ფერმერები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში უპირატესად თხილის მოყვანით არიან დაკავებულნი, მოსავლის სრულ განადგურებაზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
Sputnik-საქართველო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ მავნებლებთან, მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში თითოეული ფერმერი აქტიურად უნდა იყოს ჩართული, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო გარკვეულ ღონისძიებებს ყოველთვის ახორციელებს.
გიორგი ხანიშვილი სააგენტოს კორესპონდენტს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაზე ესაუბრა და ფერმერებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.
- ფერმერები აცხადებენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან, მათი თქმით, თხილის დროული შეწამვლა ვერ მოახერხეს.
— სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ფერმერებს მიაწოდოს რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთონ მათ სხვადასხვა მავნებელთან ბრძოლისათვის. ეს რეკომენდაციები უნდა იყოს დროული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანა საქართველოსთვის ახალი პრობლემაა და ფერმერებისათვის უცნობია, სახელმწიფომ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და პროცესში ჩაერთო. წელს სპეციალისტებმა შეწამლეს და დაამუშავეს 53 000-ზე მეტი ჰექტარი თხილის ბაღი. სწორედ ამის წყალობით ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მე ვიყავი სამეგრელოში, მოვიარე ყველა რაიონი, შევხვდი ბევრ ფერმერს, მათ შორის მიმღებ პუნქტებში. ყველგან წავაწყდი სამწუხარო რეალობას: ადამიანებმა, რომლებიც არ უვლიდნენ ან არასაკმარისად უვლიდნენ მეურნეობას, ძალიან ცუდი შედეგები მიიღეს, ხოლო იმ ფერმერებმა, რომლებიც ტექნიკური მოთხოვნებისა და აგროვადების შესაბამისად უვლიდნენ თხილის ბაღებს — ძალიან კარგი.
მაგალითად, ზუგდიდში გაიმართა შეხვედრა, სადაც ესწრებოდნენ ფერმერები, რომელთაც თავისი ნაკვეთებიდან 98%-იანი მოსავალი აიღეს. სამწუხაროდ, იყვნენ ფერმერები, რომელთა მოსავალმა 10% შეადგინა.
სახელმწიფომ მთლიანად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დროულად შეწამლა თხილის ბაღები. მხოლოდ არის ერთი ნიუანსი, რომელიც ამ საქმით ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ეფექტურია იმ დროს, როდესაც შეწყვილების შემდეგ ის კვერცხების დებას იწყებს. თხილის პლანტაციები სწორედ ამ პერიოდში შევწამლეთ.
ყველა ეს ღონისძიება საერთაშორისო სპეციალისტების რეკომენდაციებითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდებოდა. მათივე მონაწილეობით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩვენ ვაკვირდებოდით პოპულაციის განვითარებას. იქ, სადაც იყო დაზიანებული კერები, დაიკიდა ფერომონები. ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე დამუშავდა 53 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
კვლევა შემდგომშიც გაგრძელდა და აჩვენა, რომ ჩატარებული ღონისძიებები ძალიან ეფექტური იყო და პოპულაციის ლოკალიზება მოვახდინეთ, თუმცა თხილის მეორედ და მესამედ შეწამვლა შეუძლებელი გახდა, რადგან ნაყოფში წამლის მოხვედრის საშიშროება არსებობდა, რაც ქართულ პროდუქტს საერთაშორისო-საექსპორტო ბაზრებზე სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზარალის ოდენობა, რომელიც თხილის პლანტაციებს აზიურმა ფაროსანამ მიაყენა, 8-10%-ს არ აღემატება. პრობლემები ძირითადად განპირობებულია ნაკვეთების არადროული დამუშავებით, აგროვადების დარღვევით, ამას დაემატა წვიმები — მაისში ნალექმა თვიურ ნორმას სამჯერ გადააჭარბა, ხოლო ივნისში 10 დღეში ნალექის თვიური ნორმა მოვიდა და შედეგად განვითარდა სოკოვანი დაავადებები.
ამ წუთებში შეგიძლიათ გაემგზავროთ და ნახოთ, რომ სახელმწიფო მთლიანად ამუშავებს სიმინდის ნაკვეთებს, სადაც აზიური ფაროსანა გადავიდა.
სამწუხარო ფაქტია, რომ აზიაური ფაროსანას, როგორც მავნებლის სრულად განადგურება 1-2 წელიწადში ვერ მოხდება. მინდა დავაფიქსირო, რომ აშშ აზიურ ფაროსანას მილიარდობით დოლარის ბიუჯეტით ებრძვის, თუმცა, სამწუხაროდ მათ აქამდე ვერ შესძლეს მავნებელთან გამკლავება — ისინი პოპულაციის შეკავებას ახერხებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის ჩართულობა და სწორი პრევენციული ღონისძიებები და არა სახელმწიფო სტრუქტურების დაუმსახურებელი კრიტიკა.
-ანუ, ბატონო გიორგი, თქვენ აცხდებთ, რომ ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან — ფერმერის საქმეა და სახელმწიფო თხილის შეწამვლით ამ შემთხვევაში გამოხატავს კეთილ ნებას?
— მავნებლებთან ბრძოლა — ეს ფერმერების ისეთივე ვალდებულებაა, როგორც, მაგალითად მიწის დამუშავება. ამაში არაფერია განსაკუთრებული.
- აზიური ფაროსანა არა მარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, არამედ აფხაზეთის პრობლემაც არის. ცდილობს თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეწამვლისთვის საჭირო პრეპარატები გალის რაიონის მოსახლეობას მიაწოდოს? ეს ხომ ერთი ეკოსისტემაა…
— აქ შეიძლება ასე ითქვას: აზიურ ფაროსანას ვებრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. შედეგები არის ყველგან, სადამდეც მივაღწიეთ. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას ყველგან შესაბამის ყურადღებას აქცევენ. მავნებელთან უფრო ეფექტური ბრძოლისათვის საჭიროა, რომ შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდეს როგორც სამეგრელოში, ისე აფხაზეთშიც.
- როგორ გაჩნდა აზიური ფაროსანა სამეგრელოში?
— ეს ძნელი დასადგენია.
- აზიური ფაროსანა არამარტო თხილს ანადგურებს, ის სხვა მცენარეებსაც უქმნის პრობლემებს. არსებობს საშიშროება, რომ აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს?
— თეორიულად საშიშროება რა თქმა უნდა არსებობს. სწორედ ამიტომ ვატარებთ პრევენციას, რომლის ფარგლებში ტარდება კვლევა, იკიდება ფერომონები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გავრცელების არეალი მაქსიმალურად შეიზღუდოს.
ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ გარკვეული წარმატება გვექნება, რადგან საქართველოს მთავრობამ ამერიკიდან, პენსილვანიის შტატიდან ექსპერტი მოიწვია, რომელიც რეალურად გვეხმარება და საქართველოში მსოფლიო დონის მიღწევებს ნერგავს იმ წამლის ჩათვლით, რომლითაც წელს თხილი შევწამლეთ.
- როგორ გადაადგილდება აზიური ფაროსანა?
— ეს მფრინავი მწერია — ის შეიძლება დაჯდეს ხეზე, მოჭრილ ტოტზე, ფიცარზე. გარდა ამისა, დავუშვათ, თუ კახეთიდან სამეგრელოში ატამი ჩაიტანეს, ყუთში ხილთან ერთად შეიძლება მოხვდეს აზიური ფაროსანა, რომელიც შემდეგ ისევ კახეთში შეიძლება აღმოჩნდეს. აზიური ფაროსანას გადაადგილების ხერხები ძალიან მრავალფეროვანია.
- ზოგიერთი სპეციალისტი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას განადგურება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. როდესაც ვაცხადებთ, რომ მათ ვებრძვით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ პოპულაციას ვებრძვით. ეს ასეა?
— მსოფლიოში უამრავი მწერია, ისინი ზიანს გვაყენებენ, და შესაბამისად ბრძოლის საგნად იქცევიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ პოპულაციის კონცენტრაციას ვებრძვით, რათა მან სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით გავლენა არ მოახდინოს, დიდი ზარალი არ მოიტანოს და ადამიანები არ შეაწუხოს, რადგან მწერები გამოზამთრებისთვის ბინებში ხვდებიან.
საქართველოში მსგავსი სახის მწერების 18 ნაირსახეობა ფიქსირდება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები მათ პესტიციდებით ამუშავებენ და გარკვეულ შედეგებს აღწევენ. აქაც ისინი გარკვეულ კონტროლს დაექვემდებარებიან და ეს ჩვენი წარმატება იქნება.
- ორი სიტყვით მოგვიყევით სახელმწიფო პროგრამის შესახებ — როდის შეიქმნა ის, რა სახსრები იხარჯება და როგორ ხორციელდება?
— აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამერიკელ ექსპერტებთან მუშაობა დაიწყო. 2017 წლიდან ჩამოვაყალიბეთ პროგრამა, რომლის ბიუჯეტი თითქმის 12 მილიონი ლარია. უდიდეს ნაწილს USAID-ის პროგრამის დახმარებით აშშ აფინანსებს.
ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილია სხვადასხვა დანადგარები და შესაწამლი აპარატები. ამასთან ერთად, დაახლოებით 7 მილიონი ლარი გამოყოფილია ბიუჯეტიდან. ეს სახსრები დაიხარჯა იმ ადამიანების ხელფასზე, რომლებმაც შეწამლეს ეს ბაღები და რომლებიც უშუალოდ წამალს ყიდულობდნენ.
- როგორ ტარდება შეწამვლა?
— თუ არსებული კლიმატური, ბუნებრივი და აგრარული ვადები საშუალებას იძლევა, შეწამვლა მაქსიმუმ ორჯერ ტარდება — გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მეტჯერ შეწამვლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან წამალი ნაყოფში მოხვდება.
წელს თხილი ერთხელ შევწამლეთ, რადგან აგროვადები სხვა საშუალებას არ გვაძლევდა. მწერი უნდა გამოვიდეს იმ სახლებიდან, სადაც ბინადრობს, უნდა გამრავლდეს, დადოს კვერცხები, რომლებიც მაშინ უნდა შეიწამლოს, როდესაც მომწიფებას დაიწყებენ. წელს მწერი გამოზამთრებიდან გვიან გამოვიდა. როდესაც პოპულაცია მეორედ უნდა გამრავლებულიყო, შეწამვლა შეუძლებელი გახდა, რადგან წამალი თხილში მოხვდებოდა. როდესაც პროდუქცია საექსპორტოდ გადის, ანალიზი ამას აჩვენებს და მისი გაყიდვა შეუძლებელი ხდება.
- როგორ რეკომენდაციებს მისცემდით იმ ფერმერებს, რომლებიც აზიურ ფაროსანას ებრძვიან?
— ამისათვის სპეციალური ბუკლეტები შევადგინეთ. გაზაფხულზე ბრძოლის მეთოდების შესახებ ტელევიზიით რეკლამის მეშვეობით განვაცხადეთ. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მეთოდები. ეს არის ჩვეულებრივი აგროღონისძიებები.
ამ მწერებით „დაავადებული“ ნაკვეთები აგროვადების გათვალისწინებით უნდა შეიწამლოს და დამუშავდეს. ეს არის ბიფენტრინის ჯგუფის შხამქიმიკატები. ბაზარზე შეზღუდული არ არის და სავსებით ხელმისაწვდომია. ფერმერებს შესაწამლი აპარატების შეძენაც შეუძლიათ. გავიმეორებ — ბეჯით ფერმერებს ზარალი არ მიადგათ.
- შეწამვლის პროცესი ძვირადღირებულია?
— არა. ფერმერებს შევხვდი და იმ პრობლემების სპექტრში, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას უნდა გადაიჭრას, ფინანსური ნაწილი ყველაზე ბოლო ადგილზე დგას. სიძვირესთან არანაირი კავშირი არ არის. წამლის ერთი ლიტრი 12-15 ლარი ღირს. 300 გრამი ერთი ჰექტარის შესაწამლად არის საკმარისი.
მოკლე ინფორმაცია
პირველად მავნებლის ეს სახეობა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დააფიქსირეს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, ანუ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი და ვიეტნამი. ადამიანებისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.