საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანამოაზრეები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ უარი თქვეს პარტიის იდეებზე და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლა წინასწარ დაგეგმეს.
გასულ კვირაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა დიდმა ნაწილმა, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და პარტიაში „რუხი კარდინალის“ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, სააკაშვილთან უთანხმოების გამო პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. უახლოეს მომავალში ისინი შევლენ პარტია „ევროპულ საქართველოში“, რომელსაც ნუგზარ წერეთელი — ენმ-ის ყოფილი წევრის, გიგი წერეთლის მამა ხელმძღვანელობს.
„პარტია „ევროპული საქართველო“ არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე შეიქმნა. არ არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირეს პარტია, რომელზეც გადააფორმეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფულის ნახევარი, თუ ნახევარზე მეტი. მათ გაამზადეს პლატფორმა იმ შემთხვევისთვის, თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, რათა სხვა მატარებელში გადამჯდარიყვნენ და გზა გაეგრძელებინათ“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ენმ-ს განუდგნენ ისინი, ვინც იდეის რწმენა დაკარგა, ან ეს რწმენა საერთოდ არ ჰქონდა.
„იმ ხალხს შორის მუდმივი დავა, რომელიც ყველაზე მთავარზე — იდეაზე ვერ თანხმდება, მხოლოდ აზარალებდა პარტიას. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის… ეს მხოლოდ დადებითი პროცესია“, — განაცხადა სააკაშვილმა.
მან სამწუხარო უწოდა იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის მეგობრები, დეგრადირებენ.
სააკაშვილმა აღიარა, რომ ენმ-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით მასსა და ბოკერიას გუნდს შორის მრავალი უთანხმოება იყო.
„ჩვენ კონცეპტუალურ მიდგომაში გვქონდა განსხვავება. მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ თვითონ დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და შემდეგ ხალხი გამოგვყვება და არა პირიქით — ხალხს რისი გაგონება გაუხარდება და მოდი მოვერგოთ იმ წუთის ტენდენციას, რისი გაგონებაც ხალხს გაუხარდება — ეს ორი სხვადასხვა რამეა. რა თქმა უნდა, ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი ხომ მიჰყვება იმას, ვინც არის დარწმუნებული თავის თავში, როცა დარწმუნებული ხარ იდეაში, როცა რაღაცა უფრო დიდი გამოძრავებს, ვიდრე იმ მომენტის მოცემულობა“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
პარტიაში განხეთქილების ძირითად მიზეზად სააკაშვილმა დაასახელა ის, რომ ბოკერია ძალაუფლების დაკარგვას ვერ შეეგუა.
„ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია და ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, ძნელად გადაიტანეს ეს მდგომარეობა — ოპოზიციაში გადასვლა. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები“, — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ბოკერიას გუნდმა დეპუტატობის კანდიდატების პარტიული სია ჩამოაყალიბა.
„მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს ყრილობის ჩატარებაზე წინასაარჩევნოდ. ეს იყო, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი დიდი კამათი, მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ, რომ, ალბათ, თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე. სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც, თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ“, — განაცხადა სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ენმ-ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბოკერიას გუნდის „ნეიტრალიზება“ მოხერხდებოდა.
ამჟამად სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნომინალურად მართავს. მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება აღარ აქვს.