თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პაკეტის მიღების მიზნით 26 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნით ირაკლი კობახიძემ მიმართა. რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა აუცილებელი იმ რეგულაციის გამო გახდა, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტი არჩევნებამდე (საქართველოში 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება) ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს.
„პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს პრეზიდენტის პოლიტიკური აქტია, რამდენადაც, კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თავად შეუძლია 48 საათის შემდეგ შეიკრიბოს“, — განაცხადა დოლიძემ.
მისი სიტყვებით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშრებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით მარგველაშვილის უარყოფითი დამოკიდებულება უდევს.
„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტი თანხმობის დოკუმენტს არ წარმოადგენს, მასში ბევრი უზუსტობაა, პროექტი დაჩქარებული წესით შემუშავდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები და იგი ერთპარტიული დოკუმენტია“, — განაცხადა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია იყო. ჩვენ ვითხოვდით დოკუმენტის პრეზიდენტისთვის ჩაბარებას, მაგრამ მათ გვიპასუხეს, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს პასუხი ბავშვობაა და დამატებით კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მათ უნდოდათ იურიდიულად ხელი შეეშალათ სხდომის სამშაბათისთვის ჩატარებას, მაგრამ იურიდიულად ჩვენ სრული უფლება გვაქვს, და პარლამენტი უფლებამოსილია პლენარული სხდომა 14:0ო საათზე დაიწყოს“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და საკანონმდებლო ორგანომ ორი მოსმენით დაამტკიცა. ის ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს მესამე მოსმენაზე კანონპროექტში აზრობრივ ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვს.
პროექტი ამ დრომდე დაპირისპირების საგანია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ხელისუფლებისგან მათი შენიშვნების გათვალისწინებას მოითხოვენ და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვერსიაც წარმოადგინეს.
ოპოზიციასთან კომპრომისის მიზნით, ხელისუფლებამ კონსტიტუციის ახალ პროექტში მოგვიანებით ცვლილებების შეტანის პირობა დადო.