დასტინ ჰოფმანი: ამ ცხოვრებაში ცოტა რამ მჭირდება - მზე და ქოქოსის რძე...

დასტინ ჰოფმანი
დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს უნდა მომიტევოთ, მაგრამ შაბათ-კვირის დამღლელი სიცხეების და ჩახუთულობის შემდეგ დაგხვდებით სადად – ტილოს ფართხუნა შარვალში და მაისურში, გაპრანჭვის თავი არა მაქვს… ისე კი, ალბათ, ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ მანდილოსნებმა ძალიან წარმატებით და ნიჭიერად ავართვით მამაკაცებს ჩაცმულობის ბევრი ელემენტი, რომლებსაც საკმაოდ მოხდენილად ვატარებთ – შარვლები, ჩექმები, ჟილეტები, პიჯაკები, ქუდები და სხვა, რომლებშიც საკმაოდ ელეგანტურად, სერიოზულად და სექსუალურადაც გამოვიყურებით. რადგან, ბოლომდე გულწრფელები რომ ვიყოთ, მამაკაცურ რაღაცებს ვიცვამთ არა იმისთვის, რომ მამაკაცებს დავემსგავსოთ, არამედ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ქალურობას. ერთ რამეს დააკვირდით, ყველა ცნობილ ფილმში სიყვარულზე პირველი ღამის შემდეგ რას იცვამს მანდილოსანი? პენიუარს? მოქარგულ ღამის პერანგს? არა და არა! ის იცვამს მამაკაცის პერანგს…

ხოლო მამაკაცები, როცა ჩვენი ჩაცმულობიდან რაღაცას ითხოვენ, ეს, როგორც წესი, ხდება ან კონსპირაციის დროს, ან კიდევ ხუმრობით და, შესაბამისად, სერიოზულ რეაქციას არ იწვევს, თუ არ ჩავთვლით არატრადიციულ ორიენტაციას ან იაპონურ თეატრ „კაბუკის“ და ძველი საუკუნეების ინგლისურ თეატრს, რომელშიც ქალების როლებსაც მამაკაცები ასახიერებდნენ…

დღეს მინდა შეგახსენოთ მამაკაცები, რომლებმაც ქალის როლს ძალიან კარგად გაართვეს თავი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავასახელებდი ჯეკ ლემონსა და ტონი კერტისს ფილმიდან „ჯენტლმენები ქერათმიანებს ირჩევენ“, რომლებიც პარტნიორობას უწევენ მშვენიერ მერლინ მონროს. ასევე ალექსანდრ კალიაგინს, რომელიც ფილმში „გამარჯობათ, მე თქვენი დეიდა ვარ“ თამაშობს მომხიბვლელი ბრაზილიელი დეიდა როზა დ’ალვადორეზის როლს. ოლეგ ტაბაკოვს მისს ენდრიუს როლში. აქვე გამახსენდა ყველა დროის საუკეთესო „ბაბა იაგაც“ გიორგი მილერის შესრულებით…

მაგრამ მხოლოდ ერთი მამაკაცი მსახიობი მახსენდება, ვინც ქალის როლი სერიოზულად და ყველაზე საოცრად შეასრულა. ეს გახლავთ ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი, ჩემი აზრით, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი დასტინ ჰოფმანი, რომელიც სწორედ ამ დღეს, 1937 წლის 8 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა.

მე ნანახი მაქვს მისი თითქმის ყველა ფილმი და მასზე საუბარი სპეციალურად დავიწყე სწორედ ერთი შეხედვით კომედიური, დოროთის როლით კინოფილმიდან „ტუტსი“. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ოსკარის“ ორგანიზატორები სერიოზულად კამათობდნენ იმაზე, ის ნომინაციაზე წარედგინათ ქალის თუ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს როლი, თავად ჰოფმანის თქმით, მისი უსაყვარლესი როლია და ის არასდროს უყურებდა „ტუტსის“ როგორც კომედიას. ჰო და, რადგან სერიოზული დასტინი ამას ამბობს, ესე იგი ეს როლი მართლაც სერიოზულია…

 

ძალიან მიჭირს გამოვყო ჰოფმანის რომელიმე როლი, რადგან ამით დანარჩენს გამოვტოვებ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, რომელშიც მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო და შექმნა შესანიშნავი დუეტი მერილ სტრიპთან ერთად, მართლაც შეუდარებელია. თანაც, აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ კომიტეტი, რომელიც ჰოფმანმა მანამდე „სილამაზის კონკურსს“ შეადარა, იმდენად ნაწყენი იყო მსახიობზე, რომ მას ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ იმის გამო მიანიჭეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოსკარი“ ავტორიტეტსა და პრესტიჟს დაკარგავდა… სხვათა შორის, მერილ სტრიპმა, რომელიც ცნობილია თავისი ტოლერანტობით, ფილმის შემდეგ განაცხადა, რომ „ჰოფმანთან თამაში ერთდროულად არის დიდი ბედნიერებაც და ნამდვილი კოშმარიც“, რადგან ის თავის თავში იტევს საშინლად მოსაბეზრებელ ბიუროკრატს და საოცარი იუმორის მქონე ნათელ კაცს… 

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ მერილის აზრი არ არის. მსახიობებს და რეჟისორებს ძალიან უჭირთ დასტინთან თანამშრომლობა. ის ზედმეტად მომთხოვნი და დისციპლინირებულია და, ამავე დროს, დაუსრულებელი იმპროვიზაციების ავტორი. მიუხედავად ამისა, ყველა მის წინადადებას რეჟისორები ბოლოს და ბოლოს ეთანხმებიან ხოლმე. ხოლო მსახიობი, ვინც ჰოფმანთან ერთად თამაშზე უარს იტყოდა, ჯერ არ დაბადებულა.

არ შეიძლება ცალკე არ ვახსენოთ ჰოფმანის შეუდარებელი დუეტი ტომ კრუზთან ფილმში „წვიმის კაცი“ (ამ როლისთვისაც დასტინმა თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო), სადაც ის აუტიზმით დაავადებულ ადამიანს თამაშობს. ბევრმა არ იცის, რომ თავისი პერსონაჟის ხასიათის ჩასაწვდომად ჰოფმანი რამდენიმე თვის განმავლობაში სანიტრად მუშაობდა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც  კი არ აკვირდებოდა პაციენტებს, მეგობრობდა მათთან, უვლიდა მათ და ბევრთან დღესაც აქვს საოცრად თბილი და ახლო ურთიერთობა. დასტინი თვლის, რომ ისინი მართლაც განსაკუთრებული და მზიანი ადამიანები არიან…

ჰოფმანიც განსაკუთრებულია… არასდროს არ მალავს, რომ ბავშვობაში „ჯუჯას“ ეძახდნენ და მსახიობობაზე მხოლოდ იმის გამო ოცნებობდა, რომ ქალებს მისთვისაც მიექციათ ყურადღება. არც იმას მალავს, რომ მიაღწია კიდეც თავისას, თანაც გადამეტებით. მას ახლა მეორე მეუღლე ჰყავს, რომელთანაც დღემდე შეხმატკბილებულად ცხოვრობს. ჰყავს 6 შვილი, ყველას გვერდში უდგას და ეხმარება. მან ზედმეტი რეკლამისა და ხმაურის გარეშე შეძლო გამარჯვება საშინელ დიაგნოზზე, რომელიც მას დაუსვეს… დღეს წვერი აქვს მოშვებული, რომელიც, მე მგონი, ძალიანაც უხდება და აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას, რომლის მწვერვალებზე ასვლაში, ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, მას არც განსაკუთრებული შესახედაობა და არც პროტექცია არ გამოუყენებია, ის ყოველთვის შრომობდა. 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, როგორც ამ აივნის მთავარმა პროდიუსერმა და ჰოფმანის, შეიძლება ითქვას, ფანმა, გთხოვოთ – ვისაც ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახოთ ის ფილმში „გმირი“, რომელიც, რატომღაც, არც თუ ისე პოპულარულია ჩვენთან. გარწმუნებთ, მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას. ჰოფმანი, ისევე, როგორც ყოველთვის, გაგაოცებთ და თანაც დუეტში ფანტასტიკურ ენდი გარსიასთან…

მინდა დავასრულო დასტინ ჰოფმანის სიტყვებით — „ერთადერთი, რისი გაგებაც არაფრით არ შემიძლია, არის მოწყენილობა. რა უფლება გაქვს მოიწყინო, როდესაც ცხოვრების ყოველი დღე ამდენი შთაბეჭდილებით და სიურპრიზით არის სავსე?!“

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიურპრიზებით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0