ხმაურიანი განქორწინება და გაყრილების შიშები...

გამოწერა
ორი ფსკერი თუ ორი ნაპირი... ვინ საით არის და ვინ რა წაიღო თან... როგორ დასრულდება გაყრის პროცესი და მოსალოდნელია თუ არა კომპრომატების ომი... ვინ რა მოიგო და წააგო გაყრით...

ძვირფასო მკითხველო, ვიცი სათაური უმალ მიგახვედრებს წინამდებარე სტატიის შინაარსს და ტრადიციულად ავტორის ნააზრევთან ერთად ექსპერტ-ანალიტტიკოსების შეფასებებს მოელი…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გაყრისა და ამ ეტაპზე პარტიის სულ ცოტა ორად გაყოფის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას, პირადად მე Facebook — ის კედელზე ე.წ პოსტით გამოვეხმაურე…

„კი, დედამიწა მრგვალია… „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა იქ, საიდანაც თექვსმეტი წლის წინ დაიწყო… რა გაეწყობა, უნდა შევეგუოთ და გაგებით მოვეკიდოთ. „დამაფიქრებელი“ და „იმედისმომცემი“ იყო 12 იანვრის დაპირებები, რომ ეს აღარ იქნება კარჩაკეტილი პარტია… აქ აღარ იქნება ნეპოტიზმი… რა, ადრე იყო, ჰაა?:))) ახლა მთავარია არ დავიბნეთ და კარგად გავარკვიოთ ვინ საით არის და ვისი ვისაშია. არაკორექტულობას ნუ დამაბრალებთ, მე მხოლოდ ინტერესები ვიგულისხმე, თუმცა რა თქმა უნდა, რომ არც უიმისობაა, რაც თქვენ იგულისხმეთ…“

ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“

საპასუხო მრავალ კომენტართა შორის ერთი გამოვარჩიე… „მგონია, რომ ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ფრთას განუდგნენ, ცდილობენ, პირველ რიგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაღდასმულ სახელს გაექცნენ… იმაში კი ეჭვი მეპარება, რომ შევძლოთ, პარტიაში დარჩენილებისა და პარტიიდან წასულების განსხვავება, რაიმე ნიშნით…“

ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და გასაკვირი არ არის, რომ უხვად იფრქვევა „მარგალიტები“… ზოგჯერ მიკვირს მოკვდავთა გონი როგორ იტევს ამდენ სიბრძნეს… კითხვებიც მრავლად არის. ორიოდე მათგანი უკვე აღვნიშნე და აღარ გავმეორდები… საინტერესოა გაყრილთაგან თან ვინ რა წაიღო, ვის დარჩება წლების მანძილზე, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვგისა და ხალხის ყვლეფის ხარჯზე, ნაშენები პარტიული ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ჯერჯერობით ბოკერია-უგულავას გუნდი პარტიაშია

არც გაყრილთა შორის მომავალში შესაძლო ურთიერთობებია ინტერესმოკლებული… საბოლოოდ როგორ დასრულდება გაყრის პროცესი და გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება კომპრომატების ომში… ექნებათ თუ არა მხარეებს ე.წ „სისხლიანი ცხრა წლის" ამბების ერთმანეთისთვის გადაბრალების მცდელობა. ეს საკითხი მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. ჩვენში ეჭვი არავის ეპარება, რომ ორივე მხარე ერთმანეთზე საკმაო რაოდენობის კომპრომატებს ფლობს. ახლა საკითხავია — მოსალოდნელია თუ არა მათი გასაჯაროება და ჩვენი საზოგადოება როდიდან უნდა იყოს მრავალგზის „ჭორად“ გაგონილის ე.წ „ლაივში“ ერთხელ ნახვისა და მოსმენის მოლოდინში.

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
მამრაძე: „ნაცმოძრაობიდან“ წასულ „გირჩელებსაც“ არ ეგონათ მარიხუანას რომ დათესავდნენ

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, მასალათა გასაჯაროება წესით,  მხარეთა ინტერესებში  არ უნდა იყოს და დიდი ალბათობითაც, ერთმანეთის ძველ ცოდვებში დადანაშაულებაც ღიად მოსალოდნელი არ არის. არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამომრჩეველზე კომპრომატების გამოფენა კარგად და ეფექტურად მუშაობს. ამიტომაც ექსპერტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს „საგმირო ამბების“ ამსახველი მასალების წინასაარჩევნოდ ინტერნეში გავრცელებას და ვარაუდობს, რომ რთული იქნება იმის გარკვევა თუ ვინ არის კონკრეტული მასალის გასაჯაროების ავტორი, ერთმანეთზე გაბრაზებული ყოფილი და მოქმედი „ნაცი“ თუ  „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც ჩანაწერებიც ხელმისაწვდომია და ამ კომპრომატების გასაჯაროებითაც იღებს სარგებელს… 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: „კომპრომატები არის ის იარაღი, რომელიც თუ ადრე გაისროლე, ტყუილად ნასროლი იქნება… ჯერ ვერ ვიტყვით, რას იზამენ, თუ ამ ორი გუნდის კანდიდატები არჩევნებზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ატყდეს კომპრომატების ომი. ახლა რომ დაიცალოს რაიმე კომპრომატების რესურსი, არჩევნებამდე ეს მოსახლეობამ შეიძლება დაივიწყოს და ამიტომ დროზე ადრე კომპრომატები საჭირო არ არის ხოლმე. თუმცა, კაცმა რომ თქვას, "ნაციონალებს" თავად ამ პარტიის წევრობაც და ამ პარტიასთან დაკავშირებული ისტორიებიც აქვთ კომპრომატად. ამიტომაც შესაძლოა კომპრომატების ომი ზედმეტიც კი იყოს, იმდენად კომპრომეტირებულია პარტია…“ 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში ფრაქციების გარეშე რჩება

საგულისხმოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის პროცესში არც ერთ მხარეს არ დაუკლია ლანძღვა-გინება. შეურაცხყოფა პირველად მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ ნასროლი ფრაზებით დაიწყო — „მიშას გარეშე ნულები ხართ, ბიძინას მიერ მოსყიდულები, ახირებულები, ტოქსიკური ბალასტი, რომელიც პარტიამ ჩამოიშორა…“

ამის საპირისპიროდ კი ბოკერია-უგულავას გუნდის მიერ ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გუნდის პრობლემა, ჯართში მოსასროლი და პარტიაში დარჩენილი „ბიბლიოთეკის უკლონისტები“ არარაობების დაჯგუფებაა. გაყრის შემდეგ პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადაბარგებულმა სამოცამდე ყოფილმა „ნაციონალმა“ პარტიის გახლეჩაზე მთელი პასუხიმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კი წასულებს ერთგვარი ცინიზმით წარსულის ცხრა წელი შეახსენა… „ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ. აბა, რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს…“ წერდა Facebook — ზე ჩიორა თაქთაქიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლა შეეძლო

ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არ ეკისრება და ის ორივე გუნდზე თანაბრად ნაწილდება…

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „წარსული მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულთან ასოცირებული ადამიანები ორივე გუნდში არიან. დაპირისპირების შემდგომი გაგრძელება ორივე გუნდისთვის წამგებიანია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მორალით არ გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ წლების მეგობრობა კონკრეტული კერძო ინტერესებისთვის დაანგრიონ და არც ის იქნება გამორიცხული, თუკი ერთმანეთის წინააღმდეგ რამე გააჩნიათ, ამ კერძო ინტერესების გამო გამოიყენონ კიდეც. ბუნებრივია, კომპრომატები გამორიცხული არ არის. ერთადერთი, რაც ამის შემაფერხებელი შეიძლება იყოს, არის ის, რომ პარლამენტში მათ სიტუაციური მოკავშირეობა დასჭირდებათ. შიდა განწყობებს თავი რომ დავანებოთ, ისინი ერთი და იგივე პლატფორმისა და შეხედულებების გუნდები არიან. თუ ორივე ჯგუფი აღიარებს, რომ მათი მთავარი მტერი „ქართული ოცნებაა“, მაშინ სიტუაციური მოკავშირეობა და ურთიერთობა დასჭირდებათ. ხოლო თუ მათ სიტუაციური მოკავშირეობაც არ ექნებათ, შესაძლოა პიროვნული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ვიხილოთ, სადაც კომპრომატებიც იქნება გამოყენებული და ნებისმიერი პოლიტიკური იარაღიც. კომპრომატების გავრცელება დღეს ვინმეს თუ სჭირდება, ეს „ქართული ოცნებაა“ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი რომელიმე ჯგუფი…“

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა" - საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება

ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დაპირისპირებულ მხარეთ შესაძლოა ხელი წასცდეთ კომპრომატებზე, მაგრამ ნებისმიერი სახის კომპრომატების ომი ორივე ახლად ჩამოყალიბებულ სუბიექტს ავნებს და თუ მათ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება და ანგარიშის გასწორება დაიწყეს, ამით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ოცნებებს მარტივად აუხდენენ. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის ხმებიც გაიყოფა და ამიტომაც დიდ როლს ითამაშებს ის, თუ ვის ექნება მეტი ფინანსები… ელექტორალური თვალსაზრისით რაც ახლა ხდება, ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით ხმალაობაა, იმის სურვილი, რომ საკუთარი თავი მოაწონონ პერსპექტიულ ამომრჩევლებს და განაქიქონ მათი მოწინააღმდეგე ნაწილი. ეს დრო მალე გაივლის და კონკრეტული ნაბიჯების დრო დადგება… ნებისმიერ შემთხვევაში საკამათო არ არის, რომ ნაადრევია პასუხის ძიება კითხვაზე — ვინ რა მოიგო ან წააგო გაყრით…   


ყველა ახალი ამბავი
0