თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. კახეთში „რთველი 2017“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება — სტრუქტურა, სავაარუდოდ, 24 აგვისტოს გაიხსნება, რომელსაც სათავეში ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი ჩაუდგება.
რთველი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად შემოდგომის დასაწყისში ტარდება. ის კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება და მხოლოდ ყურძნის დამწიფებაზეა დამოკიდებული, კერძოდ, ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობაზე.
როგორც წესი, კახეთში ყურძნის კრეფა სექტემბრის დასაწყისში იწყება, დასავლეთ საქართველოში კი ოქტომბრის პირველ ნახევარში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს რთველის მოსამზადებელ პერიოდში მთავრობამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. კერძოდ, დაფინანსდა 24 ახალი და გაფართოვდა 48 მოქმედი საწარმო. სახელმწიფო აგროდაზღვევის ფარგლებში განხორციელდა 5,1 ათას ჰექტარზე გაშენებული ვენახის დაზღვევა, ასევე მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
მთავრობის ახალი მიდგომა
საქართველოს მთავრობა კახეთის რეგიონში „რთველი 2017“-ის ფარგლებში ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირებას არ განახორციელებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ყურძნის შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა და დღეს, კახეთის რეგიონში არ არსებობს ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირების აუცილებლობა.
ამასთან, ღვინის კომპანიები, რომლებიც „რქაწითელს“ და „კახური მწვანეს“ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით 0,70 ლარად შეისყიდის, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
ამასთან, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება „ალექსანდროულისა“ და „მუჯარეთულის“ სახეობის შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან რაჭაში ღვინის აღნიშულ სახეობებზე შეზღუდვა დაწესდება და თანადაფინანსებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ ღვინისმწარმოებელ კომპანიებს.
გასულ წელს „რთველი 2016“-ის ფარგლებში 1 კგ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ სუბსიდირება 0,45 ლარი იყო, „საფერავის“ – 0,20 ლარი, ხოლო „ალექსანდროულისა“ და „მუჯარეთულის“ – 2 ლარი.