თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქართულმა მხარემ ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებში სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი-ქვეყნებისა და პარტნიორების თავდაცვის მინისტრების დონეზე ორდღიანი მინისტერიალი დაიწყო, რომელსაც თინათინ ხიდაშელი ესწრება. მინისტერიალის ფარგლებში ის ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდება. საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა 11 თებერვალს არის დაგეგმილი.
„თავდაცვის მინისტერიალში საქართველო როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი მონაწილეობს და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება”, — განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.
შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას საქართველოსთან უშუალო ურთიერთობა აქვს, აღნიშნა ხიდაშელმა.
„ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე.
თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა — ზიანი მიადგეს, ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“,- ციტირებს მინისტრის სიტყვებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
2016 წლის იანვარში რუმინეთმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ნატოს ძალებით საზღვაო პატრულირება დაწესდეს. პატრულირებაში, სავარაუდოდ, ალიანსის წევრი ქვეყნები — რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი მიიღებენ მონაწილეობას.