თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შემოდგომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის სკოლებში, სადაც ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ვაშლის დარიგების კამპანიას დაიწყებს.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეები ვაშლს კვირაში ერთხელ მიიღებენ და ასევე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი კვების პოპულარიზებას ემსახურება. მინისტრის თქმით, თავდაპირველად ეს ინიციატივა შეეხება თბილისის სკოლებს, ხოლო შემდეგ რეგიონებზეც გავრცელდება.
"ამ პროექტის მიზანია – შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", — განაცხადა ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე.
მინისტრმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ოცნებობს ერთ თას ვაშლზე თითოეულ სკოლაში და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე აუცილებლობაზე ისაუბრა.
განათლების სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან სკოლების სასარგებლო პროდუქტებით მომარაგების მიზნით. გადაწყდა, საქართველოს სკოლის ბუფეტებში აიკრძალოს ჩიფსების, ორცხობილების, შოკოლადის, კანფეტებისა და გაზიანი სასმელების გაყიდვა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში მშობლების ჩართვა. ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი კვება მოსწავლეებს დაეხმარება სასწავლო პროცესზე კონცენტრირებაში და ხელს შეუწყობს სკოლის მასალის ათვისებაში.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჯეჯელავამ ასევე ისაუბრა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოების დანერგვაზე. მისი თქმით, შემოდგომაზე გამოჩნდება სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში და თითოეულ მსურველს მისი გაცნობისა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ექნება.
განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უწყება მე-7, მე-8 და მე-9 კლასების სასწავლო პროგრამების შემსუბუქებაზე მუშაობს. ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ამ კლასების მოსწავლეებს ისედაც რთული პერიოდი აქვთ გარდატეხის ასაკის გათვალისწინებით და მათი რთული სასწავლო პროგრამებით დატვირთვა არ ღირს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ასაკში ყურადღების გადატანა სპორტსა და უნარების განვითარებაზე ჯობს.