თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ გახსნის ცერემონიაზე, რომელიც ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.
შეხვედრა იმართება პირველად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით. დისკუსიაში მონაწილეობას იღებს თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი.
„სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და კავკასიაში თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად მივისწრაფვით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ლატვიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და ბულგარეთიდან, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ფორუმის მიზანია უშიშროების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ფორმატი, რომელზეც პროფესიული განხილვების შედეგად გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნისა და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით.
დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობისა და უშიშროების უზრუნველყოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები.
„თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ ფორმატში შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვალში ალიანსი შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების ზომების შესახებ საბოლოო შეთანხმებას აპირებს. გადაწყვეტილება მიღებულია 2016 წლის ივლისში ალიანსის ვარშავის სამიტზე.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ზომათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.