თბილისი, 8 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და არჩევანს ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ გააკეთებენ.
შაბათს, საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით შეხვდა. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საკუთარი არჩევანი გააკეთოს თავისი ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი თავისუფლება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დიდ პასუხისმგებლობას გამოავლენს და მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი შვილებისა და ქვეყნის მომავლისთვის. მე არჩევანი გავაკეთე და ვიქნები ამ არჩევანზე პასუხისმგებელი“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საბურთალოს რაიონში №54-ე უბანზე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, სადაც მეუღლესთან, თინათინ ხიდაშელთან და შვილებთან ერთად მივიდა.
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიიდან“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები არიან.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების პატრალელურად, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება. გარდა ამისა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების — ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად და თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოების დეპუტატების ასარჩევად.