისტემით არჩევაზე… ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობასა და ნაკისრ ვალდებულებას არ მიეღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა.

შესაბამისად, პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება და აგრეთვე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს.

2017 წლის 6 სექტემბრის შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართულ მხარეს ეკისრება შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარება და ვენეციის კომისიის ჩარევა ამ პროცესში საჭირო არ არის.

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
როცა „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“… ანუ ქალაქის თავის ძიებაში...

ჩვენ მოკლე ვადაში საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის პროექტის მიღებას მოველით და ერთ თვეში ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამთ ამასთან დაკავშირებით (6-7 ოქტომბერს პლენარული სესიის ფარგლებში). იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით"

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მთავარი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს არსებული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო დემოკრატიაში ტრანსფორმირებას…

ასეთი ბოლო სიახლეები… რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო სავარაუდოდ ერთი წლის თავზე დასრულდება… მისი მიმდინარეობა და შედეგი კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკური პარტიების, ანალიტიკოსების, პოლიტოლოგების და კონსტიტუციონალისტების მწვავე დებატების მთავარი თემა…

მანამდე კი, როგორც ხატოვნად იტყვიან ხოლმე — „გადაწყვეტილება მიღებულია და ის აღარ ექვემდებარება კასაციას"… თუმცა, ვინ იცის, ნუ ვიჩქარებთ… საშემოდგომო სესია უკვე კარს მოგვადგა, დაველოდოთ და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენში „ყველაფერი მოსულა"…

ყველა ახალი ამბავი
0