ვერავინ და ვერასდროს წამართმევს მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ჩემია

© rzhacha.comმონიკა ბელუჩი
მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ოჰ, რა ძნელია გუშინდელი ტანგოს შემდეგ დაუბრუნდე მკაცრ რეალობას… ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ის არის, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ტანგოზე ნაკლებად ვნებიანი, მიმზიდველი და საიდუმლო არაფრით არ არის.

ის მართლა ძალიან ლამაზი მანდილოსანია. იმდენად ლამაზი, რომ, წესით, დანარჩენ ქალბატონებში სერიოზულ ეჭვიანობის გრძნობას უნდა იწვევდეს, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან, ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, მასთან პაემანზე ოცნებობს ჩვენი პლანეტის „მამაკაცობრიობის“ საკმაოდ მაღალი პროცენტი.

თავად ის თვლის, რომ სილამაზე პრობლემას უქმნის ქალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სულელია, ხოლო თუ ლამაზი ქალი ამავე დროს ჭკვიანიცაა, მას ვერაფერი დაუდგება წინ.

მონიკა ბელუჩი
მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
მონიკა ბელუჩი

ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა თავის დროზე შეძლო მოეგო საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დონ-ჟუანის, პარიზის ბოჰემის მკვიდრის ვენსან კასელის გული, თანაც პირველივე ცდით და სულ რაღაც ერთ წამში.

ჰყვებიან, რომ ვინსენტმა ფილმ „ბინის“ გადაღების დროს შემთხვევით მას ფეხზე დააბიჯა. შემდეგ, როგორც ნამდვილმა ფრანგმა და გალანტურობით სახელგანთქმულმა კავალერმა, ხელზე აკოცა. ბოდიშის მოხდის დროს კი თვალებში ჩახედა და… იქ დარჩა!

რაღა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ იტალიელ მსახიობსა და ფოტომოდელს, შესანიშნავ მონიკა ბელუჩის, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1964 წლის 30 სექტემბერს და რომელიც, იმის გარდა, რომ თავის დროზე გზა-კვალი აუბნია ჯორჯ კლუნის, ჟერარ დეპარდიეს, კიანუ რივზსა და ბრიუს უილისს, ცნობილია იმითაც, რომ ორჯერ მონაწილეობდა მსოფლიოში სახელგანთქმული კალენდარის — Pirelli-ს ფოტოსესიაში, რაც ფოტომოდელისთვის იგივეა, რაც „ოსკარის“ მინიჭება (სხვათა შორის, კალენდრის შეძენა მხოლოდ აუქციონებზეა შესაძლებელი). ის მთელი 26 წლის  განმავლობაში შეუცვლელად რჩება Dolce&Gabbana-ს, 15 წლის განმავლობაში კი — საიუველირო კომპანია Cartier-ს ოფიციალურ სახედ.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი - Sputnik საქართველო
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი

მონიკა და ვინსენი ქორწილამდე 5 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქედან ბოლო სამი წლის განმავლობაში მონიკა იგერიებდა ვენსანის დაოჯახებისკენ სწრაფვას. შემდეგ კი, მას მერე, რაც კასელი ავტოკატასტროფაში მოხვდა და ძლივს გადარჩა, მონიკამ თქვა, მე შესაძლო ქვრივობა მირჩევნია რეალურ საყვარლობასო, და გათხოვდა. გახდა მშვენიერი მეუღლე, ორგზის დედა და, რა თქმა უნდა, დიასახლისი. ვენსანს და მონიკას აღიარებდნენ ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ლამაზ და სექსუალურ წყვილად. ერთი იყო მხოლოდ თვალშისაცემი — ორივე მათგანი დაქორწინების დღიდან აცხადებდა, რომ ურთიერთობებში ყველაზე მეტად დასაფასებელია თავისუფლება.

მონიკა ამბობდა, რომ გადაღებები და მათთან დაკავშირებული განშორებები ხელს არ უშლიდა მათ სიყვარულს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე მონატრებისას წახვიდე და შეიძინო ბილეთი, რომელიც საყვარელ ადამიანთან შეგახვედრებს. ვენსანი კი სულ იმეორებდა, რომ გიჟდება მონიკაზე და ბედნიერია იმის გამო, რომ ცხოვრობს ადამიანთან, რომელიც მის მსგავსად ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას…

მონიკა ბელუჩი
მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
მონიკა ბელუჩი

მონიკა თავის სილამაზეს მარჯვნივ და მარცხნივ აფრქვევდა. მონაწილეობდა დაუსრულებელ ფოტოსესიებში… 

აქ უნებურად გამახსენდა ლექსი („ღია წერილი მონიკა ბელუჩის“), რომელიც ხუმრობით მივუძღვენი მონიკას, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში Facebook-ი წალეკა მისმა ფოტოებმა:

„ქალბატონო მონიკა, გათხოვილი ბრძანდებით,

მეუღლე გყავთ ვენსანი, სხვათა შორის, კასელი…

თქვენს ფოტოს რომ უყურებს, გადაიწვა დარდებით

ჩემი 7 კურსელი და 19 კლასელი“…

ვენსანი კი იმ დროს, სანამ მონიკა თავისუფლების იდეებს ქადაგებდა, გადასაღებ მოედანზე ზედმეტად უახლოვდებოდა თავის პარტნიორ მანდილოსნებს. განსაკუთრებით გახმაურდა მისი ურთიერთობები ბრედ პიტის ყოფილ მეუღლე ჯენიფერ ენისტონთან.

მონიკა გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერს ითმენდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. 

2013 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ გამოაცხადა.

გამახსენდა მონიკას საოცარი სიტყვები: „ქალს შეუძლია უყვარდეს ისე, რომ გგონია, რომ ის არასდროს და არსად არ წავა, მაგრამ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ქალი წავა ისე, თითქოს არასდროს არ ჰყვარებია“…

მონიკას, ვენსანთან დაშორების შემდეგ, უამრავ სასიყვარულო რომანს მიაწერდნენ. ორჯერ რუსეთშიც კი „გაათხოვეს“, ჯერ ოლიგარქ ტელმან ისმაილოვზე, შემდეგ კი ასევე ოლიგარქ მიხეილ პროხოროვზე. 

სინამდვილეში კი ის ჯერჯერობით მარტოა, ისევე, როგორც ვენსან კასელი… ვინ იცის, იქნებ მათ ბოლოს და ბოლოს დაიოკონ თავისუფლებისკენ სწრაფვა…

მით უმეტეს, რომ განქორწინების დღეს მონიკამ ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: „სიყვრული ნებისმიერ დაშორებაზე ძლიერია… უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და მერე ისევ ქორწინდებიან… რა არ ხდება ამ ცხოვრებაში“.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და იმედიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0