თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. დავით დარჩიაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის დაშლას მის დამფუძნებელს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-საქართველო“.
„ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში მაშინ გადაიზარდა, როდესაც პარტიის ლიდერების ნაწილი სააკაშვილს დაუპირისპირდა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლის საკითხებზე პოლიტსაბჭოში მათ ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხი კარდინალი“ გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი — ახალაიას ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.
„პარტიიდან ჩვენი წასვლის საკითხი ჯერჯერობით ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა იმდენად დიდია, რომ ერთად ყოფნას აზრი აღარ აქვს“, — განაცხადა დარჩიაშვილმა, რომელიც ბოკერია-ბაქრაძის გუნდს წარმოადგენს.
მან იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების პროცესი სასამართლომდე არ მივა.
„მინდა მჯეროდეს, რომ პარტიის ყრილობა ისე ჩაივლის, რომ სასამართლოსთვის მიმართვა არ დაგვჭირდება. ისინიც (მეორე გუნდი — რედ.) გაგვიგებენ, რომ პარტიის წესდების დარღვევა არ შეიძლება“, — აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ბოკერიას გუნდი „ნაცმოძრაობის“ განხეთქილებას მთლიანად მიხეილ სააკაშვილს აბრალებს.
„სამწუხაროდ, გუნდმა, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, გარდა იმ ჩვენს საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიისა, თითქოსდა ჩვენ ივანიშვილთან ვართ გარიგებულნი, ახლა დემოკრატიულ პროცედურებზე უარი თქვა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობისთვის ემზადება, რომელზეც 20 იანვარს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები ჩატარდება. პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებიც ბოკერია-ბაქრაძის გუნდს წარმოადგენენ, პარტიის ყრილობას უკვე ჩამოაშორეს.
ბოკერია-ბაქრაძის გუნდს გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა არ შეიკრიბა. ისინი ყრილობის თარიღისა და მასშტაბების შეცვლის საკითხის დაყენებას გეგმავდნენ.
სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.