ალექსანდრე გელოვანი
სირიაში კონფლიქტში ჩართული მხარეების წარმომადგენლებთან გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელის სტეფან დე მისტურას ორმხრივი შეხვედრებით დაიწყო ხუთშაბათს, 23 თებერვალს შიდასირიული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ჟენევაში. ამ მოლაპარაკებებზე გარკვეული იმედები მყარდება, თუმცა, რაიმე სიცხადე იმასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა მხარეები რამე შედეგის მიღწევას, კვლავ არ არსებობს. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ხელისუფლების ცვლილების, ახალი კონსტიტუციისა და მომავალი არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადების საკითხები. მხოლოდ თანხმობა ბაშარ ალ-ასადის მომავალი ბედის შესახებ არ არსებობს: რუსეთი ხელისუფლებაში მის დატოვებას ითხოვს, ოპოზიცია კი წინააღმდეგია.
პირობები, რომლებშიც ეს რაუნდი ჩაივლის, განსხვავდება სიტუაციისგან, რომელიც გასული წლის იანვარ-აპრილში იყო. განსხვავება ისაა, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტა უკვე იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე გასულ წელს მიღწეული შეთანხმების შემდეგ.
ასტანის მოლაპარაკებები
ალეპოს აღებით სირიის სამოქალაქო ომში გარდატეხა დაიწყო — ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ბრძოლის ველზე ისეთი პოზიციები დაიკავა, როგორიც არასდროს ჰქონია მანამდე ექვსწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში. თუმცა, უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთ არა ალ-ასადის წარმატებაზე, არამედ რუსეთის მიერ მოპოვებულ სამხედრო გამარჯვებაზე, რომლის საჰაერო მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოპოზიციის დამარცხებაში.
რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დააყოვნა სამხედრო წარმატების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა. უფრო ადრე მოსკოვმა სცადა სირიის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-თან დიალოგი, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მან თურქეთზე აიღო ორიენტაცია და მოლაპარაკებებში ირანიც ჩართო. მოსკოვის მიერ ასტანაში ორგანიზებულ მოლაპარაკებებზე სირიის მთავრობისა და შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებებზე მეამბოხეების ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი ჯიჰადისტური სპექტრის („ისლამური სახელმწიფო“ და „ფათაჰ აშ-შამი“ — ადრე „ან-ნუსრას“ სახელით ცნობილი „ალ-ქაიდას“ სირიული განშტოება) გარდა. მართალია, სირიელი ისლამისტები არ დასწრებიან მოლაპარაკებებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მსხვილმა „აჰრარ აშ-შამმა“ თავის ოფიციალურ განცხადებაში პროცესს მხარი დაუჭირა.
სწორედ ასტანაში დაწყებულმა პროცესმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს ეძღვნება, განაპირობა ჟენევის მოლაპარაკებების ის ფონი, რომელიც დღესდღეობით ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. თუმცა, როგორც ჩანს, სირიაში მშვიდობის დამყარებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესთა შორის სხვაობა, რომელიც ერთობ მკაფიოდ იკითხება მათ ბოლოდროინდელ ქმედებებში.
ასტანის შემდეგ
ასტანის პროცესის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის მტკიცე, კონტროლირებადი და მუდმივი რეჟიმის ჩამოყალიბება, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის უზრუნველყოფა იმ რაიონებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამ ამოცანების გადაწყვეტა შექმნის ნიადაგს სამშვიდობო პროცესის შემდგომი პროგრესისთვის. სწორედ ამ მიზანმა განაპირობა ის გარემოება, რომ, განსხვავებით ჟენევისგან, სადაც მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია მონაწილეობს, ასტანის მოლაპარაკებებზე ფართოდაა წარმოდგენილი სამხედრო ფრთა. თურქეთმა იკისრა ოპოზიციური, ხოლო რუსეთმა — სამთავრობო ძალების გარანტროლება. იგულისხმება, რომ პროცესის კიდევ ერთი მონაწილე — ირანი მოთოკავს შიიტ მეამბოხეებსა და „ჰიზბ ალაჰს“, რომლებზეც თეირანს აქვს გავლენა.
მართალია, მოსკოვმა მტკიცე ხელით მაქსიმალურად გაამარტივა მოლაპარაკებებისთვის გარემო სირიაში, მაგრამ სიტუაცია ერთმნიშვნელოვანებისგან ჯერ კიდევ ძალზე შორსაა. ამ კუთხით, ალბათ, პირველ რიგში უნდა გამოიყოს ის გარემოება, რომ მხარეებს შორის გაჩნდა ერთგვარი შეჯიბრებითობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტა ჯიჰადისტებზე არ ვრცელდება და დანარჩენი მხარეები ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს ამ უკანასკნელთა განდევნა და მეტი ტერიტორიის დაკავება. სწორედ ასეთი „შეჯიბრის“ შედეგი იყო ცნობილი ინციდენტი ქალაქ ელ-ბაბთან თურქი სამხედროებისა და რუსული ავიაციის მონაწილეობით, რომელსაც რამდენიმე ასკერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სარგებლობენ რა იმით, რომ სუნიტი (არაჯიჰადისტი) ისლამისტები არ არიან ჩართული ასტანის პროცესში, საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ ირანის პროტეჟე შიიტი ბოევიკებიც და ცდილობენ თავისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფნის გაჭრას ლიბანისკენ. ეს კიდევ უფრო ზრდის ისლამისტური ოპოზიციის მხარდაჭერას არაბული ქვეყნების გავლენიანი წრეების მხრიდან. საუდის არაბეთი და კატარი, რომლებიც ანტიტერორისტულ კოალიციაში შედიან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან უფრო გადამჭრელი ზომების გატარებას ელიან. ირანული ექსპანსია მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის მიერ ძალიან მტკივნეულად აღიქმება და მოვლენების ზემოხსენებულმა განვითარებამ დაახლოვა არაბული და თურქული პოზიციები.
თურქეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს სირიის ჩრდილოეთი ტერიტორიების საკითხი, სადაც ამჟამად მისი შეიარაღებული ძალები ატარებენ ოპერაციას. სამოქალაქო ომი თურქეთის საზღვართან მიმდინარეობს და ანკარას ეშინია, რომ არასტაბილურობა შეიძლება მის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ამდენად, ამ სახელმწიფოს სურვილი — შექმნას თავის საზღვრებთან გარკვეული სტრატეგიული სიღრმე და ჰქონდეს ამ რეგიონში გავლენა, ბუნებრივია. მაგრამ თავად ოპერაციის დასახელება „ევფრატის ფარი“ მიუთითებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. კერძოდ კი ამაზე, რომ ის ქურთების წინააღმდეგაც არის მიმართული. საქმე ისაა, რომ თურქეთი ქურთ მეამბოხეებს ტერორისტებად განიხილავს, მათი თურქეთის „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ მჭიდრო კავშირის გამო.
ქურთული ფაქტორი სირიაში და, ზოგადად, რეგიონში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმდენად მნიშვნელოვანს, რომ მას ხშირად ცალკე საკითხადაც გამოყოფენ. სამოქალაქო ომის განმავლობაში სირიელმა ქურთებმა ფაქტობრივ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ისინი საკმაო წარმატებით ებრძვიან „ხალიფატს“, რის გამოც შეერთებული შტატების მხარდაჭერით სარგებლობენ. მეორე მხრივ, ქურთულ მოძრაობებთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს მოსკოვსაც. ქურთები ეროვნული სახელმწიფოს შექმნას ესწრაფვიან და კარგი სამხედრო გამოცდილება აქვთ. დამკვირვებელთა შეფასებით, ისინი საკუთარი თამაშის გაგრძელებას შეეცდებიან.
გასულ კვირას საუდის არაბეთში, კატარსა და ბაჰრეინში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთში შექმნის უსაფრთხოების ზონას, თურქეთის სპეციალური ძალები სირიელ მეამბოხეებთან ერთად განდევნიან ქურთულ ჯარებს მანბიჯიდან და დაარტყამენ „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ არ-რაყას. მოვლენათა ასეთი განვითარება გარკვეულწილად რუსეთ-თურქეთის შეთანხმებების ფარგლებს გარეთაა, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის ანკარაში ვიზიტის შემდეგ ერდოღანმა მიაღწია გარკვეულ ურთიერთგაგებას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და ახლა შემდგომი მოქმედებებისთვის უფრო მკაფიო სიგნალებს მოელის.
აშშ-ის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. ამერიკელი სამხედროები პრეზიდენტს დასამტკიცებლად უმზადებენ ამ მიზნის მიღწევის გეგმას. როგორც ჩანს, ეს გეგმა მალე იქნება მზად და მასში რუსეთის ადგილიც იქნება გათვალისწინებული.
რას უნდა ველოდოთ
ვიდრე ერდოღანი ტრამპს ელოდება, ტრამპი კი პენტაგონს, პუტინი მოქმედებას გააგრძელებს. იმედი იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს შესაძლებელია მოჰყვეს ისეთი შედეგები, რომლებიც მკაფიოობას შემატებს სირიის და, შესაბამისად, რეგიონის მომავალს, მიზერულად მცირეა. ალეპოს აღების შემდეგ რუსეთმა ჩამოაყალიბა ძალთა ისეთი თანაფარდობა, რომელიც აიძულებს არაჯიჰასისტურ ოპოზიციას აწარმოოს მოლაპარაკებები. ამავე დროს მხოლოდ მოსკოვს შეუძლია აიძულოს დამასკი ოპოზიციასთან დიალოგსა და დათმობებზე. რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალის პოზიციაში იმყოფება, რაც მას აძლევს საშუალებას, როგორც მოთოკოს მოკავშირეები – დამასკი და თეირანი, ისე მოახდინოს ეფექტური ზეწოლა კონტრაპარტ ანკარაზე, რისი ნათელი დადასტურებაა თურქული დიპლომატიის შემობრუნება, რომელიც აღარ ითხოვს ბაშარ ალ-ასადის წასვლას.
გაგრძელდება მოლაპარაკებები ასტანის პროცესის ფარგლებში, რომელთა ცენტრში ჯიჰადისტური „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანება იქნება. ამ ბრძოლაში აშშ-ის მხრიდან უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი გააქტიურების შემდეგ დაიწყება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთქმედების გაღრმავება, რაც მათ არცთუ შორეულ პერსპექტივაში აქცევს სირიის სამშვიდობო პროცესის მთავარ ნეგოციანტებად. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მხარეების მთავარი ამოცანა გახდება საკუთარი მოკავშირეების, პირველ რიგში, ირანისა და ანკარის ამბიციების მოთოკვა.
სირიის სამოქალაქო ომმა უკვე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება დარეგულირების პროცესი, გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქურთული ფაქტორი. შესაბამისად, უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით წამყვანი მოთამაშეების მხრიდან პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო აქტივობის ზრდას.