თუ ცოტაა - შეიძლება: ვისთვის შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

© photo: Sputnikფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეღავათები მშენებლობაზე, ავიაციასა და ენერგეტიკაში, ეკონომიკურ დანაშაულთა დეკრიმინალიზაცია და ფისკალური ადმინისტრირების გამარტივება – ეს არის ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შედის.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში, რომლებიც მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს. ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში. 

ეკონომიკურ დანაშაულთა დეკრიმინალიზაცია

ცვლილების თანახმად, გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები. 

კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი – თუ საქონლის ღირებულების თანხა არ აღემატება 10 000 ლარს; სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა — თუ არააქციზური საქონლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს.

ლევან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაზე გამყრელიძე იზრუნებს

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი თანხის ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა 150 000 ლარს აღემატება (დღეს არსებული 100 000 ლარის ნაცვლად).

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. 

„მიღებული ცვლილებების ნაწილი მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნეს-სექტორთან, ეხება გადასახადის გადამხდელთა ფართო სპექტრს და მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ“, — განაცხადა ხუციშვილმა. 

„ფინანსური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია — წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს-თავისუფლებას და ინვესტიციების მოზიდვას“, — უთხრა „Sputnik–საქართველოს“ იურიდიული და ბიზნეს-კონსალტინგური კომპანიის TED's Solution მმართველმა პარტნიორმა ირაკლი თედორაძემ. 

ამასთან ერთად ბიზნესმენი თვლის, რომ გასამიჯნია სხვადასხვა სიტუაციები — შეცდომით ჩადენილი საგადასახადო და ფინანსური სამართალდარღვევა არ უნდა იყოს დასჯადი, ხოლო გადასახადებისგან მიზანმიმართულად თავის არიდება და თაღლითური სქემების გამოყენება ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და მათი დეკრიმინალიზაცია ბიზნეს-გარემოს ზიანს მიაყენებს. 

ალტერნატიული ენერგეტიკის წახალისება

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან. 

შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ასეთი ელექტროსადგურების მფლობელებს საშუალება ექნებათ აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი საჭიროებისთვის და მიუერთდნენ ერთიან ენერგოსიტემას ნამატი ელექტროენერგიის ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის გადაცემის მიზნით. 

თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ერთ თვეში წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტი იქნება მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.

მზის ბატარეები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოში ენერგოეფექტური შენობები აიგება

საანგარიშო წლის ბოლო თვეს ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს“, – უთხრა „Sputnik–საქართველოს“ ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა.  

მისი განმარტებით, განვითარებულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, როცა გაქვს საკუთარი გენერაცია, მაგალითად, მზის ბატარეები სახურავზე და ჭარბ გამომუშავებას ენერგოკომპანიას მიაწვდი, ის ვალდებულია იგივე ფასი გადაგიხადოს შენ მიერ მიწოდებულ ენერგიაში, რა ფასადაც თვითონ ყიდის, ანუ შენი მრიცხველი დატრიალდება უკუღმა. 

„ძალიან კარგია, რომ ეს ჩვენ ქვეყანაშიც ინერგება. ეს წაახალისებს ადამიანებს, რომ ისინი ნელ-ნელა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე დაფიქრდნენ. თუ ადამიანს აქვს საშუალება, რომ, ვთქვათ, 10—15 ათასი ლარი გადაიხადოს, შემდეგ მას საერთოდ აღარ დასჭირდება „თელასის“ მომსახურება და ექნება საკუთარი ელექტროენერგია, თანაც უფასოდ. ასე რომ, მთავრობის ამ ნაბიჯით კმაყოფილი უნდა ვიყოთ“, — აღნიშნა ექსპერტმა.  

შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება

შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდა შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება. გარდა ამისა, დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ მთავრობის მხრიდან შიდა ავიაციის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაბეგვრის გადაწყვეტილების მიღება მისასალმებელია. 

ვახტანგ ჭარაია - Sputnik საქართველო
ჭარაია: შიდა ავიაციისთვის წამახალისებელი მგზავრთა მოსაკრებლის შემცირება იქნებოდა

„მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი ამ დარგის განვითარებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ შიდა ავიაგადაზიდვებით დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა ქართულ ბაზარზე ძალიან მცირეა და მათ ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა და გარკვეული შეღავათები. საგადასახადო შეღავათების გარდა არის სხვა ხარჯებიც, რომლებიც შიდა გადამზიდავებს ძალიან დიდ ტვირთად აწევს. ასეთია, მაგალითად, მგზავრთა მოსაკრებელი, რომელიც აეროპორტების პრეროგატივაა და რომელიც ამ კომპანიებს პრობლემას უქმნის. ამიტომ თუ მიღებულ  შეღავათებს მგზავრთა მოსაკრებელის შემცირებაც დაემატება, ვფიქრობ, ეს კომპანიებისთვის უფრო წამხალისებელი იქნება“, — უთხრა „Sputnik–საქართველოს“ ვახტანგ ჭარაიამ.   

შეღავათები დაუსრულებელ მშენებლობებზე

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში ეხება ასევე შეღავათებს დაუსრულებელი მშენებლობის ობიექტებზე. 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების საკანონმდელო ნორმა, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. 

საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით დამატებით 37 ობიექტის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

„საგადასახადო შეღავათმა არა მარტო გამოაცოცხლა და მისცა სტიმული არსებულ სამშენებლო კომპანიებს, არამედ შეიქმნა ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა”, — უთხრა „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით თედორაძემ. 

დავით თედორაძე - Sputnik საქართველო
რას მოუტანს სამშენებლო ბიზნესს საშეღავათო პერიოდის ორი წლით გაგრძელება?

სამშენებლო პროცესის განახლებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ასობით კრედიტორისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, რის შედეგადაც საგრძნობლად მოიკლებს სასამართლოში სამშენებლო დავები, თვლის იურისტი. 

„საშეღავათო პერიოდის 2 წლით გაგრძელების შემთხვევაში სამშენებლო ბიზნესისთვის მოსალოდნელია, რომ განახლდება შეჩერებული სამშენებლო ობიექტის მშენებლობა; დარგს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები ინვესტორებთან; მოხდება მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება; მოხდება ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება კრედიტორების წინაშე“, — აღნიშნა თედორაძემ. 

საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება

ცვლილებების თანახმად, იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000-დან  50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე. 

გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სრულყო საბაჟო პროცედურები და შემსუბუქდა სანქციები. კერძოდ, საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში: 

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა;  

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;

თბილისი - Sputnik საქართველო
საგადასახადო სისტემის რეფორმირება ბიზნეს-სექტორს არაერთ სიახლეს ჰპირდება

მცირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50%-დან 10%-მდე; 

საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 4000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე. ასევე ნახევრდება ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც და პირი დაჯარიმდება 6000 ლარით 12000 ლარის ნაცვლად.

© Sputnik / Maria Tsimintiaახალი გადასახადები საქართველოში
ახალი გადასახადები საქართველოში - Sputnik საქართველო
ახალი გადასახადები საქართველოში


ყველა ახალი ამბავი
0