თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ, ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა „ნაცმოძრაობის“ განვითარება და ახალი ლიდერის არჩევა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს მოწვევა და ახალი ლიდერის არჩევა ასევე შესთავაზა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უფლება დაკარგა. ამ დროისთვის პარტიას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ნომინალურად გიგი უგულავაც შედის.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმე მთავარ საკითხზე იმსჯელეს — შეიქმნას ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას შეაფასებს და გარდა ამისა, პარტიის ყრილობას მოამზადებს.
ყოფილი მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ბიძინა ივანიშვილმა ყველა აკრძალული მეთოდით და დაბალი მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც მოიპოვა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში 27 ადგილი მოიპოვა.
«ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე ნორმალური განხილვის ფარგლებს გასცდა და პარტიის ლიდერების მიმართ ბინძური კამპანია აწარმოა, რაც სიცრუეს და ცილისწამებას ეფუძნებოდა.
„კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენი პარტიის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის ვინც აღიარებს ჩვენს ღირებულებებს, პატივს სცემს პარტიის წესებს და შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმებს, აღნიშნულია განცხადებაში.
2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში წინა ხელისუფლების პირველი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამ დროისათვის სასჯელს იხდიან ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა. ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილისა და შსს-ს რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავათ.