გავთავისუფლდეთ!.. ანუ შემოდგომის ვარსკვლავთცვენა...

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიპარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი რეალობა. პოლიტიკური "პენსია" და ტაიმ-აუტი.... შედეგი თუ შედეგის შედეგი? რა ხდება ქართულ პოლიტიკურ რინგზე... ვინ რას გაურბის და სად გარბის... ვინ იქნება შემდეგი?

ოქტომბერი მიილია და გასრულდა საარჩევნო ბატალიებიც. ერთხანს კიდევ გასტანს ვნებათა ღელვა, თუმცა პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა, დროებით მაინც, თანდათან დაიწევს.

ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ პოლიტიკურ მარათონს წერტილი დაუსვა მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევნების მეორე ტურმა.

მკითხველი,  სავარაუდოდ, წლის მთავარი „გამიშვი-გამატარეს“ და „იწილო-ბიწილოს“ შეფასებას ელის, რაც ლოგიკური იქნებოდა, რომ არა, ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ რინგზე მოვლენების მოულოდნელი და მძაფრსიუჟეტიანი სცენარით განვითარება.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

საპარლამენტო არჩევნების შედეგი ასე თუ ისე პროგნოზირებადი იყო და, პოლიტიკოსების მსგავსად, ყველაზე ფრთხილი ექსპერტებიც არ ერიდებოდნენ საკუთარი გათვლების გასაჯაროებას.

იმას, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა. ანალიტიკოსთაგან არავის უთქვამს და მიუნიშნებია, რომ არჩევნების შემდეგ საშემოდგომოდ ფოთოლცვენას პოლიტიკური „ვარსკვლავთცვენა“ დაასწრებდა. ახლა არ ჩამოვთვლი, ვინ გავიდა პოლიტიკურ „პენსიაზე“ და ვინ აიღო პოლიტიკური ტაიმ-აუტი. არც იმის შეხსენებას ვაპირებ ვინ რომელი პარტიიდან სად წავიდა. ფაქტია, რომ მიგრაციის დიდი პროცესი დაიწყო და როგორც პოლიტოლოგების ნაწილი ვარაუდობს, დასრულდა ერთი ეტაპი და იწყება რაღაც ახალი, რომლის კონტურებიც მალე გამოიკვეთება. პოლიტიკურ ფანტაზიას ჩვენში არა აქვს საზღვარი. მიუხედავად ამისა, არავის დაუშვია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტს მიღმა დარჩენილი ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე პირველი კანონმდებლის სავარძელზე ადრე მშობლიური პარტიის რიგებს დატოვებდა…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: თავისუფლება მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

გავთავისუფლდეთო, — ასე მოგვიწოდებდა, ცოტამ შეისმინა და შემდეგ თავად გათავისუფლდა პარტიული კუთვნილებისგან. როგორც ბრძანა, მან მიიღო „ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება…“ თავად ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისგან დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა, თუმცა, ირიბად მიანიშნა პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე.

დავით უსუფაშვილი: „პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს შემდგომი საქმიანობის თაობაზე თავიანთი პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები აქვთ, რომლებსაც არ ვიზიარებ და რომელთა რეალიზებასაც ხელს არ შევუშლი. ამ ხედვებს არ ვიზიარებ, რადგან ამ გზით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე პარტიის გავლენა კიდევ უფრო შესუსტდება. ქართულ პოლიტიკაში პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს პატივს ვცემ და „რესპუბლიკური პარტიის“ მომავლის განსაზღვრაში მათი ხედვების პრიმატს ვაღიარებ…“

ოცდახუთი წელი საერთო ღირებულებები აკავშირებდათ, როგორც თავად აღნიშნა, „ფეხი ამ პარტიაში აიდგა“ და პოლიტიკოსად დავით ბერძენიშვილმა აქცია. ბუნებრივია, საინტერესოა, ახლა რა მოხდა ისეთი, რამაც მეგობრები, პოლიტპარტნიორები ერთმანეთს დააცილა. თავად დავით უსუფაშვილს არც პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე უსაუბრია და საჯაროდ არაფერი თქმულა, თუმცა პოლიტიკურ კულუარებსა და ანალიტიკოსთა შორის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულიდან არის საუბარი, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ აზრთა სხვადასხვაობაა ბიძინა ივანიშვილთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ჭარბი უმრავლესობის ხიბლი და რისკი...

ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ასევე თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე უფრო რადიკალური და მკვეთრი პოლიტიკის მომხრენი არიან, მაშინ, როცა დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი უპირატესობას შედარებით დიპლომატიურ „სვლებს“ ანიჭებენ.  მოსაზრებას პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის პირველი კომენტარიც ამყარებს.
ხათუნა სამნიძე: „წინასაარჩევნო კამპანიამ და საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა იყო მცდარი გზა. პარტიაში ახალი ძალები უნდა გავაძლიეროთ და ჩვენ იდეოლოგიასა და ღირებულებებზე მკვეთრად ორიენტირებული უნდა ვიყოთ. სწორედ ეს საკითხი იყო, რის გამოც დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და პარტია დატოვა…“ 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მზადება ფერხულისთვის - ვინ რჩება და ვინ მიდის?..

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „პარტიის დატოვების თაობაზე ბევრი ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკიჟინებდა“…  დავით უსუფაშვილს „ბევრთაგან“ არავინ დაუსახელებია. ამ რამდენიმე თვის წინათ, ხალხში მოარული ხმები გამახსენდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების სანაცვლოდ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში სპიკერის სავარძელი შესთავაზა. რას არ გაიგონებ ჩვენში?! 

რა იქნება ხვალ? დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. უკვე ცნობილია ასპარეზობის ფლანგიც, რაც შეეხება ახალ თანაგუნდელებს, მათ შორის, უსათუოდ, იქნება თინა ხიდაშელი. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გვამცნო, როცა ბრძანა — „ქალბატონი თინა ჩემს დატოვებას არ აპიორებს…“ სხვა პარტნიორების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ხმაურიანი განქორწინება და გაყრილების შანსები...

დავით უსუფაშვილი: „ვაცხადებ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ვაგრძელებ და ამ საქმიანობის კონკრეტულ ფორმასა და კონტურებზე დიალოგი ბევრ ადამიანთან მექნება. მზად ვარ, დიალოგი ყველასთან მქონდეს, ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია, ვისაც საქართველო თავისუფალ ქვეყნად წარმოუდგენია, ვისაც ლიბერალური დემოკრატია იმ ფუნდამენტად წარმოუდგენია, რომელზეც ისეთი სახელმწიფო უნდა დაშენდეს, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს…“

ჩვენში უმრავლესობას ქვეყნის მომავალი სწორედ ამგვარად წარმოუდგენია და,  სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილს პოლიტიკური პარტნიორების მოძიება არ გაუჭირდება. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მისი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, ახალი ძალის ფორმირება დროის მცირე მონაკვეთშიც მოხერხდება. იქნებიან თუ არა მისი თანამოაზრენი ბოლო დროს სხვა ე.წ პროდასავლური პოლიტიკური პარტიებიდან წასული ფიგურები, ძნელი სათქმელია. საეჭვოა, მათ შორის ყოფილი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ვიხილოთ, რადგან მათ ღიად განაცხადეს, რომ ოპოზიციაში ყოფნას აღარ აპირებენ. თავად პარლამენტის თავმჯდომარე ყველასთან საუბრის მზაობას აცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ დიალოგის შემდეგ შეჯერდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ერთფეროვანთა სიჭრელე და ტოტალური დაბნეულობა...

დავით უსუფაშვილი: „დიალოგი მექნება ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით — მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის… 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე, ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ,  რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში მრავალპარტიულობის აუცილებლობა ექნება და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა…“
აი ასე, კიდევ ერთ პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა, თუმცა გაირკვა, რომ ერთი არა… „რესპუბლიკური პარტია“ პაატა ზაქარეიშვილსაც დაუტოვებია და დროებით პოლიტიკაზე აღარ ფიქრობს.

ვინ იქნება შემდეგი? დაველოდოთ.

ამასობაში, აქტუალურია კითხვა — პოლიტიკური სტაბილურობისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია  — არჩევნების შედეგი პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციით თუ შედეგის შედეგი პოლიტიკურ ველზე საშემოდგომო ვარსკვლავთცვენით? შესაძლოა, არცერთი ან ორივე ერთად!

ყველა ახალი ამბავი
0