თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუდგა პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ განხორციელებას, რაც დანაშაულის პრევენციაზე, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღკვეთაზეა მიმართული.
პროექტი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიცირებით ხორციელდება. ახალი პროგრამა მიმართული იქნება ასევე ტრანსპორტის ნაკადის მართვის უზრუნველყოფასა და უტყუარი მტკიცებულებების ძებნაზე, რომლებიც ამა თუ იმ დანაშაულის გახსნას დაეხმარება. პირველ ეტაპზე შსს-ს თანამშრომლებმა ახალი პროგრამა ქვეყნის რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს გააცნეს.
„პროექტი მიზნად ისახავს საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობას მაღალი ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვის გზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმ მიზნით, რომ მოსახლეობაში გაიზარდოს უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი“, — განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ჯანელიძემ.
პროექტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ე. წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება, რომლებიც აღჭურვილი იქნება სპეციალური ანალიტიკური პროგრამით, რაც ქუჩებში მიმდინარე პროცესების გადაღებისა და ანალიზისა და ყველა მონაცემის შსს-ს მართვის ერთიან ცენტრში გადაცემის საშუალებას იძლევა.
შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი პროექტის წყალობით, რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელი იქნება დანაშაულის პრევენცია და სამართალდარღვევაზე ოპერატიული რეაგირება, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავტოავარიების შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა.
პროგრამის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება ერთიანი ოპერატიული ცენტრიც, რომელიც საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნა.
ამიერკავკასიაში პირველი ერთიანი ოპერატიული ცენტრი შსს-ს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით რეალურ დროში დააკვირდება ვითარებას გზებზე, ქუჩებში, სწრაფად შეაგროვებს ინფორმაციას შსს-ს ყველა ბაზიდან, ასევე მასშტაბური ოპერაციების დროს პოლიციის ქვედანაყოფებს უხელმძღვანელებს.