თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყრილობა თბილისში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლით დაიწყო.
ენმ-ის რიგით მეშვიდე მასშტაბური ყრილობა სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, იქ 7 ათასზე მეტი დელეგატი შეიკრიბა. ყრილობას ესწრებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი.
„თითოეული ჩვენგანი მოწადინებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნით ვამაყობდეთ. ჩვენ თავაწეულები უნდა დავდიოდეთ ჩვენ რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზე. სიტყვები „მე საქართველოდან ვარ“ საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის“, — განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ტრიბუნიდან.
პარტიის ყრილობის დაწყებამდე გაისმა სიმღერის „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ ჩანაწერი ზუმბას შესრულებით.
„მადლობა თქვენ, რომ ხართ ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ერთგული ხართ და 2012 წლის შემდეგ ეს პარტია ისეთი მყარი და ერთსულოვანია, როგორც არასდროს. დღეს თქვენ დაამტკიცეთ ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს იდეისადმი, მტკიცე ტოლერანტობისა და თავისუფალი საზოგადოებისადმი ერთგულება“, — განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ნინო კალანდაძემ.
ყრილობაზე აირჩევენ პარტიის რეგიონულ ხელმძღვანელებსა და პოლიტსაბჭოს. პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ამგვარად სააკაშვილი უცვლელ, თუმცა არა აღიარებულ ლიდერად დარჩება. ყრილობაზე სწორედ მისი მიმართვა აქტივისტებისადმი გახდება მთავარი.
ეს ენმ-ის პირველი ყრილობაა განხეთქილების შემდეგ.
იანვრის დასაწყისში ენმ-ის პოლიტსაბჭოს დიდმა ნაწილმა გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.