თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ უწყებაში რეორგანიზება დააანონსა.
გამყრელიძემ, რომელიც აქამდე ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ახალ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა.
საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, გამყრელიძეს ამ სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს, აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისთვის, რათა ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს", — განაცხადა გამყრელიძემ.
საგამოძიებო სამსახური, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურა, 2007 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის სფეროა ეკონომიკური დანაშაულების, კორუფციული გარიგებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.