თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სამეთაურო-საშტაბო „საქართველო-ნატოს სწავლება 2016“ მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ადრე გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული მხარე ნატო-საქართველოს წვრთნებში რეგიონში სტაბილურობის საფრთხეს ხედავს.
„ჩვენ გვინდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იმისთვის, რათა მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისკენ“, — განაცხადა მარგველაშვილმა სწავლების მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ქართველი სამხედროები წლებია, ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით გლობალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, აღნიშნა მან.
„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა როგორც სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველო-ნატოს წვრთნები წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე 10 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
მრავალეროვანი ბრიგადა დაკომპლექტებულია 250 ოფიცრისგან საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, სლოვენიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და მაკედონიიდან.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის პირობებში საქართველო მომავალში ნატოს წევრი შეიძლება გახდეს. უელსში 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსის წევრობისკენ მის მისწრაფებაში.