რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“

გამოწერა
პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე ნორმალური განხილვის ფარგლებს გასცდა და პარტიის ლიდერების მიმართ ბინძური კამპანია აწარმოა, აცხადებენ ენმ-ში.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ძირითადად, სამი საკითხი განვიხილეთ, განაცხადა ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა. 

„სხდომაზე 3 ძირითადი საკითხი განვიხილეთ. პირველი, პოლიტსაბჭომ დაავალა სამდივნოს, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას შეაფასებს. ასევე, ვემზადებით ყრილობისთვის და შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ყრილობის წესებს, განსაზღვრავს დროს და შესთავაზებს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად. მესამე საკითხი არის განცხადება, რომელიც მალე დაურიგდება თითოეულ თქვენგანს“, — განუცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს.

გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე ნორმალური განხილვის ფარგლებს გასცდა და პარტიის ლიდერების მიმართ ბინძური კამპანია აწარმოა, რაც სიცრუეს და ცილისწამებას ეფუძნებოდა.  

ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა": ვემიჯნებით ყველას, ვინც პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო

„კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“, — აღნიშნულია განცხადებაში.  

გუშინ, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა „ნაცმოძრაობის“ განვითარება და ახალი ლიდერის არჩევა.  

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს მოწვევა და ახალი ლიდერის არჩევა ასევე შესთავაზა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უფლება დაკარგა. ამ დროისთვის პარტიას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ნომინალურად გიგი უგულავაც შედის. 

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში წინა ხელისუფლების პირველი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამ დროისათვის სასჯელს იხდიან ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა. ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილისა და შსს-ს რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0