სააკაშვილი: „ნაცმოძრაობა" საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზადაა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში გამართული ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა – გამოსვლა ვაშინგტონიდან პირდაპირ ეთერში ჩართვით განხორციელდა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზად არის, განაცხადა ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას პარტიის დამაარსებელმა და სულისჩამდგმელმა, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სპორტის სასახლეში ენმ–ის ყრილობაზე გადაიცემოდა. პარტიაში განხეთქილების შემდეგ ეს მისი პირველი ყრილობა იყო. ახლახან პარტია დატოვეს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებულმა გიგა ბოკერიამ და პარტიის სხვა წევრებმა. 

ენმ-ს ყრილობა თბილისში - Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ცისკარიშვილმა გახსნა

„ჩვენ ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი პარტია არის ის, რომელიც ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა და ეს თქვენ გააკეთეთ. ამისთვის თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა“, — მოუწოდა დელეგატებს სააკაშვილმა.

სააკაშვილმა 2004 წელი გაიხსენა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა.

„ჩვენ ვებრძოდით უკლებლივ ყველა მაშინდელ კლანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიჟებად მივაჩნდით, სექტად გვაცხადებდნენ“, — განაცხადა სააკაშვილმა.

ის ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მისამართით მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა.

„დღეს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც რამე გადაწყვეტილების მიღება მოეკითხება — ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის ხუშტურებს“, — განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების მიზეზები დაასახელა

მან აღნიშნა, რომ ძირითად დროს ივანიშვილი პოლიტიკოსებით გართობაში ატარებს — პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიიდან, შემოიყვანს, გააერთიანებს, ფულს ჩაუდებს.

„დანარჩენი დრო ზის თავის „ბრონირებულ“ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით“, — თქვა სააკაშვილმა.

აკვარიუმს სააკაშვილი უწოდებს ივანიშვილის ფოლადისა და შუშის ბიზნეს–ცენტრს. რაც შეეხება ცხოველებს, ეს ივანიშვილის გატაცებაა. ცხოველები, მათ შორის ეგზოტიკური, მას მშობლიურ სოფელ ჭორვილაში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ჰყავს. ის ასევე ქვეყანაში დენდროლოგიური პარკის მოწყობით არის დაკავებული და დროდადრო იქ ეგზოტიკურ და უძველეს ხეებს რგავს.

„დღეს ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდე, აღარ არსებობს. დღეს ჩვენ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს „საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი — გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მას უყურადღებოდ არც „ნაცმოძრაობაში“ არსებული განხეთქილება დაუტოვებია.

„ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და ძველის და უვარგისის მოშორება. რათა ახალსა და სიცოცხლისუნარიანს გაეხსნას გზა. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ის შედგება ცოცხალი უჯრედებისგან. ძველი უჯრედები კვდება, ახალი უჯრედები იბადება“, —  აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0