ჩატარებული მუშაობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა და მას მიენიჭა ყველა ფუნქცია, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ და კონტრტერორისტულ საქმიანიბას, ასევე კონტრდაზვერვა, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უსაფრთხოების კონტროლი.
კონტრდაზვერვა და მისი გამოწვევები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას კონტრდაზვერვა წარმოადგენდა.
"უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს", — ნათქვამია ანგარიშში.
უცხოური სპეცსამსახურების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას.
ამის შედეგად გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები", — ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. "რბილი ძალის" კონცეფციის მიხედვით ცდილობენ.
"ისინი აქტიურად იყენებენ "სახალხო დიპლომატიის" და "ინფორმაციული დივერსიის" კომპონენტებს. აღნიშნულის გასანეიტრალებლად, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან", — აღნიშნულია დოკუმენტში.
სუს-ი აღნიშნავს, რომ უცხოური სახელმწიფოების სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ეროვნული უშიშროების სტრუქტურებსა და შეიარაღებულ ძალებში ჩანერგვა წარმოადგენს.
"ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული სტრუქტურები, რომლებიც მოიპოვებენ და ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას, ავლენენ და ანეიტრალებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობას, თავადაც წარმოადგენენ მოწინააღმდეგის სამიზნეს. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული მიმართულებით სისტემატიურ რეჟიმში მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის თავიდან აცილებისკენ მიმართული საქმიანობა… საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ", — ნათქვამია ანგარიშში.
ღონისძიებები ასევე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიმართულებით ტარდება.
"ზემოაღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81-სახელმწიფო დაწესებულება, 83-კერძო სამართლის იურიდიული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა №4), ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი", — ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.
მიგრაციის პრობლემები
თავის ანგარიშში სუს-ი აღნიშნავს პრობლემებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო მიგრაციას უკავშირდება.
"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი. საანგარიშო პერიოდში, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა", — ნათქვამია ანგარიშში.
შესაბამისად, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ტარდება საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
"საანგარიშო პერიოდში, შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც უარი ეთქვათ საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 1786 პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი", — ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს.
ტერორიზმთან ბრძოლა
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა სუს-ისთვის მთავარი პრიორიტეტია.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. "ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ", — აღნიშნულია ანგარიშში.
სუს-ი მუდმივად ებრძვის ტერორისტების გავლენის გავრცელებას და უწყებამ 2016 წელს რიგი ზომები გაატარა, რომელთა მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ასევე სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენა.
"2016 წელს სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე დაიწყო. ასევე დასრულდა 2015 წელს აღძრული რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება", — ნათქვამია ანგარიშში.
ასევე სუს-მა 2016 წელს გამოავლინა საქართველოში უცხოელ მოქალაქეების მხრიდან და უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის რამდენიმე ფაქტი, აგრეთვე ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევები.
კორუფციასთან ბრძოლა
სუს-ის ერთ-ერთ მიმართულებას ასევე კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების მითვისებასთან ბრძოლა წარმოადგენს.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის 2, თაღლითობის 8, კომერციული მოსყიდვის 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 59 პირი 32 სისხლის სამართლის საქმეზე", — ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 10-მდე ჩინოვნიკი, მათ შორის შსს-ს სამი თანამშრომელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი.
რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა
კიდევ ერთ გამოწვევას საქართველოს სუს-ის მუშაობაში იყო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა.
"საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 14 აპრილს ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო "ურან 238" (გაღარიბებული ურანი), დაკავებულია 6 პირი. 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია 1665,5 გრ. რადიოაქტიური ნივთიერება (81 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი), რომელიც შეიცავდა "ურან 235"-ს და "ურან 238"-ს, დაკავებულია 6 პირი", — ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ი უზრუნველყოფს საზღვარზე კონტროლს რადიოაქტიური ნივთიერების ტრანზიტის აღკვეთის მიზნით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.