ვისაც არ სწამს „ავატარის“, ცოდოა და ავად არის...

ჯეიმს ქემერონი
ჯეიმს ქემერონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

რაღაც ამ ბოლო დროს სამშაბათობით განსაკუთრებით მიმართლებს „აივნური“ თემების შერჩევისას. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩემს, ისედაც საკმაოდ დაუოკებელ ფანტაზიას საერთოდ ვერაფერი ვერ დააკავებს. თანაც ის ერთდროულად როგორც კოსმოსის, ასევე წყალქვეშა თვალუწვდენელ სივრცეებში იძირება… მაგრამ საბოლოოდ ერთ-ერთი უნდა შემერჩია, ორ ნაწილად ხომ ვერ გავიყოფოდი. ან მთლად ფსკერამდე უნდა ჩავყოლოდი ტრაგიკულ „ტიტანიკზე“ შერჩენილი კუს ბაკნისგან გაკეთებულ როზას სავარცხელს, ან უნდა გადამენაცვლა ალფა ცენტავრის პლანეტა პანდორაზე… ბოლოს ვიფიქრე, რომ „პრობლემები“ ჩაძირვისთვის განწირული „ტიტანიკის“ გარეშეც ბევრია, მით უმეტეს, რომ ამ თემაზე უკვე გვქონდა საუბარი და ამიტომაც… 

ნურავის გაგიკვირდებათ, თუ დღეს საკმაოდ გამაღლებული (დაახლოებით ერთნახევარჯერ) და მოლურჯო ფერის მოგეჩვენებით… ნუ, ნაწნავი რომ მექნება, ამას ჩემი წარსულიდან ბევრი შეჩვეულია. თუმცა, ასეთი ცოცხალი და „ავტონომიური“ ნაწნავი, რომელიც კონტაქტში დამოუკიდებლად შედის, განსაკუთრებით ადესის ვაზთან, და სულ სასიყვარულოდ ეხლართება, აქამდე ჯერ არ მქონია. რაც შეეხება გრძელ კუდს, მართალი გითხრათ, მეც ცოტა მეხამუშება მისი ტარება, მაგრამ დღეს სხვა გზა არ მაქვს, რადგან მე ვასრულებ პანდორაზე მცხოვრები ხალხის — ნა-ვის ომატიკაიას თემის ერთ-ერთი მანდილოსნის როლს. არჩევანი კი გავაკეთე, მაგრამ… აივანზე ჩემი ანდრიას პატარა გასაბერ აუზს მაინც გამოვიტან და გავავსებ, რადგან ჩვენი სტუმრის წყლის სტიქიისადმი დიდი პატივისცემის გამო მთლად ასე „მშრალად“ და უწყლოდ მაინც ვერ გადავრჩებით.

უკვე მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ კინოს ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და  წარმატებულ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, მხატვარს, NASA-ს მარსზე დაგეგმილი გაფრენის საკონსულტაციო საბჭოს წევრს, ბატისკაფ Challenger-ით მარიანის ღრმულში ჩასულ მსოფლიოში მესამე კაცს ჯეიმს ფრენსის ქემერონს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1954 წლის 16 აგვისტოს.

მისმა 8 საუკეთესო ფილმმა 5,5 მილიარდი აშშ დოლარი მოაგროვა. ორი მათგანი კი („ტიტანიკი“ და „ავატარი“) ითვლება ყველაზე მომგებიან ფილმებად მთელი კინემატოგრაფიის ისტორიაში. თანაც, ქემერონის „ტიტანიკს“, 12 წლის უკონკურენციო ლიდერობის შემდეგ, გაუსწრო მისივე „ავატარმა“ – 1 მილიარდი დოლარით.

"ოსკართცვენა"
 ოსკართცვენა - Sputnik საქართველო
"ოსკართცვენა"

სწორედ ქემერონმა შექმნა ტერმინატორის სახე და იყო მასზე გადაღებული პირველი ორი ფილმის ავტორი („ტერმინატორი“ და „ტერმინატორი-2“), რომლებშიც მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებდა. ამ ფილმმა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზეც კი იმოქმედა — შვარცენეგერის კალიფორნიის გუბერნატორად არჩევის დროს (ყოველ შემთხვევაში, პირველი ვადით მაინც) მთავარი როლი მისმა პოპულარობამ ითამაშა, რომელიც მას სერიოზულად აუმაღლა ქემერონის ფილმებში მონაწილეობამ.

ბავშვობიდან ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც დიდი ფულის შოვნის შემდეგ არ წყნარდებიან და არ იწყებენ „ხალტურის“ კეთებას. მათ ამოძრავებთ რაღაც იდეა, რომელიც მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით კი არ ქრება, პირიქით, ღვივდება, რადგან ამ ადამიანებს ფული იმისთვის სჭირდებათ, რომ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიონ. ასეთი ადამაიანები ბედნიერი არიან იმით, რომ თავიდანვე შეგნებულად ან ქვეცნობიერად იციან, რისკენ მიდიან.

ქემერონიც ასე იყო. მისმა ბავშვობამ გაიარა კანადის ქალაქ ჩიპლავაში, ნიაგარის ჩანჩქერის მახლობლად. მამამისი ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო, დედა კი მხატვარი, რომელმაც ჯეიმსს ხატვა ასწავლა. სხვათა შორის,  „ტიტანიკში“ ჯეკის მიერ დახატული ესკიზები, მათ შორის, როზას ცნობილი პორტრეტი სინამდვილეში ქემერონის დახატულია და ხატვის პროცესშიც კადრში მისი ხელები ჩანს. თუმცა, ქემერონი ცაცია გახლავთ და ფილმშიც ე.წ. „სარკული ეფექტის“ გამოყენება გახდა საჭირო.

ჯეიმსს ბავშვობიდანვე ჰქონდა ფანტაზია განვითარებული. ის სკოლაში საოცარ მოთხრობებს წერდა, დაინტერესებული იყო ტექნიკით. დამოუკიდებლად ააშენა ნატურალური ზომის „კატაპულტა“ და შექმნა წყალქვეშა აპარატი, რომელიც მდინარის ფსკერზე ჩაუშვა და დინების მიმართულებით ცოცხალი თაგვი ამოგზაურა. 15 წლის ქემერონმა პირველად ნახა სტენლი კუბრიკის ფილმი „2001 წლის კოსმოსური ოდისეა“ და კინოს გადაღების სერიოზული სურვილი გაუჩნდა. მაგრამ მაშინ კანადის პატარა პროვინციის მაცხოვრებელს ეს აუსრულებელ ოცნებად მოეჩვენა და ამიტომაც ჩააბარა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგ-ოკეანოლოგის სპეციალობაზე. მაგრამ 1977 წელს ქემერონმა შემთხვევით ნახა „ვარსკვლავური ომის“ პირველი ეპიზოდი და, როგორც ის იგონებს, მიხვდა, რომ ეს იყო ის ჟანრი, რომლისთვისაც იყო გაჩენილი და რომ ის გააკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რათა ასეთი კინო გადაეღო…

პირველად სარეჟისორო სკამი ქემერონმა 1981 წელს მოირგო, როდესაც ის ფილმ „პირანიების“ გადაღებაზე მიიწვიეს. ფილმის იტალიელმა პროდიუსერმა ასონიტისმა მასზე არჩევანი მხოლოდ მისი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შეაჩერა, რადგან, მისი აზრით, იოლად გააკონტროლებდა ჯეიმსს და თავის ჭკუაზეც ატარებდა.

მიუხედავად ასონიტისის გეგმებისა, ფილმის გადაღებისას მათ ერთმანეთში ისეთი კონფლიქტი მოუვიდათ, რომ ქემერონი ფილმის მონტაჟზე აღარ დაუშვეს, მაგრამ მან გასაღები მოიპარა და ფილმი ჩუმად დაამონტაჟა თავისი გემოვნების მიხედვით. როგორც თავად რეჟისორი ჰყვება, ეს იყო მის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი, რომლის დროს მას კოშმარები ესიზმრებოდა… ერთ-ერთ ასეთ სიზმარში მის მოსაკლავად მომავლიდან რობოტიც კი მოდიოდა. სწორედ ეს რობოტი გახდა შემდგომში ქემერონის ტერმინატორი და მის ცხოვრებაში უკვე მეორე „კატაპულტა“, რომელმაც ამჯერად ის ჰოლივუდის ვარსკვლავების ორბიტაზე გადაისროლა.

სწორედ ფილმი „ტერმინატორით“ დაიწყო ჯეიმს ქემერონის ტრიუმფალური სვლა ახალი და ახალი წარმატებებისკენ.

იცით, რა მომწონს განსაკუთრებით ქემერონში? აი, ხომ იწვის, ხომ ვერ ისვენებს, მაგრამ არასდროს არ ჩქარობს. ყველაფერს სანამ ბოლომდე არ შეისწავლის და არ მიიყვანს იდეალურ ხარისხამდე, გადაღებას არ იწყებს.

მაგალითად, სანამ „ტიტანიკზე“ მუშაობას შეუდგებოდა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სწავლობდა გემის ნარჩენებს, რომელთა ახლოს სანახავად რამდენჯერმე პირადად ჩავიდა სპეციალური ბატისკაფით… როდესაც ფილმის ბიუჯეტი არნახულ თანხას – 200 მილიონ დოლარს მიუახლოვდა, არავის არ ეგონა, რომ ფილმი ამ ფულის ამოღებას შეძლებდა. ქემერონმა პრინციპულად ისიც კი მოითხოვა, რომ სცენარის მიხედვით დასამტვრევად განწირული თითოეული თეფშიც კი სწორედ ისეთი ყოფილიყო, როგორიც ნამდვილ „ტიტანიკზე“ იყო. იცოდა, რასაც ითხოვდა, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია… „ტიტანიკი“ გახდა არა მხოლოდ ყველაზე მომგებიანი ფილმი და უკან ჩამოიტოვა „ვარსკვლავური ომი“, რასაც არავინ მოელოდა, ამასთან ერთად 11 „ოსკარიც“ მიიღო. დაჯილდოების დროს ქემერონმა, რომლისთვისაც ეს, სავარაუდოდ, მართლაც ყველაზე ვარსკვლავური საათი იყო, შესძახა ცნობილი ფრაზა „ტიტანიკიდან“ – I'm the king of the world!

უნდა ითქვას, რომ „ტიტანიკმა“ ქემერონის პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა, რადგან სწორედ მის გადასაღებ მოედნაზე გაიცნო მან თავისი მეხუთე ცოლი — სიუზი ემისი (თამაშობს დაბერებული როზას შვილიშვილის ეპიზოდურ როლს), რომელმაც ჯერ ქალიშვილი კლერი, შემდეგ კი ტყუპები ელიზაბეტ და ქუინი ქემერონები გაუჩინა.

არ მინდა ვინმემ ორიგინალობა დამაბრალოს, მაგრამ „ტიტანიკის“ „ოსკარების“ სიჭარბის მიუხედავად ჩემთვის  ქემერონის „ავატარი“ მაინც სულ სხვაა. ამ ფილმმა ჩემ გულში მართლაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა… 

უბრალოდ, როდესაც ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს იყო ის პლანეტა, რომელზე წასვლასაც სულ ვოცნებობდი, რომელიც მესიზმრებოდა, რომლის არსებობას მუდმივად გვრძნობდი და დღესაც ვგრძნობ, უბრალოდ, არ ვიცოდი ზუსტად სად იყო და რა ერქვა. ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი და დავწყნარდი… 

წარმომიდგენია, ამ წუთში რამდენი თანამოაზრე გავიჩინე.

გულში პანდორელებო, კიდევ ერთხელ გაგიმარჯოთ! მართალია, ჯერ ლურჯკანიანთა ენა არ ვიცით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის მართლა არსებობს… 2005 წლიდან ქემერონი ამ ენას ქმნიდა და ამიტომაც პერსონაჟები რაღაც უაზრო ფრაზებს კი არ ისვრიან, ისინი საუბრობენ. ამაშია მთელი ქემერონი!.. კაცი, რომელიც გაუგებარი მექანიზმებით ახერხებს ფანტაზიის და რეალობის ერთმანეთთან ისე დაახლოებას, რომ ახლა უცებ ჩვენ აივანზე სულის ხის ბაბუაწვერების მსგავსი ნაყოფები რომ ჩამოცვივდეს ან ტორუკი რომ ჩამოფრინდეს (ხომ გახსოვთ, ნარინჯისფერი დიდი ფრინველი), შეიძლება არც არავის გაუკვირდეს… 

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ცოტა ჯადოსნურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0