ცხელი პოლიტიკური შემოდგომის მოლოდინში

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი უკიდია აბასთუმნის ტყეს. ცეცხლი უკიდია ლარს, ბაზარს, პროდუქტს, ევროს, სამეგრელოში მოსავალს აზიური ფაროსანა ანადგურებს, იმერეთში კოლხურ ბზას - პეპლები და მატლის ჭუპრები. ზაფხულის ხანძარმა მიდამო გაანათა და ბევრ ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ პრობლემას მოჰფინა ნათელი.

ნამდვილად საინტერესო შემოდგომა ელოდება საქართველოს. მთავარია, საკურორტო ზონებში ხანძრები ჩაქრეს. სხვათა შორის, უამრავი ეჭვი გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, ვის ინტერესებში შედიოდა ხანძრების გაჩენა. მაგალითად, ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ხანძრები ორ ნაწილად უნდა დავყოთ — თუ თბილისში და სავაჭრო ადგილებში ვინმეს ბიზნესისა და დეველოპერების ინტერესებია გასათვალისწინებელი, აი, ბორჯომსა და აბასთუმანში ის ნამდვილად დივერსიის კვალს ხედავს, თუმცა ვისგან მოდის ეს დივერსია, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე არც ექსპერტი და არც სახელმწიფო მოხელე ამას არ იტყვის სათანადო ინფორმაციისა და არგუმენტების გარეშე.

ამასობაში ქვეყანას, რომელსაც ხანძარმა გადაუარა, უამრავი პრობლემა ჰქონია. იმდენი სისტემური, საგარეო და საშინაო პრობლემა გამოჩნდა, რომ ამ ავგიას თავლის დალაგებას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
„ცეცხლოვანი აგვისტო“ და სველი ზეწრის ამბავი...

პირველი და უმთავრესი, რაც გაირკვა ისაა, რომ ქვეყანას, რომელიც უზარმაზარ ბიუროკრატიას ინახავს, არ ჰყავს ტექნიკა და არ აქვს სამოქმედო გეგმა სტიქიური უბედურებების დროს. არადა, სწორედ იმიტომ, რომ არც ღმერთის გვჯერა და არც ვაჟა ფშაველასი და უზარმაზარი ტყეები გავჩეხეთ ჯიპების საყიდლად, ბუნება გვირისხდება და სტიქიას სტიქიაზე გვიგზავნის. ამ დროს ქვეყანაში კრიზისების მართვის საბჭო არსებობს, სადაც საკმაოდ მაღალხელფასიანი ჩინოვნიკები გვყოლია. არავინ იცის, შეადგინეს თუ არა მათ სავარაუდო საფრთხეების სტრატეგიული გეგმა, მაგრამ ქვეყანას ეს არ ეტყობა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება კი სამ უწყებაშია გადანაწილებული და არავინ იცის, ვის რაზე მოსთხოვოს კონკრეტულად პასუხი.

პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა შესაძლოა, კრიზისების მართვის საბჭო გააუქმოს არჩევნების წინ და ამით გაბრაზებული ამომრჩევლის გული მოიგოს. აი, თავის მეგობარ მინისტრ ჯეჯელავას რას უპირებს, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან 2017 წლის აგვისტომდე განათლების სამინისტროს მხოლოდ მივლინენებში 120 ათას 283 ლარი დაუხარჯავს.

ამასობაში დასავლეთ საქართველოში ზღვაში ნარჩენები ჰყრია, თხილს და სხვა მოსავალს აზიური ფაროსანა ანადგურებს, უნიკალური კოლხური ბზა კი აღარა გვაქვს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი მუდმივად მართალია. ის ხელს ხან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობისკენ იშვერს და ხან — ნათესების მეპატრონეებისაგან. და ისმის კითხვა, თუ ეს პრობლემები ადგილებზე უნდა გადაწყდეს, რა სარგებლობა მოაქვს გარემოს დაცვის სამინისტროს.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
„აზიურ ფაროსანასთან" ბრძოლა არა მხოლოდ სახელმწიფოს, თითოეული ფერმერის მოვალეობაცაა

წეღან საგარეო ფაქტორებიც ვახსენეთ. ვერც ამ ფონზე გამოიყურება საქართველო ყოჩაღად. იქით თურქეთის მოთხოვნით დემირელის კოლეჯი იხურება და აქეთ რუსეთს დახმარებას ხან ვთხოვთ, ხან კი — არა. არადა, თურმე დახმარება უკრაინისათვის უნდა გვეთხოვა, რადგან სწორედ უკრაინაში ანტონოვის ქარხანა, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენებს აწარმოებს.

ცეცხლი უკიდია ლარსაც. მიუხედავად ტურისტული სეზონისა, უკვე დოლარის შეძენა 2,43-ს მიუახლოვდა, ხოლო ევროზე ოცნებაც ჭირს. ექსპერტები საშემოდგომოდ საგარეო ვალების მომსახურეობის გამო სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას ელოდებიან.

პოლიტიკური პარტიები კი ძირითადად არჩევნებზე კამათობენ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები სახელმწიფოს ბიუჯეტს თითქმის 82 მილიონი დაუჯდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები პირველსავე ტურში მორჩა, თანაც აქ არ შედის ის ფული, რომელსაც პოლიტიკური პარტიები შემოწირულობის სახით იღებენ. ამ ტიპის ინფორმაციას პარტიები სახელმწიფო აუდიტში მოგვიანებით წარადგენენ. კვალიფიციური სუბიექტებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები 13 სექტემბრისთვის გადაერიცხებათ პარტიებს.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ რჩეულები ადგილობრივ არჩევნებში - ვინ არიან ისინი

ამასობაში ოპოზიციური პარტიები დასხდნენ წერად ანდერძისად. მაგრამ ბოლოს 9 პოლიტიკურმა პარტიამ ვენეციის კომისიისათვის წერილის მიწერას ისევ სტრასბურგში წასვლა და ადგილზევე სიტუაციის ახსნა ამჯობინა. თუმცა ხელისუფლების უარის გამო, ჩვენ ისედაც ხშირად დავდივართ სტრასბურგშიო, როგორც ჩანს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი და კონსენსუსი მაინც არ შედგება. თუმცა ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკეტერი იმედს არ კარგავს, რომ ასეთი შეხვედრა მაინც შედგება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას ცალკეულ წინადადებებს შესთავაზებს. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიაში ხელი ჩაიქნიეს ქართული პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსზე და ახლა თავად აპირებენ, ხელისუფლებას კონსტიტუციის გაკეთილშობილებში „დაეხმარონ“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მაინც მიიღებს კონსტიტუციის იმ ვარიანტს, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია და პოსტ-ფაქტუმ გაპროტესტებას აზრი არა აქვს. უსუფაშვილს კი დაეჯერება. ვინ, თუ არა მან, იცის, რა ხდება ხოლმე ხელისუფლების კულისებში. ასე რომ,  ფორმულა — დავამარცხოთ ხელისუფლება თავისივე მიღებულ კონსტიტუციასა და საარჩევნო მოდელში — ისევ აქტუალურია. აი, რომელი ხელისუფლება დაამარცხებს ქვეყნის გარეთ და შიგნით შექმნილ პრობლემებს, ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია. იქნებ, დადგა დრო, ასპარეზზე სრულიად ახალი სახეები გამოვიდნენ?

 

ყველა ახალი ამბავი
0