თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიგა ბოკერიასა და თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას გუნდში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ინფორმაციას ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ.
სამშაბათს ქართულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ნაწილი, რომლებმაც სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ დაიკავეს ადგილები პარლამენტში, პარტიის დატოვებას გეგმავენ.
„ამ დროისათვის კონსულტაციები და განხილვები მიმდინარეობს. პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ბოკერიას გუნდის წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის სიტყვებს.
2016 წლის შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად გაიყო, რომელთაგან ერთს „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ხოლო მეორე „კლანს“ სააკაშვილის ახლო გარემოცვა — ახალაიების ოჯახი უდგას სათავეში.
უგულავამ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარტიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად მზადაა კომპრომისი გამონახოს. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობები თითქმის არ არსებობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 10 დღის შემდეგ პარტიის მორიგ ყრილობას ჩაატარებს, რომელზეც დაგეგმილია პარტიის პოლიტსაბჭოს გადარჩევა. დღეს პოლიტსაბჭოში იმყოფებიან როგორც ბოკერიას, ისე ახალაიას გუნდის წევრები. ბოკერიას გუნდი ყრილობის ორგანიზების საკითხებს ჩამოაშორეს, რამაც მისი ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ლიდერების ნაწილი სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდა. მათ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტსაბჭოში ხმათა უმრავლესობა მოაგროვეს.
სააკაშვილმა ყოფილი მხარდამჭერები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.
სააკაშვილმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის უფლება 2015 წელს დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2015 წლის ივნისიდან ის ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, თუმცა 2016 წლის ნოემბერში სკანდალით დატოვა აღნიშნული პოსტი და ოპოზიციაში გადავიდა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში უკვე შექმნა ახალი ოპოზიციური პარტია და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.