„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ პირველი ყრილობა ჩაატარა. იანვრის დასაწყისში პარტია დატოვეს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებულმა გიგა ბოკერიამ და პარტიის სხვა წევრებმა.
„ნაცმოძრაობის“ ყრილობა იყო მაშტაბური, თუმცა, წინა ყრილობებთან შედარებით უფრო მოკრძალებული. პარტიას წელს 15 წელი უსრულდება, თუმცა ახლანდელი ყრილობა დამფუძნებელ ყრილობას უფრო ჰგავდა. ხელახლა გახდა საჭირო პოლიტსაბჭოს არჩევა და პარტიის სიცოცხლისუნარიანობაში მომხრეების დარწმუნება.
„ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ“, — იხუმრა თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
ყრილობაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის 7 ათასზე მეტი დელეგატი, ძირითადად რეგიონების წარმომადგენლები. თბილისი მცირერიცხოვანი ჯგუფით იყო წარმოდგენილი, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის რეგიონი და აჭარა.
მთავარი ლაიტმოტივი
ყრილობაზე ძირითადი აქცენტი პარტიის განახლებაზე გაკეთდა. სიტყვით გამომსვლელები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ შეკრებილები, რომ პარტია სიცოცხლისუნარიანია და ძალუძს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ბრძოლა.
ამ კონტექსტში მათ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მათთან ბრძოლის პირობა დადეს ენმ–ის ლიდერებმა „ახალი ქართული სახელმწიფოს“ იდეით.
თუმცა, დელეგატების რეაქციიდან გამომდინარე, პარტიის წევრები მზად არიან უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილისთვის იბრძოლონ. სწორედ სააკაშვილის ვიდეოჩართვამ გამოიწვია შეკრებილებში ყველაზე დიდი ემოციები.
სააკაშვილი ცდილობდა დაერწმუნებინა თანამოაზრეები, რომ განხეთქილებას არ დაუსუსტებია პარტია და ის წინსვლისთვის მზადაა.
„ჩვენ ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი პარტია არის ის, რომელიც ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა და ეს თქვენ გააკეთეთ. ამისთვის თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა“, — განაცხადა სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას.
ქარიზმატული ექს-პრეზიდენტის გამოსვლა ყრილობის ყველაზე შესამჩნევი მოვლენა უნდა გამხდარიყო, თუმცა ვიდეოჩართვისას შექმნილმა ხარვეზებმა პარტიის ლიდერთა გეგმები არ გაამართლა. ყრილობის მონაწილეებს სააკაშვილის მხოლოდ ცალკეული ფრაზები ესმოდათ, რომელსაც აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.
უხარისხო კავშირმა დელეგატებისა და პარტიის მომხრეთა ნაწილის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია.
სიახლეები „ნაცმოძრაობაში“
წამყვანი ფიგურების დაკარგვის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელების ჩართვა გადაწყვიტა. ამისათვის რეგიონალურ კონფერენციებზე ერთი თვის განმავლობაში 40 ადამიანი აირჩევა.
პოლიტსაბჭოს დანარჩენი 42 ადგილი დაიკავეს ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და განხეთქილების შემდეგაც მისი ერთგული დარჩნენ. მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და სხვები.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სათავეში ჩაუდგა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა მელია. მისი მოადგილეები გახდნენ ზაზა ბიბილაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე.
უცვლელი მხოლოდ ენმ–ის გენერალური მდივნის თანამდებობა დარჩა — მას ისევ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი იკავებს, რომელიც სასჯელს საპატიმროში იხდის. მისი მოვალეობები დროებით ნიკა მელიას დაეკისრა.
გადაწყვეტილება მერაბიშვილს აშკარად არ მოეწონა, რომლის Facebook–ის გვერდზე გაჩნდა პოსტი: „მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”.
რეზოლუცია და წესდება
„ერთიანი ნაცმოძრაობის“ ყრილობის ფარგლებში მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად პარტიას არ ეყოლება თავმჯდომარე, ვიდრე სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება.
„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის საშუალება“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
„ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე ასევე შეიცვალა წესდება – გაუქმდა სამდივნოები და შეიცვალა საფინანსო პოლიტიკა. ამიერიდან, პარტიის წევრები თანხას მხოლოდ გარკვეული პროექტებისთვის მიიღებენ. გარდა ამისა, ენმ–ში ქალების როლი გაძლიერდება — პარტიული სიის თითოეულ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იქნება.
ექსპერტის შეფასება
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას პარტიის ახალი გზის დასაწყისად მიიჩნევს.
„ყრილობამ აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქმნის ახალ, უფრო სწორად, განახლებულ პარტიას, რომელიც, ჩემი აზრით, მთავარი ოპოზიციური პარტია გახდება. თუმცა, ყველაფერს რეიტინგები აჩვენებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიას ექნება“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ჩიტაძემ.
ამასთან, მან პარტიაში სააკაშვილის გავლენის გაძლიერების ფაქტი გამოყო, რომელსაც ამ ეტაპზე პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არ აქვს, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
„სააკაშვილმა პარტიაში საკუთარი გავლენა შეინარჩუნა და გააძლიერა და „ნაცმოძრაობის“ საქმეებში ჩართვისთვის მზად არის. ის მიიღებს მონაწილეობას პარტიის ყველა გადაწყვეტილებაში. ეს პარტიის ლიდერებთან კიევში ყრილობამდე მისმა პირადმა შეხვედრებმაც აჩვენა“, — ხაზი გაუსვა ჩიტაძემ.
ექსპერტმა სააკაშვილის გავლენით გამოწვეული „ნაცმორაობის“ მომავალი რადიკალურობა გამორიცხა.
„ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებისა და რევოლუციის გზას აირჩევს. სავარაუდოდ, ისინი ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით შეეცდებიან“, — აღნიშნა ჩიტაძემ.