კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
117 ხმით ორის წინააღმდეგ - ისტორიული თარიღი შედგა. მიუხედავად პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობისა, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია

მიუხედავად კონსტიტუციაში შეტანილი უამრავი შესწორებისა, როგორც მოდელი, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ესაა კონსტიტუციის მეხუთე ძირითადი ვერსია, რომელიც ბოლო 26 წლის განმავლობაში შეცვალა საქართველომ.

1995 წლის 26 აგვისტოს კონსტიტუცია ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის ამერიკულ მოდელს წარმოადგენდა. რუსეთსა და დასავლეთთან დაბალანსების პოლიტიკის გამო, რასაც ადგილობრივ კლანებს შორის დაპირისპირებაც ემატებოდა, მაშინ ედუარდ შევარდნაძე ააფეთქეს. დღეს ამ ისტორიის გმირები ცოცხალები აღარ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ შევარდნაძე იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც სახელმწიფოს საფუძველი კონსტიტუციაზე დაამყარა.

ტრაგიკული ბედი ერგო საქართველოს პირველ, ეროვნულ ხელისუფლებას, რომლის მოღვაწეობაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი მთავრობა. ძნელია, ამ მოვლენებზე იფიქრო და არ გაუსვა ხაზი იმ ტრაგიზმს, რაც თან სდევდა ამ სახელმწიფოსა და მისი მესვეურების ბედს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა დაგვიბარა ბუკიკიომ?

9 აპრილის ტრაგიკულ ტალღაზე მოსულმა გამსახურდიას ხელისუფლებამ ასევე ბრძოლასა და ტრაგიზმზე ააგო საკუთარი მოღვაწეობა. თუ სიმბოლურად აღდგენილ დროშასა და კონსტიტუციასაც გავითვალისწინებთ, იქნებ, სწორედ ამ თავგანწირვისაკენ სწრაფვამ და შინაგანმა ტრაგიზმმა, ასევე გარე სამყაროს მიმართ არა პრაგმატულმა, არამედ დაპირისპირებულმა მდგომარეობამ მოიტანა მძიმე ხვედრი. საქართველოს პირველ ხელისუფლებას არ ესმოდა, რომ „ბუნებას არავითარი განზრახვები არა აქვს ჩვენს მიმართ. ზრდასრულობა სწორედ იმას ნიშნავს, ეს გააცნობიერო და თავად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე“ (მერაბ მამარდაშვილი).  ეს კი მეზობლების პრაგმატული ინტერესების დაბალანსებას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებასაც ნიშნავს. 

შევარდნაძემ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა საკონსტიტუციო კომისია შექმნა და საქმიანობა არა წარსულზე დაყრდნობით, არამედ სახელმწიფოს როლის ახლებური გააზრებისა და ძლიერი საპრეზიდენტო, ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნით დაიწყო. მისი საფუძველჩაყრილი სახელმწიფო, კორუფციისა და ადამიანის უფლებების შელახვის, პოლიციური და უშიშროების წესრიგის ფონზე, მაგრამ მაინც ვითარდებოდა და ეს განვითარება ძირითადად მმართველი ზედა ფენის მხრიდან ეროვნული სიმდიდრეების დატაცებისა და ახალი ქართული ფულიანი ელიტის ჩამოყალიბების ფონზე მიმდინარებდა. 

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ცხელი პოლიტიკური შემოდგომის მოლოდინში

სააკაშვილმაც სწრაფად დაიწყო ხელისუფლების განმტკიცებაზე ფიქრი. ძნელი დასავიწყებელია, როგორც შეცვალა მან სასწრაფოდ კონსტიტუცია 2004 წლის თებერვალში და სასწრაფო წესით დახურა 4 სხვადასხვა ტელევიზიაში ღამის თოქ-შოუ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა…

ქართული ოცნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პატივისცემისა და მათი რეკომენდაციების ნაწილობრივი გათვალისწინების კუთხით ის უდავოდ ლიდერია. 2004 წელს სააკაშვილმა მორჩილი უმრავლესობით ისე დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში, ჯერ ვენეციის კომისიის დასკვნა ნათარგმნიც არ იყო, არათუ — განხილული, ხოლო 2012 წელს მან პირდაპირ რუსული მოდელი გადმოიღო და საპარლამენტო რესპუბლიკა საკუთარ სამომავლო მიზნებს მოარგო. მაშინ როლებიც კი განაწილებული იყო. დავით ბაქრაძე — პრეზიდენტად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი — პრემიერ-მინისტრად მორჩილი უმრავლესობით. მიუხედავად საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა, სააკაშვილი პერიოდულად ასუსტებდა პარლამენტს როგორც მორჩილი კადრებით დაკომპლექტებით, ასევე პარლამენტისათვის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ბიუჯეტთან დაკავშირებული კანონპროექტების ინიცირების შეზღუდვით.

საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები - არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებისადმი

2012 წლის წლის კონსტიტუცია რეალურად არც საპარლამენტო გახლდათ კლასიკური გაგებით და არც საპრეზიდენტო. ის უფრო ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებზე იყო მორგებული, მაგრამ ისტორიაში ხშირად „კაცი ბჭობს, ღმერთი კი იცინის“. თუ სააკაშვილმა ვარდებით ხელში აიღო თბილისის პარლამენტის შენობა და შევარდნაძის ჩაიც დალია, მის მიერ საპრემიეროდ გამზადებული სავარძელი ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არგუნა. ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება დღეს მიღებული კონსტიტუციაც, მაგრამ მისი ერთ-ერთი ავტორი და შესაძლოა, ხელმომწერიც (იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა კონსტიტუციის ამ ვარიანტის ხელმოწერაზე) თვლის, რომ ის დროს გაუძლებს და თაობებს მოემსახურება. 

შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 8-წლიანი ციკლის ამოწურვის შემდეგ და 2020 წელს მოიპოვებს თუ არა საშინაო და საგარეო მხარდაჭერას რომელიმე პოლიტიკური ძალა, ამას დრო გვიჩვენებს. ბონუსების გაუქმება და ბლოკების შენარჩუნება 2020 წლისათვის — ამ კანონპროექტების ინიცირების ვალდებულებას საკონსტიტუციო უმრავლესობა იღებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში. 

საარჩევნო ბანერები თბილისში - Sputnik საქართველო
„არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი მე, ყველა პარტია მე მეკუთვნის"...

დაადებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს ჯერ კიდევ ხელმოუწერელ კონსტიტუციას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ისტორიული უწოდა, რომელიც თაობებს გაუძლებს და დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებს? ახლა მთავარი კითხვა სწორედ ესაა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის გახლავთ, რომ თუკი პრეზიდენტი ვენეციის კომისიისა და უმრავლესობის შეთანხმების რეალიზების გზას აირჩევს, არსებობს შანსი, რომ მან სწორედ იმ მუხლებს დაადოს ვეტო და უმრავლესობას იმ ნორმების რეალიზება შესთავაზოს, რომლის შეცვლის ვალდებულება უმრავლესობამ აიღო, მაგრამ მის შესასრულებლად ორი ბერკეტი არსებობს — ან მუხლების ჩასმა ვეტოში და მისი გაზიარება, ან ახალი კანონპროექტების ინიცირება, რომელსაც ასევე რამდენიმე მოსმენა დასჭირდება. მოვლენების ასე ხავერდოვნად განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შანსი ნამდვილად არსებობს.

და ბოლოს — ამერიკის კონსტიტუცია 200 წლისაა და მასში სულ რამდენიმე შესწორებაა შესული. დამოუკიდებელ საქართველოს კი 1991 წლიდან დღემდე —  2017 წლამდე ანუ 26 წლის განმავლობაში მეხუთე მოდელი აქვს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მისი შეცვლაც ორპალატიანი პარლამენტით მოგვიწევს. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ის ოცნებაა, რომლის რეალიზებაც კონსტიტუციის შეცვლაზე სანუკვარია და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ გაჭირდება ამ ყბადაღებული ეროვნული კონსენსუსის მიღწევა. რა ვიცი, მე ვიოცნებე და… და კიდევ — ოცნებას კაცი არ მოუკლავს. 


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0