თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც ტელეკომპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ აცნობა, ხანძარი დიდ ფართობზე არაა გავრცელებული, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, თუმცა, რთული რელიეფის გამო, მათ ცეცხლის კერასთან მისვლა უჭირთ.
"ხანძრის გავრცელების არეალი ამ ეტაპზე არ არის ჰექტარზე მეტი, თუმცა მიუვალი ადგილია. მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები, სატყეო სამმართველოც, ადგილზეა მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური და ვცდილობთ, რამენაირად შევაჩეროთ ხანძრის გავრცელების არეალი. მიუვალი ადგილია და სახანძრო მანქანებს უჭირთ ხანძრის კერასთან მისვლა", — განაცხადა გამგებელმა.