თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს სამშენებლო სექტორში 2022 წლისთვის ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით, რომლის ინიციატორიც ევროკავშირია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ჩამოვიდა კატერინა მატერნოვას ხელმძღანელობით (ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე).
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
„ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობები იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ.“ — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.
2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით საქართველომ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულება აიღო.
„ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ ქვეყანაში გავზარდოთ ენერგოეფექტურობა. დღევანდელი დისკუსიაც მთავრობის წევრებთან ამ თემაზე წარიმართა. მათ წარმოგვიდგინეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული მხარისგან. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად და დავეხმაროთ როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ტექნიკურ სეგმენტში“, — განაცხადა კატერინა მატერნოვამ.
საქართველოში ენერგიის საერთო რაოდენობის დაახლოებით 33%-ს სატრანსპორტო და საცხოვრებელი სექტორი მოიხმარს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით საქართველოში ახალი შენობები თითქმის ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარენ, ხოლო ძველი შენობების საკმარისად გათბობა არც ხერხდება.
ამასთან, საქართველო 2030 წლამდე სათბურის აირების მოხმარების 15%-ით შემცირებას გეგმავს, რისთვისაც ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება მოუწევს.
ენერგოეფექტური სახლი — ეს არის შენობა, რომელშიც ენერგიის ეკონომია 90%-საც კი აღწევს. ენერგოეფექტური სახლის გათბობისთვის მოხმარებული ენერგიის წლიური მოთხოვნა კვადრატულ მეტრზე 15 კვტ/სთ-ს არ აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ენერგოეფექტური სახლის ერთიანი ოფიციალური საერთაშორისო განმარტება არ არსებობს, ევროპის ქვეყნებში ენერგოეფექტური სახლები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ესენია:
- დაბალი ენერგომოხმარების სახლები;
- ულტრადაბალი მოხმარების სახლები;
- ენერგიის მაგენერირებელი სახლები;
- ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სახლები.