უგულავა: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა

© AP Photo / Sergei Chuzavkovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია და ის ახლა ღირსი არ არის უხელმძღვანელოს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ქვეყანას ცხრა წელი მართავდა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელი მიხეილ სააკაშვილი ამ ყოფილი მმართველი პარტიის დაშლაში დაადანაშაულა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა, მათ შორის უგულავამ პარტიის ყრილობამდე რვა დღით ადრე ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა. დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას მერე გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა.

"მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი. ეს ადამიანი არ არის ლიდერობის ღირსი… მე ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს”, — აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

უგულავას სიტყვებით, სააკაშვილში იმედი გაუცრუვდა მას შემდეგ, რაც მან თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები. ბოკერია-ბაქრაძის გუნდს გიგი უგულავა მას შემდეგ შეუერთდა, რაც 2017 წლის იანვრის დასაწყისში პატიმრობიდან გათავისუფლდა.

პარტიის საბოლოო დაშლამდე უგულავას სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის შენარჩუნების შანსები აღარ დარჩა.

სააკაშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის უფლება 2015 წელს დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2015 წლიდან ის ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წლის ნოემბერში დიდი სკანდალით ოპოზიციაში გადავიდა. მან იქ უკვე ახალი ოპოზიციური პარტია შექმნა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

ის ისევ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობას, თუმცა დისტანციურად. სამშობლოში ჩამოსვლა სააკაშვილს არ შეუძლია მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0