2014 წლის შემდეგ პროგრამამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და, შეილება ითქვას, რომ დღეს ეს არის კარგად გამართული და ეფექტური პროექტი, მიაჩნია სადაზღვევო სისტემის ექსპერტს.
„დაზღვევას ერთი ასეთი თავისებურება ახასიათებს, თუ არ გაქვს სულ მცირე ხუთი წლის სტატისტიკური მონაცემები, შეიძლება გაჭირდეს კარგი პროგრამის შექმნა. მიუხედავად ამისა, იმ პროფესიონალების ჯგუფმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა, ამის გაკეთება შეძლო", — განუცხადა გიორგი გიგოლაშვილმა „Sputnik–საქართველოს".
აგროდაზღვევის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა). თითოეული დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. დამზღვევს შეუძლია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
„დღეს აგროდაზღვევის პროგრამით ფერმერთა დაახლოებით 6% სარგებლობს. მე მოვუწოდებ სხვებსაც, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. მით უმეტეს, რომ 70%-იანი თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ამ საკმაოდ ძვირადღირებულ დაზღვევაში დიდი შეღავათია ფერმერებისთვის", — აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.
კიდევ ერთი სიახლე 2017 წელს ის არის, რომ პროგრამით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი. სადაზღვევო პოლისი დაფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, უხვი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა, ოღონდ ამ უკანასკნელს მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის და მასაც 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.
სადაზღვევო პოლისის შეძენა საქართველოში მოქმედ 4 სადაზღვევო კომპანიაშია შესაძლებელი: ესენია: „ალდაგი“, „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „აი-სი ჯგუფი“, „არდი ჯგუფი“.
გიორგი გიგოლაშვილის თქმით, როგორც წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, სადაზღვეო კომპანიები არ ქმნიან პრობლემას ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუმცა ყველა დაზღვეულმა ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც კი მოხდება სადაზღვეო შემთხვევა, იქნება ეს უხვი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა ან სეტყვა, უნდა შეატყობინოს სადაზღვეო კომპანიას არაუგვიანეს 24 საათისა, რათა მზღვეველს შეეძლოს ნახოს, რამდენია ზიანი და დაიწყოს მისი შეფასება ცხელ კვალზე, რადგან მერე ეს ტექნიკურად რთულდება.
"საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" მმართველის ცნობით, 2014 სექტემბრიდან 2016 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 17 000 სადაზღვევო შემთხვევა მოხდა და სადაზღვეო კომპანიებმა 20 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურეს.
თუმცა, ექსპერტის აზრით, საქართველოში სადაზღვეო კულტურის ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება.
"დაზღვევის კულტურა ერთ დღეში ვერ ჩამოყალიბდება, რადგან საქართველოში რისკების მართვის მიმართ ზერელე დამოკიდებულებაა, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეემთხვევათ", — განაცხადა გიორგი გიგოლაშვილმა.
ნატა პატარაია