მამრაძე: „ნაცმოძრაობიდან“ წასულ „გირჩელებსაც“ არ ეგონათ მარიხუანას რომ დათესავდნენ

გამოწერა
„ნაცმოძრაობიდან“ წასულ ბევრ ლიდერს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე, მიაჩნია „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ პეტრე მამრაძეს.

ნატა პატარაია

ხუთშაბათს  პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 59 —მა წევრმა დატოვა, რომელთა შორის არიან: პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 

პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის წევრი  სერგო რატიანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი უგულავა და პარტიის მდივანი, დეპუტატი გიგა ბოკერია.

„ბევრ მათგანს  აქვს ფული და დიდი წარმოდგენა საკუთარ  თავზე, ქარიზმასა და შესაძლებლობებზე და ისინი მალე მიხვდებიან, რომ ეს ასე არ არის. ახალი პარტიის შექმნით იმ 27 %-საც ვერ  მოაგროვებენ, თუმცა, შესაძლოა, საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდეთ“, — მიაჩნია პეტრე მამრაძეს.  

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციული სისტემით ხმათა  – 27,11% (27 მანდატი) მოიპოვა. 

პეტრე მამრაძის თქმით, ხმები, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, პირადად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა, ამის ნათელი მაგალითი კი წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობიდან“ წასული ცნობილი სახეებია, რომლებმაც მოგვიანებით პარტია „გირჩი“ დააფუძნეს. 

„ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლით  იმიტომ არ დააკლდა არაფერი „ნაცმოძრაობას“, რომ ხალხმა ხმა სააკაშვილს მისცა. „გირჩსაც“ ეგონა რომ  რაღაცას იზამდა, მაგრამ ახლა მარიხუანას თესავს“, — აღნიშნა პეტრე მამრაძემ. 

დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“, რომელსაც 59 წევრის წასვლა მოჰყვა,  სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა.

მამრაძის აზრით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების მიერ პარტიის დატოვების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ რეალობის არაადეკვატური აღქმაა.   

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უგულავა: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა

„მათ დაინახეს, რომ პარტიის დამფუძნებელი რეალობას სრულიად მოწყდა და არ მოინდომეს პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლოდნენ გაგიჟებულ სააკაშვილს. „ნაცმოძრაობის“ უკვე ყოფილ  ლიდერებს  აქვთ კონტაქტები დასავლეთში,  პირადად იცნობენ იქაურ  ლიდერებს, თავი მოაქვთ პროდასავლურ პოლიტიკოსებად და ფიქრობენ, რომ სააკაშვილისგან დისტანცირებას თუ მოახდენენ, გადარჩებიან“, — განაცხადა  ექსპერტმა. 

„ნაცმოძრაობიდან“ ხუთშაბათს წასულმა პარტიის ლიდერთა ნაწილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადეს. ისინი საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ. 

რაც შეეხება ფრაქციებს, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება შეეცვალა და მას „ევროპული საქართველო” ეწოდა. სახელწოდება შეეცვალა  უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა — საქართველოს წინსვლისთვის“ და მას  „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა. ამავე დროს,  უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება დროებითი იყოს. 


ყველა ახალი ამბავი
0