რა გახდა ამ ერთი ქერა ქალის დახრჩობა?!

Carl Ludwig Friedrich Becker
Carl Ludwig Friedrich Becker - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი დილიდან ეჭვიანობს: რატომ არ დამხვეტეთ ძველებურად ლამაზადო, მზე რომ აღარ გვიჭყიტინებს, გგონიათ, იაღლიშებს ვერ ვხედავო?! ბროწეულმა — ბოლო 5 ცალი გადახლეჩილი ბროწეული რად არ მომაცილეთო, რადიკულიტი გინდათ დამმართოთო?! ადესამ — მთლად რომ შემომაჭამეთ მტევნები, ახლა აღარ გჭირდებითო?!

მოკლედ, ირგვლივ ეჭვიანობის უღრანებია…  

ისე, თავისთავად ქვეყანაზე არასდროს არაფერი ხდება და დღესაც ამ აივანზე დატრიალებულ ეჭვებსა და სხვა ამბებს თავისი მიზეზი და ლოგიკური ახსნა აქვს — სწორედ ამ დღეს, ოღონდ უსაშველოდ დიდი ხნის წინ… 1604 წლის 1 ნოემბერს ლონდონის Whitehall Palace-ში შედგა უილიამ შექსპირის პიესა „ოტელოს“ პრემიერა.

მართალია, სამწუხაროდ, Whitehall-ი მე-17 საუკუნის ბოლოს დაიწვა, მაგრამ, შექსპირის სამეფო თეატრის დირექტორის მოადგილის გრეგორი დორანის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი თეატრები, შექსპირის პატივისცემით, დღემდე სეზონს სწორედ ამ პიესით იწყებენ – ეს ტრადიციაა.

მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
ვერავინ და ვერასდროს წამართმევს მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ჩემია

სხვათა შორის, გუშინ, თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდი, წავიკითხე, რომ სწორედ „ოტელო“ გახდა პირველი ინგლისური პიესა, რომელიც დაიდგა კოლონიზებულ ინდოეთში და, ამავე დროს, პირველი ინგლისური პიესა, რომელიც ითარგმნა თურქულ ენაზე. როგორც ჩანს, თურქი და არა მხოლოდ თურქი კაცებისთვის ძალიან გულშიჩამწვდომი და გასაგები იყო ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის დახრჩობის იდეა… 

საინტერესოა, რომ სხვადასხვა პერიოდში ამ პიესისადმი მიდგომა გარკვეულ „ევოლუციას“ განიცდიდა. მაგალითად, აშშ-ში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის დროს პრეზიდენტი ჯონ ადამსი თვლიდა, რომ შექსპირის ტრაგედია ადასტურებს, რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს კაცობრიობა ქორწინებას თეთრებსა და „არათეთრებს“ შორის. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი „ოტელოს“ დადგმები მიზნად ისახავდა აფრიკის ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერას.

რომი შნაიდერი - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერი: დღე, როდესაც ვეღარ გენდობი, გახდება უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაში

არადა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს შექსპირის მიერ პიესის მთავარ როლში მავრის გამოყვანა, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ იყო, ჩვენ მაინც ყველაზე მეტად ამ ისტორიაში გვაინტერესებს სიყვარულისა და ეჭვიანობის ერთმანეთში გადახლართული, მუდმივი და დაუსრულებელი თემა…

ამბობენ, რომ ოტელოს პროტოტიპი შეიძლება ყოფილიყო იტალიელი მაურიციო ოტელო, რომელიც 1505-1508 წლებში იყო ვენეციელთა ჯარების მთავარსარდალი კვიპროსზე. იმასაც ამბობენ, რომ ის ძალიან საეჭვო ვითარებაში დაქვრივდა. სხვათა შორის, კვიპროსელები ძალიანაც ამაყობენ იმ ფაქტით, რომ ოტელომ დეზდემონა დაახრჩო სწორედ მათ კუნძულზე და სიამოვნებით აჩვენებენ ტურისტებს „დახრჩობის ზუსტ ადგილს“ – ოტელოს კოშკს ფამაგუსტოში.

ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - 1937 წელი. - Sputnik საქართველო
ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - „სიყვარულწაღებულნი“...

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ შექსპირის ტრაგედიის ბორის პასტერნაკისეულ თარგმანში, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული, ოტელო დეზდემონას მხოლოდ „ცოტათი“ ახრჩობს   და ბოლოს კლავს ხმლით, რომლითაც თავსაც იკლავს.

თავის დროზე დიდმა ალექსანდრ პუშკინმა თქვა, რომ ოტელოს მთავარი ტრაგედია მის ეჭვიანობაში კი არა მის ზედმეტ მინდობაში იყო.

ახლა, შექსპირისა და პუშკინის დიალოგში ჩვენ ვერ ჩავერევით… ერთი კი ცხადია, რომ დღემდე შექსპირის „ოტელო“ მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ცნობილ პიესებში მესამე ადგილს იკავებს (სხვათა შორის, იმავე შექსპირის „ჰამლეტისა“ და „რომეო და ჯულიეტას“ შემდეგ). წარმოიდგინეთ, რა უნდა დაწერო ისეთი, რომ ოთხი საუკუნის შემდეგაც კი ის კაცობრიობისთვის ისევე აქტუალური რჩებოდეს. 

„ოტელოს“ მოტივებზე შექმნილია ვერდისა და როსინის ოპერები, ალექსი მაჭავარიანისა და ელიოტ გოლდენტალის ბალეტები.

გადაღებულია 41 (!) ფილმი და სერიალი.

ჯეიმს ქემერონი - Sputnik საქართველო
ვისაც არ სწამს „ავატარის“, ცოდოა და ავად არის...

მათ შორის ძეფირელის ფილმი-ოპერა „ოტელო“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს პლასიდო დომინგო, და სრულიად საოცარი ფილმი-ბალეტი, სადაც ოტელოს როლში გამოდის ჩვენთვის ყველა დროის ყველაზე განუმეორებელი ოტელო — ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელსაც შეუდარებელი დეზდემონა — ვერა წიგნაძე უყვარდა!

უბრალოდ, დატკბით…

რაც შეეხება ოპერას, მე ხომ აუცილებლად რაღაც მაქვს გასახსენებელი… 

ოტელო იყო ჩემი ბიძია ზურაბ ანჯაფარიძის ერთ-ერთი უკანასკნელი და ძალიან საყვარელი როლი.

დეზდემონას ასრულებდა შესანიშნავი მედეა ამირანაშვილი, რომელიც, როგორ ახერხებდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთივე შესანიშნავი დეზდემონა იყო, როგორც თავის დროზე ეთერი, მზია, ამნერისი და ლელა…

დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
დასტინ ჰოფმანი: ამ ცხოვრებაში ცოტა რამ მჭირდება - მზე და ქოქოსის რძე...

ერთხელ მედიკომ ზურიკოს სთხოვა, როცა „დამახრჩობ“, ცოტა ისე დამახრჩვე, რომ საწოლზე ნორმალურად ვიწვეო. საქმე ისაა, რომ ოპერაში დეზდემონას დახრჩობის შემდეგ კიდევ სხვა ეპიზოდებია გაწერილი, მათ შორის, ოტელოს სიკვდილისპირა განცდები, თავის მოკვლა, საწოლი კი, რომელზეც უკვე „უსულო“ დეზდემონა იწვა, შუაგულ სცენაზე იდგა…

არ ვიცი, მედიკოს ეს რამ ათქმევინა, დაავიწყდა, ალბათ, ზურიკოს ხასიათი და ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ზურიკომ სპეციალურად ისე „დაახრჩო“ მედიკო-დეზდემონა, რომ თავი საწოლზე ჰქონდა ჩამოკიდებული და კარგა ხანს ძალიანაც არაკომფორტულად იწვა. თუმცა, ზურიკომ შემდეგ დამატებითი მიზანსცენა გაითამაშა და დეზდემონაც „გაასწორა“. სპექტაკლის შემდეგ კი „შეწუხებულმა“ განაცხადა — „რა გახდა ამ ერთი ქერა ქალის დახრჩობა?! აი, ვერა წიგნაძე ბალეტში საერთოდ იატაკზე იწვა თმაგაშლილი“…  

ყველამ ვიცით, რომ ეჭვიანობა სისულელეა და თეორიულად ყველა შესანიშნავად ვამტკიცებთ ამას, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ თუ გიყვარს, ცოტა მაინც ეჭვიანობ და უნდა იეჭვიანო კიდევაც.

მანდილოსნებმა კი, ყოველი შემთხვევისთვის, ჯობს, მიხედონ მეუღლეების ნაჩუქარ ცხვირსახოცებს, მით უმეტეს, როცა ასეთი სიყვარულია…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ოდნავ ეჭვიანობაშეპარულ სიყვარულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0