„ცეცხლოვანი აგვისტო“ და სველი ზეწრის ამბავი...

© courtesy of Giorgi Kvirikashviliხანძარი ბორჯომის ტყეში
ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა არის გახშირებული ხანძრების მიზეზი... რატომ გაეხვია ქვეყანა კვამლში?... მაღალი ტემპერატურა, დაუდევრობა თუ დივერსია... რას ამბობს ქვეყნის პირველი პოლიციელი?...

ჩემო ერთგულო მკითხველო, მიილია ზაფხული და რაღა დაგიმალო უკან მოხედვის მეშინია… ვიცი, უსათუოდ ჩამეკითხები ასე რამ დამაფრთხო, რომ ამის ხმამაღლა თქმას არ ვერიდები… მიზეზი ბევრია, თუმცა ყველას არ ჩამოვთვლი, არ მინდა პირადი განცდებით დაგღალო. ერთს კი ვიტყვი, მეხუთე ათეულს გადავაბიჯე და ის, რაც ბოლო ერთ თვეში ვნახე, ამ რაოდენობით, ადრე არასოდეს მინახავს… ბავშვობიდან მესმოდა, რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა, ასანთის გაკვრას უნდა მოვრიდებოდი. კარგად მახსოვს შენობებზე გაკრული შესაბამისი ბანერები, რომლებიც უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც ავად თუ კარგად მუშაობდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფრთოსანი ფრაზა „ქვეყანას ცეცხლი უკიდია“ ოდესმე ზუსტად და პირდაპირი მნიშვნელობით ასახავდა რეალობას. როცა ხანძარმა ერთ დღეში და თანაც ერთდროულად რამდენიმე ადგილზე იფეთქა, პანიკისგან სველ ზეწარში გავეხვიე და ისე დავიძინე… ეს ისე ხუმრობით… ალმოკიდებული კერების ჩამონათვალი ძალზე ვრცელია, ბოლო ერთ თვეში სტიქიის ზონად იქცა ქვეყნის რამდენიმე ქალაქი და რაიონი…

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ათობით მეხანძრე და სპეცტექნიკა მონაწილეობდა - Sputnik საქართველო
ხანძარი მთაწმინდის ტყეში

აგვისტოს თვეში მეხანძრე-მაშველების მობილიზება გახდა საჭირო მესტიაში, რაჭაში, ჟინვალში, ლაგოდეხში, დუშეთში, ბორჯომსა და აბასთუმანში…  რამდენიმედღიანი ინტერვალით ხანძარმა მოიცვა დედაქალაქის რამდენიმე წერტილიც. ხანძრის მასშტაბები განსხვავებული იყო, თუმცა დაიწვა ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი და განადგურდა მწვანე საფარი… თვალი გადავავლოთ ხანძართან ბრძოლის ბოლო ერთი თვის ქრონიკას. 8 აგვისტოს მთაწმინდაზე ორი ჰექტარი მთის ფერდობი დაიწვა, სამოცდაათამდე მეხანძრე ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა.

11 აგვისტოს ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ეკიდა ბალახს. დაიწვა ერთი ჰექტარი ფართობი, ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

12 აგვისტოს, კი ხანძრის შედეგ გარდაბნის დაცული ტერიტორიის ხუთასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ცეცხლი მეხანძრე-მაშველების ორმა ჯგუფმა ჩააქრო.

13 აგვსტოს ხანძარი მესტიის მიმდებარე ტერიორიაზე გაჩნდა. დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და ტყის ქვედა საფარი, სულ ორი ჰექტარი მიწის ფართობი. სამაშველო სამსახური ხანძარს ხუთი საათის განმავლობაში აქრობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენებაც გახდა საჭირო.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ხანძარი: ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ცეცხლის ჩაქრობა ჭირს

20 აგვისტოს კი „ცეცხლოვანმა სტიქიამ“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეუტია. დედაქალაქში, ლისის ტბის მიმდებარედ, ცეცხლი ათას ხუთას კვადრატულ მეტრზე მწვანე ნარგავებს მოეკიდა. ხანძარი ოცდახუთამდე მეხანძრე-მაშველმა ჩააქრო. ამავე დღეს ხანძარი გაჩნდა დაბა სურამში. აქ ტყის მასივის ქვედა საფარის დაახლოებით სამი ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მახლობლად, ტყის მასივში დაიწვა დაახლოებით ჰექტარნახევარ ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი მუშაობდა…

და ბოლოს 20 აგვისტოს დაიწყო საქართველოში ყველაზე მასშტაბური ხანძარი, რომელსაც მძიმე ტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით რამდენიმე დღის მანძილზე ებრძოდა მეხანძრე-მაშველთა ე.წ ინტერნაციონალური ჯგუფი. ბოლო ინფორმაციით თხუთმეტ ჰექტრზე მეტია დამწვარი.

22 აგვისტო — ატენის ხეობაში ცეცხლი თითქმის ორჰექტარნახევარ ფართობზე გავრცელდა. მეხანძრეებთან ერად სამაშველო ოპერაციებში შეიარაღებული ძალების წარმოიმადგენლები მონაწილეობდნენ. ჟინვალში ცეცხლი ერთ ჰექტარ ფართობზე გავრცელდა და ბალახს მოედო. ლაგოდეხში ხანძრის შედეგად ნახევარი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში… ამავე დღეს გლდანის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების მიმდებარე ხევზე ცეცხლმა ნახევარი ჰექტარის ფართობი მოიცვა. დაიწვა გამხმარი ბალახი…

29 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ და დაბა აბასთუმანში…

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბიოლოგი: ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას 80-100 წელი სჭირდება

ალმოკიდებულ გარემოსთან ბრძოლა თითქმის ერთი თვეა ყოველდღიურ გამოწვევად იქცა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის… ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან.

რა არის გახშირებული ხანძრის მიზეზი?… გამოძიება დაწყებულია და სანამ კონკრეტული შედეგი გახდება ცნობილი, საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები განიხილება, მათ შორის  დივერსია, რასაც არ გამორიცხავს ქვეყნის პირველი პოლიციელი…

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი: „თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს… მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ…“

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, სპეციალისტების მოსაზრებით, ტყეებში გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილება და  ხეების მასობრივი ხმობის პროცესია, რაც სასწრაფო ჩარევას ითხოვს.

ტყის ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავს

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე: „ტყეებში არსებობს ხანძარსაშიში ზონები, მათ შორის ჭრაგავლილი ტერიტორია, ნახანძრალი ადგილები და წიწვოვანი ხეების ზონა. თბილისის გარშემო წიწვოვანი ხეები, ბოლო დროს მასიურად ხმება დაავადების გამო. ეს ხეები უნდა გამოიხშიროს. გარდა ამისა, ლიცენზირებული ჭრის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულოა მოჭრილი ხის ტოტების გამოტანაც, ამ პირობას წარმატებით არღვევენ, მხოლოდ ხეები გამოაქვთ, ტოტები რჩება, ხმება და ხანძარსაშიშ პირობებს ქმნის. აუცილებელია სპეციალური ღონისძიებები გამხმარი ტოტებისა და ნარჩენებისგან ტყის გასაწმენდად…“

მიმდინარე წლის ზაფხულში, გასულ ზაფხულთან შედარებით, ტემპერატურის რადიკალური სხვაობა არ არის. მაგრამ მეტია უნალექო ამინდების ხანგრძლივობა.  გვალვამ ტყეში მცენარეული საფარის სწრაფი ხმობა გამოიწვია. ეკოლოგების ინფორმაციით ხანძრის პირველი კერები სწორედ ასეთ  ტერიტორიაზე,  ადამიანის ჩარევის გარეშეც შეიძლება, გაჩნდეს. ბუნების დამცველები იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობენ, რაც ასეთ ბუნებრივ პირობებში უნდა გატარებულიყო და მთავრობას სისტემური ხარვეზისკენ მიუთითებენ. ჯერ კიდევ 2013 წლიდან არის მზად ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობის დამტკიცებას ელოდება. სტრატეგიული დოკუმენტი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფის შექმნასაც ითვალისწინებს…

ტყის ხანძრის ქრობა ვერტმფრენით - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაცია

კიდევ ერთი საკითხი კრიზისულ ვითარებაში შესაბამის უწყებათა მოქმედებას და ზოგადად პრობლემათა დაძლევის მზაობას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლაც სტიქიას მოუმზადებელი შევხვდით და ეს საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა იყოს…

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „მოუმზადებლობა, სამწუხაროდ, არ მაკვირვებს. „ბედნიერი ერი“ ვართ, ჩვენ მომავალზე ფიქრი არ გვჩვევია, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს. მოუმზადებლობა ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა. მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. ძალიან დასანანია. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი…“

მანამდე კი ვნახოთ, დაველოდოთ ამჯერად მაინც რას იტყვის გამოძიება…

 

ყველა ახალი ამბავი
0