ქვეყანამ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ჩააბარა!.. მაშინ, როცა საარჩევნო პროცესი ჩვენში განსხვავებულად ფასედება, ქვეყნის ფარგლებს გარედან გზავნილები მხოლოდ პოზიტიურია.
ამჯერად არჩევნებს ორმოცდათხუთმეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან ათასოთხასზე მეტი წარმომადგენელი აკვირდებოდა… უკვე ერთი კვირა გავიდა და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნებმა ზოგადად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა… ის გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. მათივე შეფასებით, ეს არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები ძირითადად იყო დაცული… ამონარიდებით ერთობლივი განცხადებიდან მკითხველს თავს არ შევაწყენ და ვიტყვი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერების მიერ საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში…
ზოგადად გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი შეფასებები ჩვენი პოლიტიკური ველისთვის თანაბრად მისაღები არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ის, რომ „გზავნილებს უცხოეთიდან“ არ იმჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნისას თავადაც ითვალისწინებდა საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა.
სავარაუდოდ, მეორე ტურებიც მეტ–ნაკლებად მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესის დესტრუქციული მიზნით გამოყენების მოსურნეები დამარცხდნენ, არადა ასეთები ქვეყნის შიგნით და გარეთ მრავლად იყვნენ და არიან. წარუმატებლობისთვის განწირულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ შეძლეს სოციალური სიდუხჭირის ფონზე უკმაყოფილების ტალღის აგორება და ვითარების დესტაბილიზაცია, თუმცა საფიქრალს რა გამოლევს და ახლა, სწორედ მეორე ტურის წინ საზოგადოებაში დიდი მითქმა–მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურების შემდეგ, შესაძლოა, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.
მავანი მიიჩნევს, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის საზიანო, უკან გადადგმული ნაბიჯია. გაისმის სხვადასხვა შინაარსის შეფასებები და მოწოდებებიც კი… „ჩვენ უნდა ვუთხრათ უარი და არ დავუშვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა!..“ მაშ, ასე საკონსტიტუციო უმრავესობის ხიბლი და რისკი…
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „მოქალაქეებს ავიწყდებათ, რომ პარლამენტის შემადგენლობას, მასში პარტიების წარმომადგენლობასა და ხასიათს მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი, განსაზღვრავს. მიუხედავად დამარცხებული ძალების ხმაურისა, არჩევნები შეიძლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად მივიჩნიოთ. მას ასე აფასებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, მათი საელჩოები, საერთაშორისო დამკვირვებლები და ავტორიტეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენც, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ვიცით, რომ ამომრჩეველზე ზეგავლენის დაუშვებელი ზომით და ფორმების გამოყენება დასაშვებზე მეტი არ ყოფილა და მას, ისე როგორც ინციდენტებს მარნეულსა და ხურჩაში არჩევნების შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია და ხალხის ნება ადეკვატურად გამოიხატა საბოლოო შედეგებში…. მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უფლება არ ჰქონდა, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, მონაწილეობა მიეღო საარჩევნო კამპანიაში, თავის აქტიური ჩარევით ერთი მხრივ, შეძლო თავისი მხარდამჭერების მობილიზება, მაგრამ იმავდროულად მერყევი ელექტორატი, რომელსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა, მაქსიმალურად დარაზმა მმართველი პარტიის,,ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. საყოველთაო შეშფოთების საგნად იქცა,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვა.
მედიამ, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ ძალის მარგინალიზაციაში, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან წამყვანი მედიასაშუალებები ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიც ძირითადად პრონაციონალური იყო, ლამის საფრთხობელად ქცეულმა ამ ძალამ გამოცდას გაუძლო და ქართული და უცხოური მედიის მიერ პროდასავლურად და ულტრანაციონალისტურად სახელდებულმა ამ ძალამ მოახერხა პარლამენტში შესვლა.თავად,,პატრიოტთა ალიანსი“ თავის პრორუსულობასა და ულტრანაციონალისტურობას ცალსახად ემიჯნება, თუმცა მათი ბევრი შეხედულება და პოლიტიკური სლოგანი ხშირად მართლაც იძლევა ამგვარი კრიტიკის საფუძველს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება,,ქართული ოცნების“ მიერ რეალურია. ამას ლიბერალური მიმართულების პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანოდ მიიჩნევენ. თუმცა ხალხის ნდობის ასეთი მაღალი მანდატი იმან განაპირობა, რომ ამომრჩეველი გაიზარდა, მას აღარ სჯერა პოპულისტების, ფსევდოპროდასავლური და პრორუსული რიტორიკის, ხალხი თავის პოლიტიკოსებზე მეტად პრაგმატულია და თავისთავად ბიძინა ივანიშვილმა ცხადყო, რომ არამარტო წარმატებული ბიზნესმენი და მასშტაბური მეცენატია, არამედ ის არის საკმაოდ გამჭრიახი პოლიტიკოსი, მასის ფსიქიკის მცოდნე და იმავდროულად მას ისევ აქვს,,ჭარბი ნდობა“… ახლა, მთავარია ის რეალურად დისტანცირდეს თავის მიერვე დაფუძნებული,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსგან“ და ხელისუფლებისგან, რაც დარწმუნებული ვარ, მას უნდა კიდეც. ასეც მოხდება, თუ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით იტვირთებს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის და მთავრობის მეთაურის ფუნქციას…“
საზოგადოების, ექსპერტ-ანალიტიკოსების ე რთი ნაწილი,,თავისუფალი დემოკრატებისა“ და,,რესპუბლიკელების“ პარლამენტს მიღმა აღმოჩენას, ამ არჩევნების ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად და პროდასავლური ფრთის დასუსტებად მიიჩნევს. არის მოსაზრება, რომ ამ ფონზე მოსალოდნელია საგარეო პოლიტიკური ვექტორის რყევები…
ვაჟა ბერიძე: „ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ორივე მთავარი სუბიექტი და იმავდროულად შეურიგებელი მოწინაღმდეგე,,,ქართული ოცნება“ და,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იოტისოდენა ეჭვის გაჩენის საბაბსაც არ იძლევიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მტკიცე სვლის თვალსაზრისით. ეს კი არადა,,პატრიოტთა ალიანსიც“ კი რომელსაც მისი ოპონენტები პრორუსულობას მიაწერენ, ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, არც ნატოში გაწევრიანებას გამორიცხავს, თუმცა ამის რეალური პერსპექტივის არ სჯერა. ასე რომ, არჩევნებში პროდასავლურმა ფრთამ გაიმარჯვა, იმ დათქმით, რომ,,ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და რუსეთთან დიალოგს არათუ შესაძლებლად, არამედ აუცილებლობადაც მიიჩნევს, თუმცა ორი რეგიონის ოკუპირების პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს. ამომრჩეველმა არ მიიღო „უბლოკო სტატუსი“ წარმატებას ვერც ძველი აბრევიატურის (კომპარტია და ასე შემდეგ) და ვერც იაფფასიანი პოპულიზმით გაჯერებული პროგრამების მქონე პარტიებმა ვერ მიაღწიეს. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად და ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც სუსტები არიან. პოლიტიკურ სივრცეში ქარიზმატული ლიდერები დომინირებდნენ და ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდნენ პოლიტიკურ და ფინანსურ კაპიტალსაც. სხვა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება აქვთ, ამ ფონზე ერთობ უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ, რაც შედეგებში აისახა კიდეც. დიახ, ისინი ფინანსურ რესურსს მოისაკლისებდნენ, მაგრამ მთავარი ის აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ მიმზიდველი პლატფორმები, მიმზიდველი „მესიჯები“ და რაც ყველაზე მთავარია არ ჰყავდათ პოლიტიკაში ჩახედული ლიდერები და მრჩევლები…“
წინ მეორე ტურია… მალე გაირკვევა შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და კითხვა ხალხის ჭარბი მანდატი ხიბლია თუ რისკი მაშინ კიდევ უფრო შეიძენს აქტუალობას…