რომი შნაიდერი: დღე, როდესაც ვეღარ გენდობი, გახდება უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაში

© FL/cio Navarrete Contrerasრომი შნაიდერი
რომი შნაიდერი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანს,  სავარაუდოდ, ცოტა შემოდგომისპირული, ქარვისფერი  სევდა შეეპარება, რომელიც  ხშირად თან სდევს ისეთ საოცარ და ამაღლებულ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, რადგანაც, სამწუხაროდ,  ყველას არ გააჩნია მისი დაფასებისა და მით უფრო, შენარჩუნების ნიჭი.

ცნობილმა კინომსახიობმა და უმშვენიერესმა ქალბატონმა, რომელიც დღეს  გვესტუმრება, თავის დროზე მთელი კინემატოგრაფიული სამყარო  გააოცა და აალაპარაკა, როდესაც უარი განაცხადა ეთამაშა ორ ისეთ შესანიშნავ ფილმში, როგორიცაა „ქალი და მამაკაცი“ და „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. თუმცა სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „მე ცხოვრებაში აბსოლუტურად უსუსური ვარ, მაგრამ ეკრანზე შემიძლია ყველაფერი“. როგორც ჩანს, ამ ფილმების სიუჟეტები ზედმეტად ცხოვრებისეულად მიიჩნია.
აქვე დავამატებდი, რომ კარგი იქნებოდა, მას კიდევ ორ ერთმანეთისგან 11 წლით დაშორებულ ფილმში  მონაწილეობაზეც უარი ეთქვა. ესენია ფილმები „კრისტინა“ და „აუზი“, რომლებშიც მას პარტნიორობას უწევდა ცისფერთვალება ალენ დელონი და რომლებმაც მისი ცხოვრების ორ ეტაპზე საბედისწერო როლი ითამაშა.

© FL/ Mauricio Navarrete Contrerasავსტრიელი არისტოკრატი როზმარი მაგდალენა ალბახი, იგივე რომი შნაიდერი
ავსტრიელი არისტოკრატი როზმარი მაგდალენა ალბახი, იგივე რომი შნაიდერი  - Sputnik საქართველო
ავსტრიელი არისტოკრატი როზმარი მაგდალენა ალბახი, იგივე რომი შნაიდერი

ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ავსტრიელ არისტოკრატ როზმარი მაგდალენა ალბახს, ანუ რომი შნაიდერს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1938 წლის 23 სექტემბერს ვენაში.
რომი არასდროს მალავდა იმას, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი მის ცხოვრებაში იყო და ბოლომდე რჩებოდა ალენ დელონი.
საოცარია, მაგრამ 20 წლის რომი შნაიდერმა, რომელიც სამშობლოში უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი გახლდათ, მას შემდეგ, რაც მთავარი როლი შეასრულა  პრინცესა ელისაბედ ბავარიელის ცხოვრებაზე შექმნილ სერიალში „სისი“, როგორც იტყვიან, თავად მოაწერა  ხელი საკუთარ „სასიყვარულო განაჩენს“. ის მიიწვიეს ფილმ „კრისტინას“ გადაღებებზე საფრანგეთში და უფლება მისცეს, თავად შეერჩია პარტნიორი ფოტოების საშუალებით. მისი არჩევანი შეჩერდა იმ დროისათვის უცნობ, დამწყებ მსახიობ  ალენ დელონზე, როგორც თავად რომი ამბობდა, მხოლოდ მისი თვალების ფერის გამო.

© FL/ PaulaG_0512რომი შნაიდერმა ალენ დელონი ფილმ „კრისტინაში“ პარტნიორად მხოლოდ და მხოლოდ თვალების ფერის გამო აირჩია
რომი შნაიდერმა ალენ დელონი ფილმ „კრისტინაში“ პარტნიორად მხოლოდ და მხოლოდ თვალების ფერის გამო აირჩია - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერმა ალენ დელონი ფილმ „კრისტინაში“ პარტნიორად მხოლოდ და მხოლოდ თვალების ფერის გამო აირჩია

რომისა და ალენის პირველი შეხვედრა  1958 წელს, პარიზის აეროპორტში მოხდა, სადაც ფილმის პროდუსერმა ალენს  თეთრი ვარდების თაიგული შეაჩეჩა (გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ვარდების ფერი)  და ხელი ჰკრა ტრაპისკენ, რომელთანაც იდგა რომი დედასთან ერთად. მათ ერთმანეთს გაუღიმეს, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ერთმანეთის მიმართ უბრალო  სიმპათიის გრძნობაც კი არ გასჩენიათ. 

მწერალი ლევ ტოლსტოი - Sputnik საქართველო
ლევ ტოლსტოი: ღმერთი იქ არის, სადაც სიყვარულია...

მათ დაახლოებასა და ურთიერთობას, პირველ რიგში, ხელს უშლიდა  ენობრივი ბარიერი, თუმცა ესეც რომ არ ყოფილიყო, რაზე უნდა ესაუბრათ ყასაბი მამინაცვალის გაზრდილ, ვიეტნამგამოვლილ ალენ დელონსა და დახვეწილ რომი შნაიდერს. გადაღებების დროსაც მათ შორის სულ რაღაცა დაძაბულობა და უხერხულობა შეიმჩნეოდა. პროდიუსერი ალენს ადანაშაულებდა იმაში, რომ ის ზედმეტად და მისთვის უჩვეულოდ შებოჭილი იყო.  მე კი ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ მათ შორის რაღაც ნაპერწკალმა მაინც გაირბინა. სულ რამდენიმე დღეში კი რომი შნაიდერის მკაცრმა დედამ შვილს გამოუტანა საბოლოო განაჩენი: „შენ შეყვარებული ხარ!“

© FL/ Truus, Bob & Jan too!რომი შნაიდერი და ალენ დელონი ფილმში „კრისტინა“
რომი შნაიდერი და ალენ დელონი ფილმში „კრისტინა“ - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერი და ალენ დელონი ფილმში „კრისტინა“

1959 წლის 22 მარტს  რომი შნაიდერისა და ალენ დელონის ნიშნობა შედგა. ისინი გადავიდნენ პარიზის მესინის ავენიუზე განთავსებულ დიდ ბინაში, აწყობდნენ მდიდრულ მიღებებს, დაჯირითობდნენ ცხენებით და  სეირნებდნენ ნავებით. სულ მალე ალენ დელონი, რომელსაც მშვენიერი რეკლამა გაუკეთა რომანმა რომისთან, იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას თავად ჟერარ ფილიპის მემკვიდრეც კი უწოდეს. ყვითელმა პრესამ მათ წყვილს „მზეთუნახავი და ხულიგანი“ შეარქვა.  ალენ დელონს გაუჩნდა უამრავი თაყვანისმცემელი მანდილოსანი. ის ხშირად რამდენიმე დღით იკარგებოდა  და დაბრუნებისას რომისა და ალენს შორის სერიოზული ჩხუბი და ურთიერთობების გარკვევები იწყებოდა, რასაც კარგი ჯერ არავისთვის მოუტანია.

ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - 1937 წელი. - Sputnik საქართველო
ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე - „სიყვარულწაღებულნი“...

საზოგადოება კი ამ დროს ერთგვარ გაკვირვებას გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით, რომ რომი და ალენი ქორწილის თარიღს არ აცხადებდნენ. ჟურნალისტების შეკითხვებზე ორივეს ეღიმებოდა და ალენი დემონსტრაციულად აჩვენებდა პრესის წარმომადგენელს ნიშნობის ბეჭედს.

1961 წელს რომი და ალენი ერთად ისვენებდნენ მონტე —კარლოში, რის შემდეგაც გაემგზავრენ იტალიაში. ალენ დელონი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „დაბნელება“, ხოლო რომი ვისკონტის ფილმში „ბოკაჩო-70“ გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ ეს როლი გახდა გარდამტეხი რომი შნაიდერის შემოქმედებაში, რადგანაც ის სამუდამოდ დაემშვიდობა „თოვლის დედოფლის“ და „მძინარე მზეთუნახავის“ როლს და შეძლო პირველად ბოლომდე გამოევლინა თავისი ნამდვილი ემოციები და შინაგანი სამყაროს სიმდიდრე.

© FL/canburakრომი შნაიდერისა და ალენ დელონის წყვილს ყვითელმა პრესამ „მზეთუნახავი და ხულიგანი“ შეარქვა
რომი შნაიდერისა და ალენ დელონის წყვილს ყვითელმა პრესამ „მზეთუნახავი და ხულიგანი“ შეარქვა - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერისა და ალენ დელონის წყვილს ყვითელმა პრესამ „მზეთუნახავი და ხულიგანი“ შეარქვა

ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია, ხოლო რომი იმდენად შეიჭრა სექსუალური, ფუფუნების მოყვარული „კოკეტკის“ როლში, რომ პარიზული ბინა ანტიკვარიატით გაავსო, შეიძინა ბრილიანტები და თავისი მეგობრის, კოკო შანელის მეშვეობით, შეიცვალა არა მხოლოდ იმიჯი, არამედ ცხოვრების წესიც.

მოგვიანებით რომი იტყვის, რომ მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა სამმა ადამიანმა: ალენ დელონმა, ვისკონტიმ და კოკო შანელმა.

რომი და ალენი საკუთარი კარიერით იყვნენ დაკავებული და სულ უფრო დიდხანს ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. ისინი შორდებოდნენ ერთმანეთს, მერე რიგდებოდნენ, მერე ისევ ჩხუბობდნენ… ამასობაში გავიდა მათი თანაცხოვრების 5 წელი.

უიტნი ჰიუსტონი - Sputnik საქართველო
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი – ჩემი ქმარი იყო...

1963 წელს რომი გაემგზავრა ჰოლივუდში გადაღებებზე. სწორედ იქ გაზეთებიდან შეიტყო იმის შესახებ, რომ ალენს ჰყავდა საყვარელი ნატალი ბართელემი. უფრო მეტიც, გაზეთში გამოქვეყნებული იყო სურათი, რომელზეც ალენს მუხლებზე მომხიბვლელი ქერა მანდილოსანი ეჯდა.  რომიმ თავიდან ყურადღება არ მიაქცია ამ ინფორმაციას — ალბათ, ეს მისი თავისებური თავდაცვითი ინსტინქტი იყო, მაგრამ როდესაც ის პარიზში დაბრუნდა, ალენი მას აეროპორტში არ დახვედრია. სამაგიეროდ, სახლში მაგიდაზე დახვდა ლარნაკი შავი ვარდებით (თეთრი ხომ გახსოვთ) და წერილი, რომელშიც ალენი წერდა, რომ პროფესია მათ არ უტოვებდა ერთად ყოფნის შანსს. წერილი სრულდებოდა სიტყვებით: „მე გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ  შენს გულს“.

© FL/ Iberia Airlinesრომი შნაიდერი, 1965 წელი
რომი შნაიდერი, 1965 წელი - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერი, 1965 წელი

1964 წელს ალენ დელონმა რომის კიდევ ერთი წერილი მისწერა, რომელშიც დაემშვიდობა და აუწყა, რომ  მოჰყავს ცოლი. მალე მას და ნატალის გაუჩნდათ შვილი  ანტონი. რომი შნაიდერი კი ცოლად გაჰყვა 14 წლით უფროს კაცს, ბერლინის თეატრის დირექტორ გარი მეინენს. ცოტა ხანში რომისაც გაუჩნდა ვაჟი — დევიდ კრისტოფერი, რომელზეც მან გადაიტანა მთელი სიყვარული. ის იმდენად თვითკმაყოფილი და ბედნიერი იყო, რომ ორი წლის განმავლობაში უარს ამბობდა გადაღებებზე.

და სწორედ ამ დროს მის ბინაში გაისმა სატელეფონო ზარი პარიზიდან. ალენ დელონმა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მიეტოვებინა მეუღლემ და რაღაცა ულამაზო ფინანსურ ისტორიაშიც გაბმულიყო, რის გამოც დეპრესიაში იმყოფებოდა, მიიწვია რომი შნაიდერი ფილმ „აუზში“ მონაწილეობის მისაღებად. რომიმ კი უარი ვერ უთხრა.

მათ 6 წელი არ ენახათ ერთმანეთი. ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს, ამ ისტორიის გარეშეც იგრძნობდა რაღაცა სასოწარკვეთილ, ტრაგიკულ და აუხსნელ აურას, რაც მსახიობებს შორის არსებობდა… და მათ განაახლეს ურთიერთობები. მთელი ხუთი წლის განმავლობაში რომი ოჯახსა და ალენს შორის იყოფოდა და სწორედ ამ დროს მისმა კარიერამ წარმატების პიკს მიაღწია. ის გამოაცხადეს საფრანგეთის საუკეთესო მსახიობად, მიენიჭა სეზარის ორი პრემია. მეუღლემ კი ვერ აიტანა ეს მდგომარეობა და  სმა დაიწყო. 1975 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო  სამ წელიწადში გარიმ თავი ჩამოიხრჩო. რომიმ სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია ეს საკუთარ თავს.

ცოტა ხანში ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა მისი შვილი დევიდი. რომი  საშინელ დეპრესიაში  ჩავარდა. ამ უმძიმეს წუთებში ალენი მის გვერდით იყო და ყველანაირად ცდილობდა მის გამოყვანას მდგომარეობიდან. შესთავაზა, ერთად ეთამაშათ ახალ ფილმში, მაგრამ რომის მხოლოდ ალკოჰოლი და ანტიდეპრესანტები შველოდა.

1982 წელს გაზეთებში გამოქვეყნდა ნეკროლოგი, რომელიც იუწყებოდა, რომ რომი შნაიდერმა თავი მოიკლა. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ მას უბრალოდ, გულმა უმტყუნა…

რომის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები საკუთარ თავზე აიღო ალენ დელონმა, კაცმა, რომელიც რომის მთელი ცხოვრება უყვარდა და რომელმაც რომის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა:

„შენი გული გაჩერდა ჩემ გამო, რადგანაც 25 წლის წინ მე გავხდი შენი პარტნიორი ფილმში „კრისტინა“.

ალენ დელონმა დასაფლავების დღეს რომის კიდევ ერთხელ აჩუქა ვარდები — ამჯერად, წითელი…

წითელი ფერი კი, ყვავილების სიმბოლიკით,  სიყვარულის ახსნას ნიშნავს — დაგვიანებულს, მაგრამ მაინც. სიყვარული, ალბათ, დაგვიანებული არასდროს არის.

ალენ დელონს გულის ჯიბეში დღესაც რომი შნაიდერის  სურათი უდევს და მის შესახებ ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0