თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა სირიის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლო მომავალში ასტანაში უნდა გაიმართოს, აშშ-ის მიწვევა გადაწყვიტეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ამასთან, მოსკოვში წყარო ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ასტანაში სირიის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრის ფორმატზე მოლაპარაკებები დამთავრებული არ არის.
„ასტანაში შეხვედრის ფორმატის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, მუშაობა კვლავ გრძელდება, ამიტომ რაიმე სახის განცხადება მონაწილეებთან დაკავშირებით, უადგილოა. გვსურს შეგახსენოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გარანტორებად, რომელიც ასტანაში შეხვედრას საფუძვლად დაედო, სამი სახელმწიფო იქცა: რუსეთი, ირანი და თურქეთი. შესაბამისად, მსგავსი განცხადებები კოლექტიური უნდა იყოს“, — განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“.
სირიაში კონფლიქტის მხარეებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ახალ მოედანზე — ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში — გაგრძელების შეთავაზების შესახებ რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა ადრე მოილაპარაკეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, ეს შეხვედრა შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებს დაემატოს. ასტანაში შეხვედრა 23 იანვარს, ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კი 8 თებერვალს არის დაგეგმილი.