განათლების სისტემა საქართველოში: 15 მინისტრი და დაუსრულებელი რეფორმები

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები გაკვეთილზე
ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამცთუ სვე–ბედი მომავალი თაობისა, არამედ სვე ბედი თვით ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალი თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქნება”.

როგორ განათლებას ვაძლევთ მომავალ თაობას, როგორია საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა და რა მიზნებს უსახავს განათლების სამინისტროს ქართული საზოგადოება? ჩვენ ვეცადეთ, ამ კითხვებზე პასუხი მოგვეძებნა განათლების მინისტრებისა და რეფორმების სწრაფი ცვლილებების ფონზე.

უპირველესად დავიწყოთ მიზნებით. რა მიზანი აქვს განათლების სისტემას: ძალიან მარტივად – განათლების სისტემის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აღზარდოს ახალგაზრდა ადამიანი ისე, რომ ის იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანონმორჩილი მოქალაქე, ეროვნული და საგანმანათლებლო ღირებულებების მატარებელი და სკოლაში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უმაღლეს სასწავლებელში მიიღოს ისეთი კვალიფიკაცია, რაც მის მომავალ დასაქმებასა და ქვეყნისთვის სასარგებლო პროფესიის მიღებაში შეუწყობს ხელს. ბოლო 27 წელია, ეს პრობლემა მუდმივად დგას ქართული საზოგადოების წინაშე.

მაინც როგორი განათლების სისტემა გვსურს, რა უნარ-ჩვევები უნდა შეიძინოს ახალგაზრდამ, რომ ის წარმატებულად დასაქმდეს, ქვეყანასაც სარგებელი მოუტანოს და საკუთარ თავსა და ოჯახსაც? მარტივად რომ ვთქვათ, იყოს რეალიზებული და არა დიპლომის აღებაზე ორიენტირებული?

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს განათლების ახალ მინისტრს

ალექსანდრე ჯეჯელავა დამოუკიდებელი საქართველოს მე-15 და საქართველოს ისტორიაში 33-ე მინისტრია, ვინც ქართული განათლების სისტემას ხელმძღვანელობს. 

ჯეჯელავა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მინისტრია. ახლახან გახდა ცნობილი მისი კიდევ ერთი კრეატიული ინიციატივა — შეისყიდონ თამაშები და ამ მეთოდით ასწავლონ დაწყებით კლასებში. „აფორიზმობანა“, „ასოციაციობანა“ და სხვა კომპიუტერული თამაშები აზარტულად შეაყვარებს ქართველ მოსწავლეებს ცოდნას. ზოგადად, ჯეჯელავას მიდგომას, მის კრიტიკას ქართული ზღაპრების მისამართით ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ განათლების ახალი მინისტრის მიდგომებშიც საკმაო ლოგიკაა. 

ჩვენ დავინტერესდით, როგორ გამოიყურებოდნენ ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, დიდი ქართველი განმანათლებლების კვალის გამგრძელებლები ბოლო 27 წლის განმავლობაში და სად დგას დღეს ქართული განათლების სისტემა. 

განათლების ყველაზე კომპეტენტური მინისტრი, რომელიც სისტემას ყველაზე დიდხანს — 6 წელი მართავდა (1998-2004), გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია გახლდათ. სწორედ მისი მინისტრობის დროს ჩაისახა განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები ე.წ. Cat გამოცდები, ასევე დაიწყო კურუკულუმებისა და სილაბუსების მომზადება, დაიწყო მუშაობა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. სამწუხაროდ, კარგად დაწყებული და ჩაფიქრებული იდეების განხორციელება ხელისუფლების ცვლამ გადაავადა. კარტოზია მოხსნეს, მისი ადგილი კი ალექსანდრე ლომაიამ დაიკავა. 

საგანმანათლებლო კარუსელი სააკაშვილის პერიოდში

საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სფეროს სპეციალისტი სააკაშვილის დროს არ ეღირსა. არცაა გასაკვირი, აწ უკვე საერთაშორისო დევნილი ქართულ ლიტერატურასთან საკმაოდ მწყრალად იყო და მის პირველ განათლების მინისტრ ლომაიასაც, რომელსაც, როგორც გაირკვა, რუსული განათლება ჰქონდა, წყალი მაშინ შეუდგა, როცა გაირკვა, რომ დაფაზე გამართულად სწორედ იმ სიტყვას ვერ წერდა, რომელთა განათლებას და მომავალ დაკვალიანებასაც სისტემა მას აბარებდა. პედაგოგებს დღესაც ახსოვთ დაფაზე გამოხატული სიტყვა „ბავში“, რომელმაც მთელი საქართველო ჩააგდო შოკში. კი, ბატონო, შესაძლოა, განათლების მოდელების სპეციალისტი ვერ იყო და ვერც რეფორმის გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინო, მაგრამ ბავშვის და მოსწავლის გამართულად წერა მაინც უნდა შეგეძლოს მშობლიურ ენაზე. 

განათლებით ინჟინერ-ჰიდრომშენებელს და მოწოდებით მინისტრ ლომაიას ეკუთვნოდა ასევე საქართველოს სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამა, რომელმაც ბევრი მაღალმთიანი სოფელი უსკოლოდ და უმასწავლებლოდ დატოვა და ხელი შეუწყო მათ დაცლას და მოსახლეობის მიგრაციას. ლომაიას 2012 წლის ამბებმა ნიუ-იორკში მოუსწრო. ახლა უკვე დიპლომატად გარდაქმნილს.

თუმცა ალექსანდრე ლომაია იყო პირველი მინისტრი, რომელმაც სკოლებში გრძელვადიანი რეფორმების პროცესი წამოიწყო და ბავშვზე ორიენტირებული სკოლის შექმნას ცდილობდა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ლომაიამ დაიწყო ქართული განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც მანამდე საბჭოთა სკოლის ინერციას მიჰყვებოდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ახსნა, თუ რატომ აქვთ პედაგოგებს დაბალი ხელფასი

მის შემდგომ განათლების სისტემას მცირე ხნით ჯერ მათემატიკოსი მაია მიმინოშვილი, შემდეგ კი ფილოსოფოსი გია ნოდია ხელმძღვანელობდნენ. თუ მაია მიმინოშვილი ჯერ კიდევ ალექსანდრე კარტოზიას დროს მუშაობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შექმნაზე, გია ნოდიას ხანმოკლე მინისტრობისას თავი საზოგადოებისთვის ამ სფეროში განსაკუთრებული არაფრით დაუმახსოვრებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ყოფილი მოადგილე მოგვიანებით კორუფციის ბრალდებით დააკავეს. 2008-2009 წლებში განათლებას ნიკა გვარამია უძღვებოდა. როგორც პედაგოგები და განათლების ექსპერტები ამბობენ, მას პრობლემების სწორი ხედვა ჰქონდა, ანუ კარგად იცნობდა ქართულ სკოლებში არსებულ მძიმე მდგომარეობას, მაგრამ ერთი წელი არაა საკმარისი დრო იმისათვის, რომ სისტემაში რაიმე რეფორმის გატარება შეძლო. თანაც, გვარამიას, როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონენტები უფრო აინტერესებდა. ზოგადად, განათლების სისტემის მთავარ პრობლემად დღემდე სისტემის, სამინისტროსა და სკოლების დეპოლიტიზაცია დგას. ასევე განათლების რეფორმაზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევისა და ამ რეფორმის განმახორციელებელი გუნდის სტაბილური დანიშვნა სამინისტროში.  

ამის შემდეგ სისტემაში დიმიტრი შაშკინი მოვიდა. ის სამინისტროს ამ პერიოდში ყველაზე დიდხანს, 3 წლის განმავლობაში მართავდა და გარდა რეფორმებისა, თავი კარგი სტილითა და ჩაცმულობით დაგვამახსოვრა. სწორედ მის დროს დაიწყო სკოლაში პედაგოგთა გამოცდები და დაგეგმილი იყო, რომ პედაგოგები, რომლებიც ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებდნენ, 2015 წლის 1 იანვრიდან სკოლებიდან გათავისუფლდებოდნენ. რეფორმა მწარე აღმოჩნდა. თუმცა ქართული განათლების სისტემას რომ გადახალისება სჭირდება, ესეც ფაქტია. მაგრამ სანამ პედაგოგები საარჩევნო ხმების შეგროვებით იქნებიან დაკავებული, საარჩევნო ოლქები კი სკოლებში განლაგდება, ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს საქართველოში. შაშკინსვე ეკუთვნის სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება და პოლიციური წესრიგის დამყარება. მოკლედ, კიდევ კარგი, შაშკინი თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, თორემ სკოლებში, შესაძლოა, მალე ე.წ. „კლუჩნიკებიც“ გვყოლოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევებმა პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების ისეთი დაბალი შედეგები აჩვენა, რომ შაშკინმა მეტად თამამი გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო კვლევებისათვის განათლების სისტემა ჩაკეტა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები უმაღლესებში ჩაბარებას შეძლებენ

„ოცნება" და განათლება

„ქართული ოცნების“ მინისტრებიდან პირველი — ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი იმით გახლდათ გამორჩეული, რომ ის თანამდებობიდან უფრო მაღლა — პრეზიდენტის სავარძლისაკენ წავიდა და საკმაოდ მაღალი პროცენტითაც აირჩიეს. მთავარი, რაც მისი განათლების მინისტრობიდან დაგვამახსოვრდა, იყო მეტად უცნაური ინიციატივა იმის შესახებ, რომ უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები განათლების სამინისტროს წარდგენით დაენიშნა პრემიერ-მინისტრს. ეს მეტად უცნაური ინიციატივა პარლამენტში წინააღმდეგობის შემდეგ შეიცვალა. მეორე სკანდალური ნაბიჯი ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება იყო. სხვათა შორის, ამ უნივერსიტეტში მოხვედრას სტუდენტები დღესაც ოცნებობენ, ასე რომ, ცხადია, მარგველაშვილის მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 

მთავარი, რაც მარგველაშვილმა დაგვიტოვა, „ჯიპადან“ მოყვანილი გუნდი და ბუღალტერი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე იყო. სანიკიძე ბევრს არ ლაპარაკობდა ქართულ ზღაპრებზე. როგორც ჩანს, ამის გამო პოსტი შედარებით დიდხანს შეინარჩუნა და დღესაც მეტად მნიშვნელოვან ადგილზეა. ავტორიზაცია-აკრედიტაციის საბჭოს ხელმძღვანელობს და მისი ნებართვის გარეშე უნივერსიტეტი ვერ გადაფრინდება სადმე, ვერც განათლების დამადასტურებელ დიპლომს აიღებთ და ვერც გაცვლით პროგრამაში მიიღებთ მონაწილეობას. 

ვაშლი ყუთში - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრო თბილისის სკოლებში ვაშლს დაარიგებს

სხვათა შორის, თამარ სანიკიძეს დადებითიც არ უნდა დავუკარგოთ — სწორედ მისი მინისტრობის დროს 40 ათასამდე პედაგოგი, რომლებსაც სკოლების დატოვება მოუწევდათ გამოცდის ჩაუბარებლობის გამო, სისტემაში დატოვა. სანიკიძის მიდგომა შედარებით ჰუმანური აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ სჯობდა ის პედაგოგები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, სახლში კომპენსაციით გაეშვათ. მით უმეტეს, უმეტესობისთვის ეს არა სასურველი, არამედ, უბრალოდ, საჭირო საქმიანობა იყო, ხოლო კვალიფიციური პედაგოგებისთვის მაღალი ხელფასები დაენიშნათ და ამით სკოლაში მუშაობა პრესტიჟული გამხდარიყო. სხვათა შორის, ანაზღაურება დღემდე რჩება პედაგოგთა პროფესიის აქილევსის ქუსლად კვალიფიკაციასთან ერთად. განათლების ამჟამინდელმა მინისტრმა ამას თავისებური ახსნა მაინც მოუძებნა — სკოლაში რომ მაღალი ხელფასები დავნიშნოთ, სკოლას ისეთი ხალხი მიაწყდება, ვისაც ბავშვი არ უყვარსო. თუმცა გრძნობებსა და ემოციებთან ერთად პედაგოგობა ურთულესი პროფესიაა, მოითხოვს, რომ მასწავლებელმა არ იფიქროს ზედმეტი იმაზე, როგორ გამოკვებოს ოჯახი, ის მუდმივად კარგ ფორმაში, შესაბამისად ჩაცმულიც უნდა იყოს და მუდმივად კითხულობდეს, ტრენინგებს გადიოდეს და კომპასის როლიც შეითავსოს ამ რთულ სამყაროში ახალგაზრდებისთვის. 

განათლების ამჟამინდელ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას საზოგადოება კერძო ტრენინგებიდან და ბანკირებთან მეგობრობიდან იცნობდა, მაგრამ მან ნამდვილი რეკორდი დაამყარა სენსაციური გამონათქვამებით. არ დაივიწყოთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი და ვიცე-პრემიერია და კვირიკაშვილის გარეშე უბატონოდ ხმას ვერავინ სცემს. ის კი არადა, ჯეჯელავას პრემიერმა მთელი მთავრობის პიარი ჩააბარა.

დაუსრულებელი პრობლემები 

მინისტრების სწრაფი და ხატოვანი ცვლის ფონზე ქართული განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება და მსოფლიო რეიტინგებში 76 ქვეყნიდან 59-ე ადგილზეა. 

2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილზეა. საქართველო სასკოლო განათლების დონით მსოფლიოს ქვეყნებს შორის აუტსაიდერთა შორისაა. 2017 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 48 434 მოსწავლიდან 12 803-მა ვერ ჩააბარა, ხოლო დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა.

განათლების სისტემის აქილევსის ქუსლად დღემდე რჩება მოძველებული სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემა, რომელიც ამ 15 მინისტრიდან ვერც ერთმა ვერ გადაჭრა. გარდა სოციალისტური მიდგომებისა, როცა მარგველაშვილის დროს განათლების სამინისტრომ ნაციონალებს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის აწყობილი ბიზნესი ჩაუგდო, დღეს მთავარი დილემა მაინც სახელმძღვანელოების ხარისხს უკავშირდება. 

ბიჭი საკლასო ოთახში შედის - Sputnik საქართველო
სკოლის 2000 პედაგოგს უმაღლესი განათლება არ აღმოაჩნდა

მეორე არანაკლებ დიდი პრობლემაა ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსსა და სასკოლო პროგრამას შორის იმხელა სხვაობაა, რომ იმ ბავშვებზე, რომლებიც გამოცდებს რეპეტიტორთან მომზადების გარეშე აბარებენ, ესეებს წერენ და ფილმებს იღებენ, როგორც ვუნდერკინდებზე. ქართული სკოლა, რომელიც ვერც ინფრაქტრუქტურით, ვერც სახელმძღვანელოებით, ვერც პედაგოგებითა და ეროვნული პროგრამით ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, დიდი რეფორმირების აუცილებლობის წინაშე დგას, რომელიც, პირველ რიგში, პრობლემების იდენტიფიკაციის, საზრისის გააზრებისა და ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნიდან უნდა დაიწყოს. 

ექსპერტები დიდი ხანია მოითხოვენ, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცის გრძელვადიანი რეფორმირების გეგმა, სტრატეგია და ტაქტიკა ფურცელზე ჩამოყალიბდეს და ქვეყანა მის განხორციელებას შეუდგეს, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა. განათლების სისტემის წაჯექ-უკუჯექის პრინციპით რეფორმირებამ რა შედეგიც მოიტანა, ვხედავთ. 

ამ კუთხით ჯეჯელავამ გენიალური გამოსავალი იპოვა — თქვა, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და სულაც არ თვლის საჭიროდ, რეფორმების გეგმა ფურცელზე ჩამოაყალიბოს და პარლამენტს წარუდგინოს. ჯეჯელავა მართალი და თანამედროვეა. ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი მითიო კაკუ, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად დაასახელეს, ამტკიცებს, რომ მომავალში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ წარუმატებელი ადამიანები მოხვდებიან. იაპონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსს კვლევები შავი ხვრელების შესწავლასა და სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ აქვს ჩატარებული. ის წინასწარმეტყველებს, რომ მომავალში ინფორმაციის დამახსოვრება საჭირო არ იქნება, არც კომპიუტერები. სულ რაღაც ათი წლის შემდეგ კაცობრიობის ხელთ არსებული მთელი ცოდნა ერთ პატარა ლინზაში იქნება თავმოყრილი და ამ ინფორმაციის მისაღებად პიროვნებას მხოლოდ თვალის დახამხამება დასჭირდება. „ტვინის გონებრივი რეზერვი მოხმარდება ფიქრის, ანალიზის, არგუმენტირების და, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას“, — ამბობს მითიო კაკუ. როგორც ჩანს, ჯეჯელავა სწორედ მითიო კაკუს მიმდევარია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „გუგლს“, რომელიც 1996 წელს შეიქმნა, სწორედ სექტემბერში აქვს დაბადების დღე. იმედია, მომავალი ათწლეული ადამიანებს საოცარი გარდაქმნებით დაამახსოვრდებათ ისე, რომ, როგორც ჩანს, სკოლები და განათლების სისტემა არსებითად შეიცვლება. მანამდე კი განათლების ბოლო მინისტრი მსოფლიო ისტორიის სამეულში ასე შედის: ყველაზე ცნობილი სამი ვაშლია — ვაშლი, რომლითაც ევამ ადამი აცდუნა, ისააკ ნიუტონის ვაშლი, რომლის მეშვეობითა მან გრავიტაციის ძალა აღმოაჩინა და ჯეჯელავას ვაშლი, რომლითაც განათლების მინისტრი მომავალი თაობის გაჯანსაღებას აპირებს. იმედია, საბოლოოდ მიჩურინის ვაშლით ხელში არ დაგვრჩება ქართველი მოსწავლე ჭრიჭინას როლში.

მოკლედ, დასკვნა რომ გავაკეთოთ, განათლების სისტემას სტრატეგიისა და კადრების მეტი სტაბილურობა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რადგან მართლაც ამ სისტემაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. დღევანდელი სისტემა კი, სამწუხაროდ, ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ის, რომ ერთეული ნიჭიერი ადამიანები არღვევენ ამ მოჯადოებულ, საშუალო ადამიანის განვითარებაზე და დიპლომის აღებაზე ორიენტირებულ წრეს და სახელს იხვეჭენ, როგორც გამონაკლისები, მხოლოდ წესს ადასტურებენ. ჩვენ კი ადამიანების შესაძლებლობების მაქსიმალური განათებისა და გამოვლენის საგანმანათლებლო სისტემა გვჭირდება.

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!
ყველა ახალი ამბავი
0