თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიაში განხეთქილების შემდეგ პარლამენტში ფრაქციების გარეშე რჩება.
კვირის ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა დატოვა პარტია. პარტიამ მაშინ ორი ფრაქცია ჩამოაყალიბა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის".
„ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სახელი შეიცვალა, მას დაერქვა „ევროპული საქართველო". ფრაქციის ხელმძღვანელობაც შეიცვალა. ნიკა მელიას ნაცვლად მას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს", — განაცხადა დეპუტატმა გიგი წერეთელმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვებთან ერთად დატოვა.
სახელწოდება ეცვლება აგრეთვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდება.
ექვსი დეპუტატისგან შემდგარი ფრაქცია დატოვეს რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა, რომლებმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენა გადაწყვიტეს. ფრაქცია „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ რომ არ დაშლილიყო, „ევროპული საქართველოდან" მასში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გადავიდნენ.
ყველა პროცედურის დასრულების მიზნით, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 2 თებერვალს, ორივე ფრაქცია ბიუროს წევრებს თავის გადაწყვეტილებას გააცნობს.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ ფრაქციის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას, რადგან ყველაფერი აზერ სულეიმანოვზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერჯერობით არ გარკვეულა, რომელ გუნდს შეუერთდეს. ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად არანაკლებ ექვსი დეპუტატია საჭირო.
ნიკა მელია, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა და ლაშა დამენია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში დარჩნენ, თანამოაზრეებს ეძებენ. ამ დეპუტატების პარლამენტში შემდგომი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე 20 იანვარს იქნება მიღებული.
2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.
დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა.
სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.