თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით თბილისში ეროვნული და რეგიონული უშიშროების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსიები გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია უშიშროების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ფორმატი პროფესიული განხილვებისთვის, რომლის შედეგად ქვეყნისა და რეგიონული უშიშროების პოლიტიკასთან მიმართებით გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები, აღნიშნა მიშველაძემ.
„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით 15 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უშიშროების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გაიმართება“, – განაცხადა მიშველაძემ.
სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, აღნიშნა მან.
„დისკუსიის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უშიშროების უზრუნველყოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები იქნება. მსგავსი მასშტაბის და ფორმატის კონფერენცია პირველად ტარდება და სამომავლოდ კიდევ ჩატარდება“, – განაცხადა მიშველაძემ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვალში ალიანსი შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების ზომების შესახებ საბოლოო შეთანხმებას აპირებს.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ზომათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.