საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე, საბოლო მოსმენით მიიღო განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა ერთპარტულ დოკუმენტად მიიჩნია.
ცვლილებების პროექტი მოქმედი კონსტიტუციის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს, თანაც არსებითი ცვლილებების მქონე. ქვეყანა მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტოზე გადადის, რაც, თავისთავად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებასა და მისი უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობს. ამასთან, იზრდება პარლამენტის, მათ შორის ოპოზიციური ფრაქციების უფლებამოსილება.
ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. კონსტიტუციის პროექტის მიუღებლობამ ოპოზიციაში იდეოლოგიური მოწინააღმდეგენიც კი გააერთიანა, რომლებმაც ერთობლივი საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
დემოკრატიის ზეიმი…
ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის გახდება ისეთი სახელმწიფო სისტემის საფუძველი, რომელიც დროს გაუძლებს.
"ჩვენ მესამე მოსმენით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები. ამ დოკუმენტის საფუძველზე ყალიბდება ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს", — განაცხადა კობახიძემ.
ცვლილებების პროექტით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც კმაყოფილია. მისი თქმით, დოკუმენტი კონსენსუსის შედეგია, რადგან მის განხილვაში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
"ასეთი პროცესი თავისთავად იყო უპრეცედენტო, რადგან იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, ჩვენ პირადად მომსწრე ვართ კონსტიტუციების ისე მიღებისა, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით", — აღნიშნა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
კვირიკაშვილმა, "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას.
… თუ დიქტატურის გამოვლინება
ამასთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 20 ავტორიტეტული ოპოზიციური პარტია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის პროექტს "ერთპარტიულ დოკუმენტად" და დიქტატურის გამოვლინებად მიიჩნევენ.
"ამ კონსტიტუციას დამანგრეველი შედეგები ექნება ქვეყნისათვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ერთ მხარეს არის საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეორე მხარეს არის მხოლოდ სახელისუფლებო ძალა, რომელიც თანდათანობით ხდება მარგინალური", — განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფელბისთვის" სერგო რატიანმა.
საპარლამენტო ოპოზიციას ამ საკითხში არასაპარლამენტო ოპოზიციაც ეთანხმება.
"ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც დღეს პარლამენტში ხდება. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას უშლის ხელს", — აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ყველა არ არის წინააღმდეგი
ოპოზიციაში განახლებულ კონსტიტუციას დამცველებიც გამოუჩნდნენ. ესენი არიან "სოციალ-დემოკრატები — საქართველოს განვითარებისთვის", საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია და პოლიტიკური გაერთიანება "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
"საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება იქნება უზრუნველყოფილი", — ნათქვამია პარტიების განცხადებაში.
რა იქნება შემდეგ
იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა კანონის სახე მიიღოს, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
"პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ყველასი. კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ", — აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე.
ამ დროს მას არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლოს. თუ ეს მოხდება, საპარლამენტო უმრავლესობას მოუწევს ცვლილებების პროექტის ხელახალი განხილვა, რათა ან გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები ან ვეტო დაძლიოს.
ქვეყანაში კი წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო — ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებამდე პარლამენტს მუშაობა რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოუწევს. პარლამენტის საშემოდგომო სესია არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეწყვეტილია.
ექსპერტის თვალსაზრისი
ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.
"საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვეტოს უფლებით ისარგებლებს და საკუთარ წინააღმდეგობას გამოხატავს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, და ის მას დაძლევს. რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტს, არა მგონია, რომ ის მასობრივი საპროტესტო აქციების შეგროვებას შეძლებს", — განაცხადა ჩიტაძემ "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, პროტესტი ცვლილებების წინააღდეგ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიენებას შეძლებს.
"არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და მიტინგების ჩატარებას შეძლებენ, მაგრამ იურიდიულად მათ ძალა არ გააჩნიათ", — აღნიშნა ჩიტაძემ.
ამავე დროს ექსპერტმა აღნიშნა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება გარკვეულწილად მომავალი არჩევნების შედეგებზე აისახება.
"ეს [პარლამენტის გადაწყვეტილება], რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" არჩევნების მოსაგებად საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია", — დასასრულს აღნიშნა ჩიტაძემ.