საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2016 წლიდან მიმდინარეობდა. ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია, უახლოეს დღეებში მათი მიღება მესამე მოსმენით იგეგმება.
მიღებული ცვლილებები ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევმების შემდეგ შევა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე ვენეციის კომისიის ანგარიშს ელოდებიან.
ძირითადი შენიშვნები
ვენეციის კომისიამ ეს პროექტი დადებითად შეაფასა და მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა.
„პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადება სამწუხაროა და ეს ფაქტი კონსენსუსის მისაღწევად მთავარ შეფერხებას წარმოადგენს", — ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
ამასთან, ვენეციის კომისია მიესალმება პარტიული ბლოკების დაშვებას 2020 წლის არჩევნებზე და საარჩევნო ზღვრის 3%-მდე დაწევს, რადგან, მისი თვალსაზრისით, აღნიშნული გაანეიტრალებს პროპორციულ სისტემაზე გადავადების ნეგატიურ შედეგებს.
ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო ინიციატივას ბონუსის სისტემაზე უარის თქმას და 2024 წლიდან მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილების დანერგვას. მაგრამ ვენეციის კომისია იმედოვნებს, რომ ეს სისტემა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
ანგარიშის შეფასებები
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის ანგარიშით კმაყოფილია.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. საბოლოო დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. მინდა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას, და ჩვენ მასთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ", — განაცხადა კობახიძემ.
ამ დროს პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ კომისიის ყველა შენიშვნა, გარდა იმ შენიშვნებისა, რომლებსაც დემოკრატიისთვის მნიშვნელობა არ გააჩნიათ, გათვალისწინებული იქნება.
ამასთან, საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის პოზიციის იგნორირება მოახდინა.
„ჩვენმა მთავრობამ, უგულებელყო ვენეციის კომისიის პოზიცია, ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და უარს აცხადებს, ქართველ ხალხს ჰკითხოს პლებისციტით სადაო საკითხებზე აზრი… ვენეციის კომისიისგან არც ველოდით, რომ ისინი ჩვენს ნაცვლად იმსჯელებდნენ, რომელი სისტემა გვირჩევნია ჩვენ", — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს.
რა იქნება შემდეგ
პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უკვე მომდევნო კვირაში მიიღებენ. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ბლოკების დაშვებისა და ადგილების განაწილების ახალი სისტემის გაუქმების შესახებ ინიციატივას შემოიტანს.
თუმცა ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მათ ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს, რომელიც კონსტიტუციის ასეთი ცვლილების წინააღმდეგ გამოდის.
ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. თუ ეს მოხდება, საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების პროეტს ხელახლა უნდა დაუბრუნდეს, რომ ან გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან ვეტო დაძლიოს.
ამ დროს ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო, და მომდევნო კვირაში ჩატარებული სხდომა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ბოლო სხდომა გახდება.